"დათოს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო" - ინტერვიუ, რომლის გამოც ზაზა სარალიძემ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს მადლობა პირდაპირ ეთერში გადაუხადა - კვირის პალიტრა

"დათოს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო" - ინტერვიუ, რომლის გამოც ზაზა სარალიძემ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს მადლობა პირდაპირ ეთერში გადაუხადა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "კვირის აქცენტები" გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს ნანა ფიცხელაურს მადლობა გადაუხადა იმ პერიოდში გაწეული დახმარების გამო, როდესაც შვილმოკლული მამა სამართლებრივ ბრძოლას იწყებდა.

"როდესაც ადვოკატი არ მყავდა, გამოჩნდა ქალბატონი ნანა ფიცხელაური, რომელიც დამეხმარა და მითხრა, რომ გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მზად არის უსასყიდლოდ გაგიწიოთ საადვოკატო დახმარებაო. პირდაპირი ეთერიდან დიდ მადლობას გადავუხდი ქალბატონ ნანა ფიცხელაურს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ინტერვიუში, რომელიც გაზეთში 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, შვილმოკლული მამა ამბობდა, - ადვოკატი არ ამიყვანია, ამის საშუალება არა მაქვსო... "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ გამოთქვა სურვილი დაეცვა სარალიძის ინტერესები.

იხილეთ ამონარიდი ინტერვიუდან, სათაურით: "მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს შვილს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები"

"ცხვარივით დაკლეს ჩემი შვილი... დანის იმდენად ეშინოდა, არც ეკარებოდა, მით უმეტეს, რომ დანების კოლექცია მქონდა. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დათოს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები...

საქმის მასალებით დანაშაულის ახალი ფიგურანტები არ იკვეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, 25-ივე მონაწილე დამნაშავეა.

იმედია, არსებით განხილვაზე ბევრი რამ გამოიკვეთება. მე ადვოკატი არ ამიყვანია, ამის საშუალება არა მაქვს, ჩემი ადვოკატები ხართ თქვენ, ჟურნალისტები და ჩვენი საზოგადოება, მთელი საქართველო". იხილეთ სრულად