ბრიგადა # 0911 - კვირის პალიტრა

ბრიგადა # 0911

ახირებული "ქრონიკები" და დაზარალებული პაციენტები

უკვე მეორე თვეა, ყოველ მეოთხე დღეს სასწრაფო დახმარების #0911 ბრიგადასთან ერთად 24-საათიანი რეჟიმით ვმორიგეობ და თბილისის ერთ-ერთი უბნისა და ექიმების ყოფაცხოვრებას ვეცნობი.

როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე, შევხვდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ ირაკლი ბერეკაშვილს, რომელმაც მითხრა, სიამოვნებით დაგთანხმდებით თქვენს წინადადებაზე, იმუშავეთ ჩვენს ბრიგადასთან ერთად, დასამალი არაფერი გვაქვს, პირიქით, გაგვიხარდება კიდეც, ჩვენი ექიმების მუშაობას ობიექტურად რომ აღწერთო.

რატომ აგვიანებს "სასწრაფო"

ექიმის ფორმა მაცვია და მათგან ვერაფრით გამომარჩევთ, მაგრამ პაციენტთან მისული შორიახლო ვდგები, ექიმებს ხელი რომ არ შევუშალო და მოვლენებს თვალს ვადევნებ. ხშირად გამიგონია საყვედური, რომ "სასწრაფო" აგვიანებს, სოციალურ ქსელებშიც დაუწერიათ ამის შესახებ და მეც გავბრაზებულვარ - როგორ შეიძლება, ადამიანს ექიმი სჭირდებოდეს და ის აგვიანებდეს? მMაგრამ როცა მათ ფერხულში ჩავები, მივხვდი, რომ ეს "სასწრაფოს" ბრალი თითქმის არ არის.

ექიმების მუშაობის რეჟიმი ასეთია: დილით მიდიან ფილიალში. მისამართის გადაცემისას სირბილით ჩადიან მანქანასთან და ნახევარ წუთში მანქანა ფილიალის ეზოდან გადის. როდესაც ბრიგადა მძიმე პაციენტთან მიდის, მძღოლი წესების დარღვევით - საპირისპირო გზაზე მოძრაობს, უხვევს იქ, სადაც მოხვევა არ შეიძლება, უგულებელყოფს შუქნიშნებს, რომ დროულად მივიდეს ადგილზე. აქვე, ჩვენი მოქალაქეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მანქანები მეტწილად გზას უთმობენ, ან ცდილობენ, გაატარონ. მოკლედ (იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე ცხოვრობს პაციენტი), 5-6 წუთში მივდივართ ავადმყოფთან. ჯერ არ მინახავს, მანქანიდან გადმოსული ექიმები ნელი ნაბიჯით შესულიყვნენ სადარბაზოში. ხშირად კარი ღია გვხვდება, რადგან გველოდებიან.

საქმე განაწილებული აქვთ. პაციენტს ყურადღებით უსმენენ, დიაგნოზს სვამენ და ზომებს იღებენ - იქვე უტარებენ საჭირო მანიპულაციებს ან კლინიკაში გადაჰყავთ. თუ კლინიკაში არ მივდივართ, მანქანაში დაბრუნებული მაიკო ექიმი "ტორპედოზე" დამაგრებული პლანშეტის მეშვეობით 112-ს გადასცემს, რომ ბრიგადა გათავისუფლდა და წამებში ეკრანზე ახალი მისამართი ჩნდება... მძღოლი ახალი მისამართისკენ იღებს გეზს. ახალ პაციენტთან მისვლამდე, ამ რამდენიმე წუთში, ვცდილობ მაია ექიმთან დალაპარაკებას, რადგან უამრავი კითხვა მიგროვდება და მინდა, პასუხები მივიღო, თუმცა ვერ ვასწრებ, რადგან უკვე კიბეზე ავრბივართ...

ასე გრძელდება მანამ, სანამ ბრიგადა ექვს პაციენტს დაეხმარება. ამის შემდეგ ეძლევათ უფლება, ფილიალში შევიდნენ და 20 წუთი დაისვენონ, ისადილონ, ყავა დალიონ... საკუთარი თვალით ვხედავ, არა მხოლოდ 0911 ბრიგადა, არამედ ყველა ექიმი ზეზეულად რომ ჭამს და ისევ გარბის...

ხშირად ადამიანი შველას ითხოვს, თავისუფალი ბრიგადა კი არ არის. თუ დრო არ ითმენს და ბევრი გამოძახებაა, მაია ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომ შესვენების გარეშე გააგრძელონ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ყველა ექიმი ასე იქცევა...

აი, ამ რეჟიმით მუშაობენ "სასწრაფოს" ექიმები. თუმცა, არ ვაპირებ მტკიცებას, რომ "სასწრაფო" არ აგვიანებს. შესაძლოა, პაციენტთან მართლაც დაგვიანებით მივიდნენ, მაგრამ არა იმის გამო, რომ მხართეძოზე არიან წამოწოლილი და ისვენებენ. მათ დაგვიანებას სხვა მიზეზები აქვს და ახლავე მოგახსენებთ, რაც, ოღონდ რეალური მაგალითებით და არა - სიტყვებით. მენდეთ, არ ვცდილობ ვინმეს გამართლებას, მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახს მოგიყვებით...

"დალევა მინდა და მარტო ხომ არ დავლევ?"(!)

გადმოგვცეს მისამართი და პაციენტის მდგომარეობა: 40 წლის მამაკაცი სუნთქვის უკმარისობასა და გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა.

მისულებს პაციენტი ეზოში დაგვხვდა. გამიკვირდა, რომ ექიმებმა იცნეს და ბირჟაზე მდგარს დაუძახეს - მოვედითო. ღიმილით მიესალმნენ ერთმანეთს და ლიფტით ჩვენთან ერთად ამოვიდა შინ.

ექიმები გულთბილად მოიკითხა.

- რა გაწუხებს? - ჰკითხა მაია ექიმმა.

- არაფერი, რა უნდა მაწუხებდეს, დალევა მინდა და მარტო ხომ არ დავლევ?

საწოლზე წამოწვა და იქვე, სკამზე დადგმული ბოთლიდან არაყი ჩამოისხა.

- აბა, თქვენ გაგიმარჯოთ, - გვითხრა და გადაკრა.

პაციენტს წნევა და პულსი მაინც გაუზომეს და ვინაიდან ჩივილები არ ჰქონდა, წამოვედით.

აღმოჩნდა, რომ ეს ე.წ. ქრონიკი პაციენტია ("ქრონიკებად" იმ პაციენტებს მოიხსენიებენ, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ და თითქმის ყოველდღე იძახებენ "სასწრაფოს", ან ვინც ხშირად და, ფაქტობრივად, ტყუილუბრალოდ აცდენს ბრიგადას).

- კი, მაგრამ ასეთი პაციენტების გამო ხომ სხვები ზარალდებიან? - აღშფოთება ვერ დავმალე. - უფლება არ გვაქვს, რომ არ მივიდეთ. ხომ შეიძლება, ერთხელ მართლაც დასჭირდეს დახმარება და რომ არ მივიდეთ, დაზარალდება...

როგორც შევიტყვე, ამ პაციენტთან ერთ დღეში 22-ჯერ მისულან სხვადასხვა ბრიგადის ექიმები. ეს 22 გამოძახება ამდენივე სხვა გაცდენილი მისამართია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთი გამოძახება სახელმწიფოს 40-45 ლარი უჯდება და დღეში 22 გამოძახება დიდი ხარჯია, რომელიც სახელმწიფომ იმისთვის უნდა გასწიოს, რომ ვიღაცას მარტო დალევა არ უნდა! ერთხელ ასეთი კურიოზიც მომხდარა: როდესაც პლანშეტზე მისი მისამართი გადმოუციათ, ჩივილებში ეწერა: "პაციენტი ითხოვს მინერალურ წყალს, თანხას გადაიხდის ადგილზე". ერთხელ კი "სასწრაფო" იმისთვის გამოუძახია, რომ ტელეფონში ინტერნეტს ვერ რთავდა და დახმარება სჭირდებოდა.

ვეკითხები მკითხველს: როცა პაციენტს მიაჩნია, რომ "სასწრაფო" უფასო კურიერია და თანაც მას არა აქვს უფლება, გამოძახების ადგილზე არ მივიდეს, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი? ვინ არის პასუხისმგებელი, ასეთი პაციენტის გამო სხვა რომ ზარალდება?!

იმ დღეს მხოლოდ ჩვენი ბრიგადა ორჯერ ვიყავით ამ პაციენტთან და ერთხელაც სხვა "ქრონიკთან", 84 წლის ქალბატონთან, რომელმაც "სასწრაფო" იმისთვის გამოიძახა, რომ შვილთან იჩხუბა, ის კი შინიდან გავიდა და მოხუცს, შეეშინდა, აღარ დაბრუნდებაო.

ექიმებმა წნევა და პულსი გაუზომეს. ყველაფერი ნორმაში ჰქონდა, მაგრამ რადგან ძალიან შფოთავდა, დამამშვიდებელი დაალევინეს.

Bბოლოს, როგორც იქნა, "დავეხსენით" ქალბატონს. აღარ შფოთავდა, სადარბაზოს კარიდან ღიმილით გვიქნევდა ხელს და მადლობას გვიხდიდა.

ასეთ პაციენტებს ყველა ექიმი სახელითა და გვარით ცნობს. მძღოლს მისამართის თქმაც კი არ სჭირდება. სახელიც საკმარისია, რომ საჭირო მიმართულებით წავიდეს.

"განსაკუთრებული დამოკიდებულება"...

არსებობს დაგვიანების გამომწვევი სხვა მიზეზებიც, რომლებსაც გზადაგზა გაგაცნობთ, ახლა კი გიამბობთ, რატომ დასჭირდათ "სასწრაფოს" გამოძახება საბავშვო ბაღში. მისამართთან ერთად ოპერატორმა გადმოგვცა, რომ ბავშვს კრუნჩხვა ჰქონდა.

მაია ექიმი განსაკუთრებით განიცდის, როცა პაციენტი ბავშვია. სანამ მივალთ, ნერვიულობს, შემდეგ პაციენტს ეფერება. თუ ბავშვი ტირის, მის ალერსიან ხმას როგორც კი გაიგონებს, ჩუმდება.

ელვის სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას თამაზი, მაგრამ მაიას მაინც ეჩვენებოდა, რომ ნელა მივდიოდით. ექიმების მღელვარება მეც გადმომედო. თითქოს გზა უზომოდ დაგრძელდა. როგორც იქნა, მივედით. ბაღის შესასვლელში დირექტორი დაგვხვდა, ოთახში კი - შიშით დამუნჯებული მასწავლებლები, რომელთაგან ერთ-ერთი მაია ექიმის ნაცნობი აღმოჩნდა, თუმცა, ერთმანეთის მოკითხვის დრო არ ჰქონდათ და ექიმები მაშინვე საქმეს შეუდგნენ. გიორგიც და მაიაც ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ. არ ვიცი იმ მანიპულაციების სახელები, რაც მათ ჩაატარეს და ალბათ, ეს არც არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ გოგონა უცებ მოიყვანეს გონზე.

როცა ბავშვს ფერი დაუბრუნდა და ლაპარაკი დაიწყო, ყველამ ამოვისუნთქეთ.

მაია ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ მშობლებს უნდა დავლოდებოდით. გოგონას მამა უკვე შვილისკენ მოიჩქაროდა, დედაც სამსახურიდან გამოქცეულიყო და ხუთიოდე წუთში ორივე მოვიდა...

ოთახის კუთხეში მანეჟი იდგა, სადაც ბავშვი იწვა. მაია ექიმის ნაცნობმა მასწავლებელმა მითხრა, რომ მას ცერებრული დამბლა აქვს, მძიმე ფორმა, მაგრამ მშობლებმა იმდენი მოახერხეს, რომ ახლა უკვე ჯდება - ამ ბავშვის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და მაია ექიმმა იცის ამის მიზეზიო...

ბავშვი და დედა მანქანაში ჩავსხით და კლინიკისკენ გავეშურეთ. გზაში მაიას ვთხოვე, აეხსნა, რას ნიშნავდა "განსაკუთრებული დამოკიდებულება" და რისი მოყოლა შეეძლო...

შემდეგ ნომერში მოგიყვებით ფსიქიკური პრობლემების მქონე 20 წლის გოგონას სუიციდის მცდელობის შესახებ და ძალიან საინტერესო ამბებს მაია ექიმის წარსულიდან, როცა ის უდედმამო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობდა.

მარი ჯაფარიძე

(გაგრძელება იქნება)