"ნეგატივს განსაკუთრებულად ჩემი თაობის წარმომადგენლებში ვიწვევ, მაგრამ ზოგი უფროსი ასაკის ქალიც უარყოფითადაა განწყობილი" - კვირის პალიტრა

"ნეგატივს განსაკუთრებულად ჩემი თაობის წარმომადგენლებში ვიწვევ, მაგრამ ზოგი უფროსი ასაკის ქალიც უარყოფითადაა განწყობილი"

"შეცდომების დაშვების რომ შემეშინდეს, საერთოდ ვერ ვიცხოვრებ"

22 წლის ასაკში ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში ბევრი გარდამტეხი და კარგი ეპიზოდი იყო. ახალგაზრდა მომღერალმა სწორედ ამიტომ დაარქვა პირველ მუსიკალურ ალბომს "22". ნუცა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა საზოგადოებამ გაიცნო. გამოგვიტყდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ცხოვრებისგან ბევრი გაკვეთილი მიიღო და ბევრი რამ ისწავლა...

- დაგვისახელე შენი ხასიათის თვისება, რომლითაც ამაყობ...

- შრომისმოყვარეობა და საქმის სიყვარული. ყურების ჩამოყრა არ მიყვარს.

- ფიქრობ, ამის დამსახურებაა, რომ 22 წლის ასაკში წარმატებული და პოპულარული ხარ? - კი, მაგრამ პოპულარობა ძალიან მარტივია. პროექტებში მონაწილეობის გამო, საზოგადოებამ ბავშვობიდან გამიცნო - პოპულარული წარმატებამ გამხადა. ყველაზე მეტად ეს მიხარია.

- შენს პირველ კლიპზე - "გელოდები" მუშაობისას შემოქმედებით ჯგუფს ენდე თუ კორექტირება შეიტანე თუნდაც, სიმღეროს ტექსტში, სამოსის შერჩევაში?.. - თვალდახუჭული არ მივნდობივარ, რადგან კორექტირება ყველაფერში შემაქვს. ყოველთვის განვიხილავთ, მე როგორ წარმომიდგენია და ამის მიხედვით ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, აზრს ყველას ვეკითხები - ვის რა შეხედულება, გეგმები ჰქონდა, ვის როგორ უნდოდა, მაგრამ მთავარი ღერძი მაინც ჩემგან მოდის ხოლმე...

- პირველი ნამუშევრით, გამოხმაურებით კმაყოფილი ხარ? - პირველის კვალობაზე კლიპს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ჩემთვის ეს მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო... სიმღერა უკვე ჰიტი გახდა, "ნახვებიც" საკმაოდ მოემატა. მიხარია, რომ ჩემი პირველი სიმღერა ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. ელოდნენ, რომ მხიარული და გიჟური იქნებოდა, მაგრამ ცოტათი სევდიანია. მინდოდა, პირველი სიმღერა ქართული ყოფილიყო. ახლა უკვე უფლება მაქვს, რაც მომწონს და თავადაც ვწერ, იმ სიმღერაზე გადავიღო კლიპი.

- შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვისი შეფასება იყო?

- დედაჩემის. ის ყოველთვის ობიექტურად მაფასებს. ჩემ მიმართ სუბიექტურად განწყობილი არასოდეს არის. ძალიან კარგად მიცნობს, ამიტომ ყველაზე უკეთ მაფასებს - შეუძლია, ნამუშევარს ყველაზე ნეგატიურადაც შეხედოს.

- მზრუნველი შვილი ხარ? - კი, რადგან დედისერთა ვარ და ბავშვობიდან "თავში ჩადებული" მქონდა, რომ დედისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. დედისერთები გამიგებენ, რასაც ვგულისხმობ - ჩვენ მშობლებს სხვაგვარად "მიწებებულები" ვართ, სხვაგვარი მოტივაცია გვაქვს, რომ მათთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ახლა რა შესაძლებლობებიც მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ, რომ დედაჩემი კარგად იყოს, არაფერი მოაკლდეს. მოგზაურობა, თავის მეგობრებთან ერთად გართობა თავადაც ძალიან უყვარს. ამიტომ ყველაფერს ვუსრულებ, რაც უნდა.

- შენი პირველი კლიპი მოეწონა? რამდენიმე კომენტარში წერდნენ - ნუცასგან მეტს ველოდითო... - დედას ძალიან მოეწონა, მაგრამ არა მხოლოდ სხვები, მეც მეტს ველოდები. სულ მინდა, ჩემი ნამუშევარი უფრო და უფრო უკეთესი იყოს, მაგრამ რაღაცნაირად, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერს დრო და ენერგია სჭირდება, რომ კარგად გააკეთო. კარგია, რომ დავიწყე და გავაკეთე... ასეთ კომენტარს რომ წერენ, ეგეც ძალიან მიხარია - ე.ი. კარგი სახელი მაქვს, ხალხი ჩემგან უფრო მეტს ელოდება. უფრო მეტიც იქნება, რა თქმა უნდა - ეს ხომ პირველი და უკანასკნელი არ არის? იმედია, საქართველოში ეს ყველაფერი გამოვა, რადგან აქ ძალიან რთულია: საქართველოში მომღერლები ყოველ წელს ალბომებს არ უშვებენ, არც კლიპს იღებს ყოველი მეორე... ამიტომ ვინც ამას აკეთებს, ვფიქრობ, ხალხმა ნამდვილად უნდა დააფასოს, რადგან ეს მარტივი არ არის.

- გასაგებია, რომ პირველი კლიპი გინდოდა, ქართული ყოფილიყო, მაგრამ სევდიანი - რატომ? - სევდიანი იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიმღერა პირველი სიყვარულის შესახებაა. მინდოდა, ყველას ეგრძნო, ყველას გულთან მისულიყო. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მსურდა, ბალადა, ცოტათი სევდიანი, პატარა გოგოს სიმღერა ყოფილიყო და არა - ქალის, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ჩემი ასაკის შესაფერისი სიმღერა და ტექსტი დავაწერინე და კლიპიც ასეთი გადავიღე.

- სიმღერას კონკრეტული ადრესატი ჰყავს? - კი, რა თქმა უნდა და კლიპიც სიყვარულზეა, რადგან ეს გრძნობა ადამიანს დიდ მოტივაციას გაძლევს. საერთოდ, ყველაფრის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.

- სიყვარულმა შეგცვალა? - მხოლოდ მე კი არა, სიყვარული ყველა ადამიანს თითქოს აფხიზლებს, გამაჯანსაღებლად მოქმედებს, სხვაგვარი ენერგიით მუხტავს. ისედაც სულ კარგ, პოზიტიურ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ შეყვარებულს თვალები სხვაგვარად გიბრწყინავს და ორმაგად მოტივირებული ხარ. ამიტომ ვფიქრობ, სიყვარული წამალივით არის - ყველას სჭირდება. მთავარია, სხვა გრძნობაში არ აგერიოს, რომელსაც რეალურად, "სიყვარული" არ ჰქვია.

- შენთვის გრძნობებში გარკვევა რთული იყო? გაგრძელება