"სამი წლის წინ საკუთარი მეუღლე "დავწვი" - კვირის პალიტრა

"სამი წლის წინ საკუთარი მეუღლე "დავწვი"

როგორ ირუჯებიან ცნობილები

მზე, ზღვა და რუჯი - ამ ყველაფრის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია, თუმცა ბოლო პერიოდში კანის მოვლა ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტენდენციაა. ესთეტიკური მედიცინის სახლები და მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მზის სხივების ჭარბი დოზით მიღება კანისთვის საზიანოა, ქალბატონები კი კანის რუჯისფერს ვერ ელევიან და ხშირად ეს დამწვრობით სრულდება. ვინ იცავს ნორმებს და ვის აქვს დამწვრობის მწარე გამოცდილება - ამის შესახებ ცნობილი ქალბატონები თავად გვიამბობენ.

"ჩემი ნამზეური ავტორუჯის დამსახურებაა"

ნანა ნებიერიძე, მოცურავე: - ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მზეზე დიდხანს ყოფნა მიწევდა და თავისთავად ვირუჯებოდი. მაშინ არ იყო ამდენი დამცავი საშუალებები, ახლა კი კანს მაქსიმალურად ვუფრთხილდები. თანაც, ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა - მზე უფრო მავნებელია და ზღვარგადასული მზის აბაზანები დიდ ზიანს აყენებს კანს. მე ვიყენებ +50%-იან დამცავს და თავსაბურავის გარეშე არ გავდივარ პლაჟზე. ასე დაცულიც ვარ და ელეგანტურადაც გამოვიყურები.

- მაგრამ სულ გაქვთ ნამზეური...

- ავტორუჯს ვიყენებ. თხელ ფენას ვისვამ, რადგან ჩემს კანს მუქი ფერი არ უხდება, ოდნავ შეფერილი კანი კი ზაფხულში ყველა სამოსს უხდება და უფრო ჯანსაღ იერს აძლევს ადამიანს. ასე რომ, ჩემი ნამზეური არც სოლარიუმისაა და არც მზის, ავტორუჯის დამსახურებაა. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს არ აქვთ ნამზეურის მიღების კულტურა და სოლარიუმში 30 წუთი ირუჯებიან... D ვიტამინი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზომიერება უნდა დავიცვათ. ქალბატონებს კი ვეტყვი, როგორც უნდა გამოიყურებოდეთ, მთავარია, იყოთ ბედნიერები. ახლა პოპულარულია ფრაზა: "ჯანსაღი ცხოვრების წესი". ჯანსაღი ცხოვრების წესი არ ნიშნავს დიეტას, დღეში 5 კილომეტრის გარბენას და 20 კილომეტრის გაცურვას. ჯანსაღი ცხოვრების წესია, როცა ვართ მშვიდად!

"საცობშიც კი ვირუჯები"

ნატუკა გულისაშვილი, მსახიობი: - ნამზეური ძალიან მიყვარს, მანქანით საცობში რომ ვხვდები, მიხარია - გადავყოფ ხელს და ვირუჯები. ყველაზე მეტად ზღვაზე მსიამოვნებს დასვენება. რუჯი რომ დიდხანს შეინარჩუნოთ და ნაოჭებიც არ გაგიჩნდეთ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ეს სილამაზის ფორმულა საბერძნეთში, ასაკოვანი ბერძენი ქალბატონისგან ვისწავლე. ზეითუნის ზეთი და ახალგამოწურული სტაფილოს წვენი აურიეთ ერთმანეთში და გარუჯვამდე წაისვით. ზეითუნის ზეთი კვებავს კანს, სტაფილოს წვენში არსებული E ვიტამინი კი გამოშრობისგან იცავს. საოცარი ფერის რუჯს იღებთ და რაც მთავარია, არ იწვებით. ქალბატონებს ვურჩევ, არ წაისვან ლუდი და ლეღვის ნახარში, გახსოვდეთ, რომ კანს წვავს!

ერთხელ ძალიან დავიწვი ბაქოში. ქალაქიდან მოშორებით კარგი სანაპიროებია. ღრუბლიანი ამინდი იყო, ფეხმორთხმული ვიჯექი და მარჯვენა ფეხი ისე დამეწვა, მესამე ხარისხის დამწვრობით ჩამომიყვანეს თბილისში. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც ზღვარგადასულად ვირუჯები. რა ვქნა, ვიღაცას სმა უყვარს, ვიღაცას ტკბილეული, მე რუჯი მიყვარს. მაგრამ ასე არ უნდა მოიქცეთ და უნდა დაიცვათ ნორმები!

"მზე იმდენად მიყვარს, რომ პირველი ტატუ მზე გავიკეთე"

კრისტი ყიფშიძე, მოდელი: - მე ხორბლისფერი კანი მაქვს და არ ვიწვები, მზის დამცავ საცხს არ ვიყენებ, მხოლოდ ქოქოსის ზეთს ვხმარობ. ახლახან ჩამოვედი ინდონეზიიდან, ბალიზე ვიყავი ერთი თვით და განსხვავებული ფერი მაქვს - ნამზეურის ფერს იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი კლიმატი განაპირობებს. დილას 7-ზე ვდგებოდი და პლაჟზე გავდიოდი. ადრე ვალენსიაში ვისვენებდი და იქ კიდევ უფრო სხვა ფერის ნამზეური მივიღე. ზამთარშიც ძალიან მიყვარს რუჯი, თან მზის დეფიციტს განვიცდი და ყოველთვის ვახერხებ სადმე, თბილ ქვეყანაში წასვლას, ან სოლარიუმს ვსტუმრობ. მზე იმდენად მიყვარს, რომ პირველი ტატუ მზე გავიკეთე. ყველას ვაფრთხილებ, რომ ყველაზე დიდი რადიაცია არის შუადღის პირველიდან ოთხ საათამდე, ამიტომ ნუ გახვალთ მზეზე ამ პერიოდში.

"სამი წლის წინ საკუთარი მეუღლე "დავწვი"

რუსა ჩაჩუა, მოდელი: - მეგობრის სახლის სახურავზე გავრუჯულვარ - ცოტა დაქანებული სახურავი იყო და აწებებულები ვირუჯებოდით. ჩემს ბავშვობაში ძალიან მოდაში იყო ნამზეური, მაშინ მეგობარი ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობდა მარჯანიშვილზე, ახლოს კორპუსები არ იყო, თუ არ ჩავთვლით გვერდით მშენებლობას, საიდანაც მუშები მოგვჩერებოდნენ... ძალიან მომწონს ნამზეური, მაგრამ რაც ასაკი მომემატა და ბავშვები გავაჩინე, ვერიდები სოლარიუმს. ზღვაზე კი ბავშვებთან ერთად ვიცავ ყველა ნორმას - დამცავის გარეშე არ ვირუჯები. ადრე ბაკურიანში სახე დამეწვა და ისეთი დასივებული ვიყავი, სარკეში ჩახედვის მეშინოდა, მას შემდეგ დამცავის გარეშე მზეზე არ გავდივარ. ახლა სასაცილოდ მახსენდება ერთი ამბავი, მაგრამ მაშინ ძალიან ვინერვიულე - სამი წლის წინ საკუთარი მეუღლე დავწვი. ძალიან თეთრია და ვიფიქრე, ცოტა ნამზეური არ აწყენს, დამცავით გაირუჯება და მშვენიერი ფერი ექნება-მეთქი. ისე დაიწვა, ათი დღე ჩაცმული დადიოდა, პლაჟზე არ გამოსულა. მგონი ამ შემთხვევის შემდეგ ნამზეური არც გადასვლია, ისეთი დამწვრობა მიიღო, რომ ვუყურებდი, მეშინოდა.