"უკეთესს, ალბათ, ჩემი რაჭისთვის ვერაფერს გავაკეთებდი" - კვირის პალიტრა

"უკეთესს, ალბათ, ჩემი რაჭისთვის ვერაფერს გავაკეთებდი"

"50 ბავშვი შევკრიბე - ვინც იგებდა, "ბიჭუნეები" ისევ მღერიანო, ვისაც სიმღერა შეეძლო, ყველა მოდიოდა. საოცარი გუნდი შეიკრა"

ყველა ადამიანი საკუთარი მისიით იბადება - როდესაც ირემა ჯაფარიძე თავის 5 წლის ბიჭუნების გუნდით ონის დაცარიელებულ ქუჩებში გაივლის, თითქოს სამუდამოდ დახურული დარაბებიც იმედით შეჰყურებენ: დღეს მის მხრებზეც არის რაჭული სიმღერისა და, ალბათ, რაჭის შენახვის ტვირთიც. თავიდან მამამისი, დიდი ხელოვანი და ლოტბარი შალვა ჯაფარიძე, ეზიდებოდა ამ ტვირთს, სწორედ მან შექმნა თავიდან რაჭული სიმღერების გადასარჩენად უხუცესებისა და ბიჭების გუნდები, მამის მერე კი მათი უპატრონოდ მიტოვება ირემამ ვეღარ შეძლო - მამის ორი ანსამბლის ლოტბარი ხომ გახდა, მესამე სალოტბარო სკოლაში მუშაობაც დაამატა და უკვე 13 წელიწადია ამ ყველაფერს უსიტყვოდ აკეთებს.

- მამაჩემი 2006 წელს გარდაიცვალა. დღე არ მახსოვს, ავადმყოფობისასაც კი, რაჭასა და სიმღერებზე არ ეფიქროს. უხუცესების გუნდისთვის სიმღერები ჯერ კიდევ 50 წლის წინ შეაგროვა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს გუნდებს კი არა, ობლებს ტოვებდა უპატრონოდ. ეს ისე მიწვავდა გულს, ორივე გუნდში ლოტბარობა დავიწყე. მახსოვს "ბიჭუნეების" გაფართოებული თვალები, როდესაც ვუთხარი, სიმღერას გავაგრძელებთ-მეთქი. ამ დროს უკვე კატასტროფული ტემპით იყო დაწყებული რაჭის დაცარიელება. იმ დროს მხოლოდ 7 ბიჭი მყავდა დარჩენილი, დანარჩენი უნდა მომეძებნა. ჩემდა გასაკვირად, 50 ბავშვი შევკრიბე - ვინც იგებდა, "ბიჭუნეები" ისევ მღერიანო, ვისაც სიმღერა შეეძლო, ყველა მოდიოდა. საოცარი გუნდი შეიკრა. როცა ეს თაობაც წავიდა, მხოლოდ 5 ბავშვი დამრჩა. ამიტომ გადავწყვიტე, 5 წლის ასაკიდან დამეწყო ჩემი "ბიჭუნეების" შეგროვება.

რაჭის დაცარიელების გარდა, ეს კიდევ ერთმა რამემაც გადამაწყვეტინა - აქამდე ქართული სიმღერა ოჯახებმა შეინახეს, ახლა კი ოჯახებში აღარ მღერიან.

- აღარ ემღერებათ და იმიტომ, თუ სასიმღერო გარემო თავისთავად გაქრა? - შეიძლება ასეც იყოს, აღარც ძველი მომღერლები არიან.

იმ სოფლებშიც კი, საიდანაც წკრიალა ხმები საუკუნეების განმავლობაში გამოდიოდა, ან ხალხი აღარ არის და თუკი მაინც სადმეა, ვეღარ მღერიან.

ასეთი იყო სოფელი ღარი, სადაც სიმღერა მთელმა სოფელმა იცოდა. მეჯვრეობაზე მთელი სოფელი მთაზე სალოცავში ადიოდა, სადაც უსათუოდ უნდა ემღერათ ეს სიმღერები. ხალხს თავისთავად ჰქონდა შექმნილი თავისი ხელოვნების გადარჩენის წესი. ახლა ღარელები სალოცავში ვეღარ ადიან, რადგან ტერიტორია ოკუპირებულად ითვლება. რამდენიმე წლის წინ ღარელმა ბიჭებმა იფიქრეს, ჩვენს სალოცავზე ასვლა ვინ უნდა დაგვიშალოსო, ავიდნენ და დაატყვევეს. რომ არა მთავრობის ჩარევა, არავინ იცის, რა მოხდებოდა.

რაჭას მიხედვა სჭირდება, განსაკუთრებით ონშია უმძიმესი მდგომარეობა, ქალაქმა თითქმის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია დაკარგა. ამიტომაც ამ 5 წლის ბავშვებს თუ არ ვასწავლე, სიმღერას ვინ შეინახავს?! მაინც მგონია, რაჭის დრო ისევ მოვა. ბევრჯერ მიფიქრია, რაჭაში ცხოვრება სანატრელი გახდება-მეთქი, თუმცაღა არ ვიცი, ეს დრო როდის მოვა.

- ძნელ საქმეს აკეთებთ, არც ისე ადვილია, ქალმა მამაკაცებს სიმღერა ასწავლოს, თანაც სამ გუნდს.

- მართლა ძნელია. ვიღლები, მაგრამ უკეთესს, ალბათ, ვერაფერს გავაკეთებდი.

- უხუცესების ანსამბლში როგორ არის საქმე? - ამ ხალხმა მხოლოდ თავის კუთხესა და სიმღერას მიუძღვნა სიცოცხლე. ვიღაცას ურჩევნია, დედამიწა შემოიაროს, ამ ხალხმა რაჭა და მისი სიმღერები ირჩია სამუდამოდ. ადგილის დედის სიმღერებს ყველაზე კარგად ის მღერის, ვინც ამ ადგილზეა დაბადებული. მხოლოდ მომღერალი კი არა, ლოტბარიც უსათუოდ იმ ადგილის დედის შვილი უნდა იყოს, რომლის სიმღერებსაც ხალხს ამღერებს. იმიტომაც ვცდილობ, სალოტბარო სკოლაში სამუშაოდ დარჩენა რომელიმე ახალგაზრდას ჩავაგონო. სხვათა შორის, ამ სკოლაში უკვე გოგონებიც გვყავს.

ჩემი "ბიჭუნეები" პატარები არიან და მათი დაღლა არ მინდა, ამიტომაც გადავწყვიტე, სიმღერები პირველად მხოლოდ ერთ ხმაში მესწავლებინა. მაგრამ სულ ცოტა ხანში დუდუნს მოვკარი ყური, ჩავაკვირდი და ვნახე, რომ მეორე ხმა თავად მოუძებნიათ, ის ხმა, რომელიც იმ წუთში, იმ ადგილზე იყო საჭირო და მაცოცხლებელი. წარმოიდგინეთ, როგორ მითბება გული, როცა ეს მესმის!