რომელ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს ანიჭებენ უპირატესობას აბიტურიენტები? - კვირის პალიტრა

რომელ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს ანიჭებენ უპირატესობას აბიტურიენტები?

აბიტურიენტთა მოთხოვნა საბაკალავრო პროგრამებზე ყოველწლიურად იცვლება, თუმცა ერთი რამ უცვლელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები ყოველთვის მაღალრეიტინგულია. გთავაზობთ ბოლო ხუთი წლის მონაცემებს:

2015 წელი

2015 წელს 28 053 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება 6 555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3 742 აპლიკანტი ჩაირიცხა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები იყო ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა. ათეულში შევიდა: საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა, ფსიქოლოგია, ტურიზმი და კომპიუტერული მეცნიერებები. მოთხოვნა გაზრდილი იყო ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე, როგორიცაა: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია.

პირველი არჩევანის მიხედვით უმაღლესი სასწავლებლების ხუთეული ასეთი იყო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

2016 წელი

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტი 27 782 აპლიკანტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 100%-იანი გრანტი 1 012-მა, 70%-იანი - 1 456-მა, 50%-იანი - 4 079-მა აპლიკანტმა მოიპოვა. საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, 2016 წელს მაღალი მოთხოვნა იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც პირველადი არჩევის მიხედვით 1 464-მა აბიტურიენტმა მიუთითა. 2 776-მა აპლიკანტმა ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, 1 126-მა კი სამართლის ფაკულტეტი აირჩია.

პირველი არჩევანის მიხედვით, 1 222-მა აბიტურიენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1 735-მა კი იურიდიული ფაკულტეტი მიუთითა.

2017 წელი

2017 წელს 28 176 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. 100%-იანი გრანტი მოიპოვა 1 009-მა, 70%-იანი - 1 457-მა, ხოლო 50%-იანი გრანტის მფლობელი 4 081 აპლიკანტი გახდა.

აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. მეორე ადგილზე თსუ, მესამეზე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, მეოთხეზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო მეხუთეზე - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მოხვდა. ათეულში ასევე შევიდა საქართველოს შსს აკადემია, ეროვნული თავდაცვის აკადემია და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

ყველაზე რეიტინგული საბაკალავრო პროგრამების ხუთეული ასეთია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კურსი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და ბოლოს - თსუ-ის არქეოლოგიის ფაკულტეტი.

2018 წელი

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 40 407-მა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტი კი 27 906 აპლიკანტი გახდა. იმ პროგრამების ხუთეული, რომლებიც პირველი შემოხაზვის მიხედვით, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, ასეთია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება (2 095 აპლიკანტი), ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამები (2 005 აპლიკანტი), თსუ-ის სამართლის პროგრამა (1 215 აპლიკანტი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა (1 046 აპლიკანტი), სტუ-ის სამშენებლო პროგრამა (1 044 აპლიკანტი).

2019 წელი

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 41 000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000-მდე კანდიდატი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 4 600-მდე სტუდენტი.

წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა დამატებით საგნად ისტორია (12 500-მდე აპლიკანტი) და გეოგრაფია (11 500-მდე აპლიკანტი), ხოლო ყველაზე ნაკლებმა ხელოვნება (500-მდე აპლიკანტი) აირჩია.

ნათია სიბაშვილი