მოდელირებული "ცისკარა"
01-11-2010
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბოროტი დევები გადაშენდნენ და "ცისკარა" მხოლოდ ზღაპარია, ცდება. ამჯერად ხელისუფლებამ მოდელირებული "ცისკარა" შემოგვთავაზა!

ჩვენს მკითხველს კანონის მუხლების გაცნობით თავს არ შევაწყენთ და მოკლედ მოვახსენებთ, რომ ამ კანონის მიხედვით, თუ ელექტროენერგიის საფასურს იხდი, მაგრამ ნაგავს ან წყალს - არა, გაგეთიშება ელექტროენერგია.  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილმა უკვე ამცნო საზოგადოებას, რომ ეს პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისს შეეხება. კანონი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს დამტკიცდა და სავარაუდოდ, პირველი
ნოემბრიდან ამოქმედდება.

"ადმინისტრატორს ევალება აბონენტისთვის ერთიანი ქვითრის წარდგენა, რომელშიც დატანილი იქნება ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი. კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება ბუნებრივი აირის გადასახადს არ შეეხება", - განაცხადა ჩალაგაშვილმა, რომლის აზრით, ამ გადაწყვეტილებით აბონენტების უფლებები არ ირღვევა, - ყველა მოქალაქე ვალდებულია, კომუნალური მომსახურების გადასახადი გადაიხადოს.

სრული ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ვალდებულია კომუნალური მომსახურების გადასახადი გადაიხადოს, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს თავის ვალდებულებებზე საზოგადოების წინაშე. ისე, როცა ვალდებულებებზე მიდგება საქმე, მარეგულირებელ კომისიას თუ სხვა სტრუქტურას ისიც უნდა ახსოვდეს, რომ არ შეიძლება ყოველთვის საზოგადოება იყოს ვალდებული. გავბედავთ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფოში ვალდებულებები ორმხრივია. 

საქართველოში 1997 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის საფასური 300%-ით არის გაზრდილი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი საქართველოშია. რატომ? - ამის ახსნის ვალდებულება ვითომ  არც მარეგულირებელს აქვს და არც სახელმწიფოს?

მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ "ენგურჰესს" (რომლის წილი უდიდესია ქვეყნის ენერგოწარმოებაში) თურმე (ეს თავად მითხრა "ენგურჰესის" ერთ-ერთმა მენეჯერმა) ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება ერთ თეთრზე ნაკლები უჯდება, გადავწყვიტე, შემესწავლა რეალობა... გთავაზობთ ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ტარიფებს, რომლებიც ოფიციალურად სემეკის დადგენილებაშია მითითებული. მაშ, ასე:

"ენგურჰესს" ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება 2,13 თეთრი, "ვარდნილჰესების კასკადს" კი 1,17 თეთრი უჯდება, "ვარციხჰესს" - 1,25, "ხრამჰესს" - 1,76. ამ სიაში შედარებით მაღალი ტარიფები დაფიქსირებული აქვთ ""ენერგოპროს"" ობიექტებს: "გუმათჰესების კასკადს", "ძევრულჰესს", "რიონჰესსა" და "შაორჰესს". აქვე მითითებულია თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებაც, რომელიც 6-დან 8 თეთრამდე მერყეობს.

გენადი მესხია, ენერგეტიკის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დოქტორი, მცირე, მინი და მიკროჰესების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:  "ამ მონაცემებით შეწონილი (საშუალო) ტარიფის ღირებულება 4,45 თეთრს არ აღემატება. დღეს იმპორტის წილი ჩვენთან ნულია, პირიქით, საქართველო ელექტროენერგიას ყიდის კიდეც. თბოელექტროსადგურების წილი ქართულ ენერგოსექტორში 20%-ს არ აღემატება. სემეკმა ტარიფის გაზრდა იმით ახსნა, რომ ქვეყნის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი გაზის ღირებულების ხარჯზე იზრდება. არადა, სემეკმა ეს დადგენილება 2006 წელს გამოსცა.

როცა ტარიფს ადგენდნენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფში თბოელექტროსადგურების წილი 28%-ს შეადგენდა. მას შემდეგ თბოელექტროსადგურების წილი მკვეთრად შემცირდა, შემცირდა მასობრივი გამრიცხველიანების გამო კომერციული და ტექნიკური დანაკარგიც. ბუნებრივია, ამას ზეგავლენა უნდა მოეხდინა ტარიფზე, მაგრამ მის შემცირებაზე არავის უფიქრია.

იმ კომპანიებს, რომელთაც განცხადება შეიტანეს სემეკში და ტარიფის გაზრდა მოითხოვეს, ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ელექტროენერგიის თვითღირებულება. ექსპერტების გათვლებით, ტარიფი 3-4 თეთრით მაინც უნდა შემცირებულიყო".

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა, ასრულებს სემეკი თავის ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე?..
ახლა წყალზეც ვთქვათ. დავიწყოთ იქიდან, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლება წყალზე, ჰაერთან ერთად, ფუნდამენტურ უფლებათა შორის აღიარა. თანამედროვე პირობებში წყალს შემდეგი მოთხოვნები აქვს წაყენებული: წყალი უნდა იყოს ორგანოლეპტიკურად მისაღები, ქიმიურად უვნებელი და ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. წყალი ჯერ აუზში უნდა გროვდებოდეს, სპეციალური ფილტრებით იწმინდებოდეს და სპეციალური ანალიზი უტარდებოდეს.

სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოში სათავე ნაგებობებში კატასტროფული ვითარებაა. ფილტრაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. წყალი მხოლოდ იქლორება და მისი რაოდენობა იმდენად ჭარბია, რომ დროთა განმავლობაში ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნება. ნორმალურ ქვეყნებში წყალზე ტარიფებს მისი ხელმისაწვდომობისა და მოპოვების სირთულეების მიხედვით ადგენენ.

საქართველო მსოფლიოში წყლის რესურსით მდიდარ ქვეყნებში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, მაგრამ წყალზე დაწესებული ტარიფები ლამის უდაბნოიანი ქვეყნების ტარიფებს უთანაბრდება(?!).

წყლის დისტრიბუტორ კომპანიებს რომ ჰკითხო, წყლის თვითღირებულება დაწესებულ ტარიფზე გაცილებით მაღალია, მაგრამ მოსახლეობა მაინც არ იხდის, სინამდვილეში კი, როგორც  ამ სფეროს სპეციალისტებმა გამიმხილეს, წყლის მოპოვების თვითღირებულება 0,05 თეთრს არ აღემატება(?!). მაგრამ, მოსახლეობა თუ არ იხდის, სამაგიეროდ დაწესებულებებს ერთ კუბურ მეტრ წყალში 4,50 ლარს ახდევინებენ (მაგალითად, გერმანიაში, რომელიც საქართველოსავით წყლით მდიდარი არ არის, ერთი კუბური მეტრი წყალი 1,5 ევრო ღირს), თითო სულ მოსახლეზე კი ეს გადასახადი დედაქალაქში 2,40, რეგიონებში კი - 3 ლარია.

როგორც ამბობენ, "თბილწყალკანალს" ჟინვალჰესი აჩუქეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგია "თბილწყალკანალს" მუქთად მიეწოდება, ანუ წყლის გადაქაჩვა-გადმოქაჩვაში არაფერს იხდის. მეტიც, "თბილწყალკანალი" ჟინვალჰესისაგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას თურმე ყიდის კიდეც. ვეკითხებით სემეკს: ევალება თუ არა, შეისწავლოს და გადაამოწმოს, რა ჯდება სინამდვილეში წყლის მოპოვება-ექსპლუატაცია და ისე დაადგინოს ტარიფი?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - გაუგებარია, ერთ სტრუქტურაში დავალიანების გამო მეორესთან ვალდებულება როგორ უნდა წარმოეშვას კაცს? რა თქმა უნდა, ეს ადამიანის და მომხმარებლის უფლებების უხეში დარღვევაა.

მე შეიძლება დამიგროვდეს ერთ სტრუქტურაში დავალიანება, მაგრამ თუ მეორესთან გასწორებული მაქვს ანგარიში, რა უფლება აქვთ, სანქცია დამიწესონ? თუ სამივე სტრუქტურას ერთი პატრონი ჰყავს, გვითხრან. გამოდის, რუსეთში ზის ეს ერთი პატრონი: ვიცით, რომ "თელასი" რაო-ეს-ის არის, წყალიც რომ რუსების ხელშია, ესეც ვიცით, ნაგავი კი, ცოტა უცნაურია, საიდან აღმოჩნდა ამ რუსულ ბმულში?

მარეგულირებელ კომისიას კი რა უფლება აქვს, ამ ურთიერთობაში რომ ერევა? მას ევალება მოსახლეობის ინტერესების დაცვა და არა ასეთი გაუგებარი და უცნაური  გადაწყვეტილებების მიღება. გამოსავალი მხოლოდ საზოგადოების პროტესტია. 

სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ერთი მხრივ, სამართლებრივი ბრძოლა და მეორე მხრივ, პროტესტი აუცილებელია. სწორედ ასეთ საკითხებში ჩანს, აქვს თუ არა რესურსი საზოგადოებას იმისა, რომ წინ აღუდგეს ასეთი ტიპის  გადაწყვეტილებებს. თუU ყველაფერი ჩავყლაპეთ იმის ფიქრში, მაინც არაფერი გამოვაო, დაღუპულა ჩვენი ქვეყანა და ეგ არის!..

P.S. როცა საზოგადოების ვალდებულებებზეა ლაპარაკი, სახელმწიფოს ვალდებულებებზე ორი სიტყვის თქმაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია. სახელმწიფოს მოვალეობა მხოლოდ მიღებული კანონების შესრულების უზრუნველყოფა როდია, მისი ვალია სამართლიანი, საზოგადოებისთვის მისაღები და ასატანი კანონების შექმნაც. არა მგონია, ამის დავიწყება ღირდეს.
Tam
05 ნოემბერი 2010 12:06
ესეიგი თუ წყალს და დასუფთავებას ვერ გადავიხდი იმ თვეში რაღა თქმა უნდა არც დენს გადავუხდი თუ მაინც გამითიშავენ რა აზრი ექნება? არა მგონია ეს ჭკვიანი კაცის მოფიქრებული იყოს ყკვე ვეღარ არკვევენ სასარგებლოს და საზიანოს
klodeli
03 ნოემბერი 2010 17:12
მარეგულირებელი დიდი ხანია მაგათ პირად ბიუჯეტს არეგულირებს.თავზე უნდა გადავახიოთ წესით ეგ კანონი
tamuna
02 ნოემბერი 2010 13:37
ისრაელი სადაცაა ყველამ იცის,მაგრამ აქ წყალი კაპიკებია,...

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?