"დედამ შვილს მოაგნო, შვიდი კაცი მოიყვანა და თავშესაფრის კედლებზე თავის ცემა დაიწყო. მისმა მხლებლებმა გარეთ გამოვარდნილი ბავშვი გაიტაცეს" - კვირის პალიტრა

"დედამ შვილს მოაგნო, შვიდი კაცი მოიყვანა და თავშესაფრის კედლებზე თავის ცემა დაიწყო. მისმა მხლებლებმა გარეთ გამოვარდნილი ბავშვი გაიტაცეს"

"ბავშვი მიყვებოდა, როგორ დაწვა გახურებული კოვზით მშობელმა იმისთვის, რომ შინ ბევრი ფული ვერ მიიტანა. ბავშვების დასჯის სხვა მეთოდებიც არსებობს"

დედაქალაქში არც ისე ცოტაა ადგილი, სადაც ეს ბავშვები ღამეს ათევენ. მაგალითად, რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ უამრავი ათენებს ჭუჭყიან და ნაგვით სავსე ყუთებში, რაც იქ მომუშავე ღამის დაწესებულებებს ხელს სულაც არ უშლის

ე.წ. ქუჩის ბავშვების ისტორიაში არაერთი თავზარდამცემი ფაქტია. პრობლემა ჯადოსნური გველეშაპივით არის, რომელსაც მოკვეთილი თავის ადგილზე ახალ-ახალი ამოსდის! დღეს ქვეყანაში ქუჩის ბავშვების იდენტიფიცირებაზე რამდენიმე სოციალური ჯგუფი მუშაობს, რომელთაც ამ ბავშვების ნდობის მოსაპოვებლად და დასახმარებლად უმძიმესი ეტაპების გავლა უხდებათ. სოფო ბედოშვილი სოციალური მუშაკია, რომელიც ქუჩის ბავშვებთან მუშაობს:

- დედაქალაქში არც ისე ცოტაა ობიექტი, სადაც ეს ბავშვები ღამეს ათევენ. მაგალითად, რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ უამრავი ათენებს ჭუჭყიან და ნაგვით სავსე ყუთებში, რაც იქ მომუშავე ღამის დაწესებულებებს ხელს სულაც არ უშლის. ასეთ ადგილებში ღამით სიარული არცთუ უხიფათოა, ამიტომ მათთან შესახვედრად მობილური ჯგუფით დავდივართ ხოლმე. ასეთი უამრავი ბავშვი ცხოვრობს ე.წ. აფრიკის დასახლებაშიც, სადაც მათ ოჯახებს ბარაკები აქვთ აგებული. ამ ბავშვებთან დალაპარაკება იოლი არ არის, მათი ნდობის მოპოვებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, უფრო მძიმე კი მათ მშობლებთან საუბარია. მათ არ უნდათ ჩვენთან ურთიერთობა, მით უფრო - შეთავაზება, რომ მათ შვილს სიცოცხლისთვის უსაფრთხო ადგილზე წავიყვანთ. არ უნდათ, რადგან ეს ბავშვები ოჯახებისთვის ბევრ ფულს შოულობენ.

- ერთხანს ქუჩის ბავშვებს შორის აზერბაიჯანელები, ქურთები და ბოშები ჭარბობდნენ. ახლა როგორ არის? - აზერბაიჯანელებთან და ბოშებთან ერთად ბევრი ქართველი ბავშვია. მაგალითად, ორთაჭალაში ქართველი ქალი მათხოვრობდა, რომელსაც ბავშვი ზამთარ-ზაფხულ ასფალტზე ეწვინა. ვცადეთ დედასთან გასაუბრება, მაგრამ ჩვენი გაკარებაც არ მოისურვა. ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების იყო და ცივ ასფალტზე წოლით სიკვდილი ელოდა. იძულებული გავხდი, პოლიცია გამომეძახებინა და ბავშვის წამოსაყვანად იმ ეზოში მივსულიყავი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. დედამ პოლიციელი რომ დაინახა, წივილ-კივილით მივარდა და ცემა დაუწყო. კიდევ კარგი, სახლს უკანა გასასვლელი აღმოაჩნდა, საიდანაც ბავშვთან შევედი და ვკითხე, არ გინდა, ჩემთან წამოხვიდე-მეთქი? იმდენჯერ ვყავდი ნანახი, მიცნო და სიამოვნებით გამომყვა.

- დედამ ბავშვის თავშესაფრიდან გატაცება არ სცადა? ასე ხომ ხშირად ხდება... - დიდხანს არ იცოდა, სად იყო მისი შვილი. მერე მიხვდა, რომ მის გატაცებას ვერ შეძლებდა და ფაქტს შეეგუა. თავშესაფრიდან ბავშვებს მართლაც იტაცებენ. საქმე ის არის, რომ ბავშვებს თავშესაფარში თავისუფლად სიარულს არ ვუკრძალავთ. როდესაც მშობლების ხმა ესმით, გამოცვივდებიან ხოლმე და სწორედ ამ დროს მიჰყავთ მშობლებს. სამწუხაროდ, ამ ბავშვებს თავიანთი ოჯახების გარდა არასოდეს არაფერი უნახავთ და ეს გარემო ნორმალური ჰგონიათ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ 8 წლის ბავშვი შევამჩნიე ქუჩაში, რომელსაც თებერვალში ღამის პიჟამა და შიშველ ფეხებზე რეზინის კედები ეცვა. ამ დროს დედები ყოველთვის იქვე არიან ხოლმე და მეც რამდენჯერმე მივმართე დედამისს, წესიერად მოექეცი ბავშვს, თორემ უფლება მაქვს, თავშესაფარში გადავიყვანო-მეთქი. ერთხელაც გამოვიძახე პოლიცია და გაყინულ-აცახცახებული ბავშვი თავშესაფარში წავიყვანე. დედამისი გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევდა. როგორც კი ბავშვი გონს მოვიდა, სადილად გავიყვანეთ, მაგრამ ვერ მიხვდა, ან კოვზი რა იყო, ან - მაგიდა. კოვზს სათამაშოსავით ათვალიერებდა, მაგიდიდან კი საჭმელს ყრიდა და მერე იატაკიდან ჭამდა. ერთი თვის შემდეგ დედამ შვილს მოაგნო, შვიდი კაცი მოიყვანა და თავშესაფრის კედლებზე თავის ცემა დაიწყო. სანამ მას ამშვიდებდნენ, მისმა მხლებლებმა ხმაურზე გარეთ გამოვარდნილი ბავშვი გაიტაცეს. სამი დღის შემდეგ ეს ბავშვი იმავე ადგილზე ვნახე სამოწყალოდ გამოსული. ისევ პოლიციის ძალით წამოვიყვანეთ ისეთ თავშესაფარში, რომელიც დედამ არ იცის, სად არის. ახლა ბავშვს მასთან ტელეფონით ლაპარაკიც აღარ უნდა. როცა მომვლელები ეუბნებიან, დაელაპარაკეო, გარბის. რვა წლის ბავშვი უკვე მიხვდა, რა არის უკეთესი.

14 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში ვიპოვეთ - ფაქტობრივად, მოძრაობის უნარი ჰქონდა დაკარგული და გაბმით ახველებდა. ტუბერკულოზი აღმოაჩნდა, მაგრამ პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც კლინიკაში ვერ ვაწვენდით. ბავშვმა გვითხრა, დედაჩემი მეტროებთან ვაჭრობსო. როცა ვიპოვეთ, წამოსვლა არ უნდოდა. იმიზეზებდა, პირადობა არ მაქვსო.

- ეს ადამიანები მცირეწლოვანი შვილების ჯანმრთელობას არაფრად აგდებენ... "იუნისეფი" ამის მიზეზად საქართველოში ქუჩის ბავშვთა დაცვის გაუმართავ ქსელს ასახელებს, თუმცა უფრო გასაოცარი ის არის, რომ ეს ბავშვები ოჯახის წევრების ძალადობას უსიტყვოდ იტანენ.

- მე მისაუბრია ბავშვთან, რომელიც მიყვებოდა, როგორ დაწვა გახურებული კოვზით მშობელმა იმისთვის, რომ შინ ბევრი ფული ვერ მიიტანა. ბავშვების დასჯის სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, ჩვენ გვყავს ბენეფიციარი ქართველი გოგონა, რომელიც 9 წლისა მშობლებმა ბავშვთა სახლში დატოვეს და აღარსოდეს უნახავთ. ბავშვი ისეთი ტრავმირებული იყო, რომ როდესაც მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს, ოჯახიდან გაიქცა და 15 წლამდე ქუჩაში იცხოვრა. შემდეგ ჩვენ წამოვიყვანეთ თავშესაფარში, საიდანაც პერიოდულად ისევ იკარგება ხოლმე.