კიდევ ერთხელ წაიკითხეთ აკაკი წერეთლის "ღამურა"! - კვირის პალიტრა

კიდევ ერთხელ წაიკითხეთ აკაკი წერეთლის "ღამურა"!

2033 წელი. საქართველოს მიხეილ სააკაშვილის კიბერნეტიკული ორეული მართავს. თავად მიშა რა ხანია კარიბის ზღვის კუნძულებზე იმყოფება. იგი  ამქვეყნიურ ამაოებას განერიდა და უკვე 20 წელია ირუჯება. საქართველოში ყველა შენობა შუშის სარკოფაგებშია ჩასმული. ქალაქების ცენტრალურ პროსპექტებზე ფეისკონტროლის აპარატებია დამონტაჟებული.

სპეციალური რობოტი ახდენს მოქალაქის ვიზუალურ სკანირებას. თუ მოქალაქეს ცუდად აცვია ანდა არა აქვს ბედნიერი გამომეტყველება, მას რობოტი პროსპექტზე გავლის უფლებას  არ აძლევს. ქართულად ლაპარაკი საჯარო ადგილებში აკრძალულია. ერთ-ერთ ბაზარში შემდეგი სცენა თამაშდება. გლეხი გუდის ყველს ყიდის, მოქალაქეს კი ყიდვა სწადია. ორივე ასაკიანი მამაკაცია. ისინი იმ უბედურ დროს დაიბადნენ, მაშIინ, როცა ინგლისურის ცოდნა სავალდებულო არ იყო. ამიტომ მათ, ჰოი საშინელებავ, ქართულის გარდა სხვა ენა არ იციან.“"ჰაუ მაჩ?"” (რა ღირსო) - ეკითხება მოქალაქე ყველის ვაჭარს. ვაჭარიც პასუხობს:

"უან ჰანდრიდ დოლარ" (ასი დოლარიო. სადღა იქნება მაშინ ლარი?). ახლა მოქალაქეს უნდა, რომ ჰკითხოს, ნაღდი გუდააო, მაგრამ არ იცის ეს ინგლისურად როგორ წარმოთქვას. არადა ზედამხედველი იქვეა. მან უკვე იყნოსა, რომ დანაშაული მზადდება და ყურები აქვს დაცქვეტილი. როგორც კი ერთ ქართულ სიტყვას გაიგებს, კანონის თანახმად,  იმწუთას უნდა დაავლოს ხელი წარმომთქმელს და იქვე, გრავიტაციულ ორმოში გადაუძახოს.

ბოლოს მოქალაქე გაბედავს და გამყიდველს ჰკითხავს ჩურჩულით: "ნამდვილად ალვანიდანაა?". ამ დროს ყველის ვაჭარი, რომელსაც ზედამხედველები ყოველ ქართულად მოლაპარაკის გამოვლენაზე 10 დოლარს უხდიან, თითს მიაჭერს საიდუმლო ღილაკს და ზედამხედველიც მოვარდება. მოქალაქეს მაშიIნვე მოასმენინებენ თავის ნაჩურჩულევს (ვაჭარი ჩაიწერს) და ციმ-ციმ გაისტუმრებენ ათდღიან "სროკზე".

აპოკალიფსურია ეს სურათი? სულაც არა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა მეთოდებით ინერგება ინგლისური ენა ჩვენს ქვეყანაში, ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს. არ მინდა ვინმეს რეტროგრადი ვეგონო. თქვენი მონა-მორჩილი გახლდათ ის კაცი, რომელმაც 2001 წლის ნოემბრის მიტინგზე ("რუსთავის 2"-ის დახურვას აპროტესტებდა მაშინ ხალხი პარლამენტთან) თქვა, მინდა შემდეგი პრეზიდენტი ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე გვყავდეს-მეთქი.

ძალიან მიხარია, რომ ჩემი უფროსი ბიჭი უკვე ჩემზე უკეთ ტიკტიკებს ინგლისურად. მიმაჩნია, რომ რაც მეტი ადამიანი ილაპარაკებს ინგლისურად, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ის, რაც ხდება ამ ენის“შესწავლის ეგიდით, უკვე ნამეტანია. ეს ტელე-ბლოკ(გ)ი გახლავთ, ამიტომ “ყივჩაღ მასწავლებლებზე არ ვილაპარაკებ.

უკვე რა ხანია ყველა ნაციონალურ მაუწყებელზე საღამოს ეთერში მხატვრული ფილმები ინგლისურად გადის. მათ ქართული ტიტრები ახლავს, მაგრამ ასე ფილმის ყურება, დამეთანხმებით,  ძალზე მოუხერხებელია. მოკლედ, ცხადია, რომ ასეთი“სეანსებით არხი მაყურებელს კარგავს, შესაბამისად იკარგება რეიტინგიც და ესე იგი სარეკლამო შემოსავლები. გამოდის, ტელეკომპანიები აფინანსებენ ხსენებულ ღონისძიებას - ქართული დუბლირების გარეშე ფილმების გაშვებას (ისე, ამ ლოგიკით რუსული ფილმებიც ორიგინალში უნდა გაუშვან და ფრანგულებიც).

ცხადია, ტელეკომპანიებს რომ მართლაც კერძო მეპატრონე ჰყავდეთ და არა მიშა - ამას არ დასთანხმდებოდნენ, მაგრამ რას გააწყობენ, სააკაშვილის ნება ხომ მათთვის კანონია?! შედეგად აშკარაა სეგრეგაცია (სეგრეგაცია ლათ. სეგრეგატიო) - გამოყოფა, რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე, ფერადკანიანთა იძულებითი გამოყოფა თეთრკანიანებისაგან), ოღონდ აქ გამოყოფა არა კანის ფერის მიხედვით ხდება, არამედ ინგლისურის ცოდნა არცოდნის ნიშნით. კარგი, დავუშვათ "იმედი" და "რ 2" გაგიჟდნენ და მზად არიან, წაგება ნახონ, ოღონდაც ქართველებს ბრიუს უილისისა და შარონ სტოუნის ინგლისური მოასმენინონ.

მაგრამ "საზმაუ" რატომ ჩაგრავს საზოგადოებას? რა ქნას იმ მოქალაქემ, ვინც არ იცის ეს ოხერი ინგლისური? რა ქნას, მაგალითად, დეიდაჩემმა? არ უყუროს საღამოობით ფილმებს? დარწმუნებული ვარ, რომ გვიანია მისთვის რეპეტიტორთან სიარული. გამოთიშოს ტელევიზორი და დაიძინოს? თუ გადაშალოს წიგნი და კიდევ ერთხელ წაიკითხოს აკაკი წერეთლის "ღამურა"?

ძველ ტომში გამოსხლეტილსა

არ მოუშლიან კბენასა

და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:

დაუწუნებენ ფრენასა!

კრულია მისი ხსენება,

ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,

თვის ტომს ჰღალატობს და მითი

თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!

P.S. ამ ლექსს კომუნისტების დროს გვასწავლიდნენ სკოლაში და ნეტავ, ახლა როგორაა? უკვე ამოიღეს "ყივჩაღებმა" პროგრამიდან?

შალვა რამიშვილი