"ჩვენამდე ერთი კვირით ადრე ამ ოკეანეში გემი ჩაიძირა" - ვინ არის ქართველი კაპიტანი, რომელმაც ბერმუდის სამკუთხედში რამდენჯერმე გაიარა - კვირის პალიტრა

"ჩვენამდე ერთი კვირით ადრე ამ ოკეანეში გემი ჩაიძირა" - ვინ არის ქართველი კაპიტანი, რომელმაც ბერმუდის სამკუთხედში რამდენჯერმე გაიარა

მალხაზ ხორგუანი მესტიის ულამაზეს სოფელ ბეჩოში დაიბადა, მაგრამ გულმა, რატომღაც, ზღვისკენ გაუწია, მთელი თავისი სიყმაწვილე და ახალგაზრდობა მეზღვაურის ურთულეს პროფესიას მიუძღვნა და დღეს უკვე შორეული ნაოსნობის კაპიტანია.

- კაპიტნობამდე რთული გზა გავიარე... 2001 წლიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნის სტატუსი მომანიჭეს. პირველად ჰოლანდიურ კომპანიაში ვიმუშავე, მერე - ინგლისელებთან, იტალიურ და გერმანულ კომპანიებშიც მიმუშავია. ამჟამად ამერიკელებთან ვთანამშრომლობ. კადრების შერჩევისას მკაცრ ტესტირებას ატარებენ, თუ კაპიტანს წარსულში ავარია მოუხდა, ან სერიოზული შეცდომა აქვს დაშვებული, უარს ეუბნებიან. დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ თვისებებსაც: გემის კაპიტნობა რთული და სპეციფიკური პროფესიაა, ზღვაში, ოკეანეში ნებისმიერ წამს მობილიზებული უნდა იყო და სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა შეგეძლოს. თუ ეკიპაჟის წევრები ხედავენ, რომ კაპიტანი შეშინდა ან პანიკაშია, თავადაც შეცდომებს დაუშვებენ და ყველაფერი სავალალოდ დამთავრდება.

- ამ წლების განმავლობაში სახიფათო სიტუაციები თუ გქონიათ? - ოკეანეში ხიფათი ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. ყველაზე სახიფათო სიტუაცია 2007 და 2008 წლებში შემხვდა - ორივეჯერ დაღუპვის პირას ვიყავით. ეს ჩრდილო ატლანტიკაში მოხდა, რომელიც ცნობილია ქარიშხლებით, ციკლონებით და სახიფათო კლიმატით. ჩვენი გემი ხეტყით იყო დატვირთული, ძალიან დაზიანდა და იძულებული გავხდით ტვირთი ზღვაში გადაგვეყარა. როგორც იქნა, შევედით ესპანეთში... საბედნიეროდ, ადამიანები არ დაზიანებულან, გემი კი დაზღვეული იყო და გაარემონტეს. 2008 წელსაც, დაახლოებით ასეთი სიტუაცია განმეორდა, ისევ ჩრდილო ატლანტიკაში, რომელსაც მეზღვაურებმა ყველაზე დაუნდობელი ოკეანე დაარქვეს. ჩვენამდე ერთი კვირით ადრე ამ ოკეანეში გემი ჩაიძირა, საბედნიეროდ, მისი ეკიპაჟი გადაარჩინეს.

- რა შეგრძნებაა, როცა შტორმია და ეკიპაჟის სიცოცხლეზე ხართ პასუხისმგებელი?

- ასეთ დროს შიშის გრძნობა ქრება და რჩება სურვილი, შენც გადარჩე და ეკიპაჟიც გადაარჩინო. იცი, რომ ერთი არასწორი გადაწყვეტილება, ან ერთი წუთით დაგვიანებული ნაბიჯი გემსაც დაღუპავს და ეკიპაჟსაც, ამიტომ უფრო მობილიზებული ხდები... უკვე ვთქვი, რომ კაპიტნის დაბნევა არ შეიძლება, ეკიპაჟმა თუ შეამჩნია, რომ კაპიტანი შეშინებული და დაბნეულია, ეს გემს დაღუპავს. ერთ-ერთი საავარიო სიტუაციის დროს, მთელ ეკიპაჟს მაშველი ჟილეტები ეცვა, მე კი - არ ჩავიცვი - მეზღვაურებს უნდა დაენახათ, რომ მე მშვიდად ვიყავი. ასეთ დროს ფსიქოლოგიურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- ბევრ ტყუილ-მართალს ჰყვებიან ბერმუდის სამკუთხედზე. ეს საშიში ადგილია? - ბერმუდის სამკუთხედში სულ ცოტა, ათჯერ მაინც გამივლია. იქ ასამდე გემია დაღუპული და დაკარგული. იყო შემთხვევა, როცა ეკიპაჟი აღარ იყო, ან ყველა დახოცილი დახვდათ, იყო შემთხვევა, როცა ეკიპაჟის წევრები გაგიჟდნენ, აგრესიულები გახდნენ და ერთმანეთი დახოცეს. რამდენიმე გემი და თვითმფრინავი კი, უბრალოდ, გაქრა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ადგილას ე.წ. მკვლელი ტალღები იწყებენ აქტიურობას - ასეთი ტალღები მართლაც არსებობს და რამდენიმე ოკეანეშია ნაპოვნი. მოკლედ, ბერმუდის სამკუთხედზე ძალიან ბევრი საშიში ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად ამისა, იქ რამდენიმე გემი გადის ყოველდღიურად...

- მეკობრეებზე რას გვეტყვით? რომელიმე თქვენი ნაცნობი თუ ჩავარდნილა მათ ხელში? - ყველამ იცის, რომ წითელი ზღვის სამხრეთი ნაწილი სომალელი მეკობრეების ზონაში შედის. ეს პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი და ძალიან დიდ ფულს უკავშირდება. 2005 წელს ვმუშაობდი იტალიელების გემზე, რომელიც ოთხი წლის შემდეგ მეკობრეებმა დაიჭირეს. ჩემთანაც მუშაობდნენ ფილიპინელები, რომლებიც 8 თვე მეკობრეების ტყვეობაში იყვნენ. რა თქმა უნდა, მეკობრეები საშიშნი არიან. ხშირად ისინი ერთ-ერთ ტყვეს კლავენ და ამით აჩქარებენ, რომ ფული გადაუხადონ. ყოფილა შემთხვევა, როცა ეკიპაჟის წევრი მეკობრეებს არაფრისთვის მოუკლავთ, ამიტომ გემების უმრავლესობას ამ ადგილის გავლისას შეიარაღებული დაცვა მიჰყვება.

- რა ასაკამდე შეიძლება ადამიანმა შორეული ნაოსნობის კაპიტნად იმუშაოს? - როდესაც კაპიტანი თავისი საქმის პროფესიონალია და ჯანმრთელობაც ხელს უწყობს, კომპანია არ დაითხოვს, მაგრამ იმ კომპანიაში, სადაც არ გიცნობენ, ასაკსაც ყურადღებას აქცევენ. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი მაინც გამოცდილება და საქმის ცოდნაა. შეიძლება მოხუცი კაპიტანი უფრო კარგად ასრულებდეს თავის მოვალეობას, ვიდრე ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში ყოფნის გამოცდილება არა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე