როგორ გავუმკლავდეთ ზაფხულის სიცხეს და როდის უნდა გავიდეთ აუზზე - სპეციალისტების რეკომენდაციები - კვირის პალიტრა

როგორ გავუმკლავდეთ ზაფხულის სიცხეს და როდის უნდა გავიდეთ აუზზე - სპეციალისტების რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

"ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ არ იყვნენ თაკარა მზეზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება, გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს, კერძოდ, არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების გამწვავების რისკი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ.

"მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არგადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, მზის გულზე მზეზე გასვლამ, შესაძლოა, მზის დარტყმა გამოიწვიოს.

"რაც შეეხება აუზზე გასვლას, ძალიან კარგია აუზი და გაგრილება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მზის გულზე, ვინაიდან შეიძლება მზის დარტყმა გამოვიწვიოთ. უმჯობესია, რომ მოხდეს დილით ადრე, 10:00 საათზე და საღამოს, 18:00 საათის შემდეგ", - განაცხადა ლელა სტურუამ.

ამასთან, ლელა სტურუა მოსახლეობას ტანსაცმელთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევს.

"მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდებულია ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, ბუნებრივი ქსოვილისგან. აუცილებელია, დავიფაროთ თავი, თვალები, ვინაიდან მზის სხივები მნიშვნელოვნად აზიანებს თვალებსაც", - აღნიშნა სტურუამ.