რუსეთი ოკუპანტია !
"ჩვენს წინააღმდეგ ამ ქალმა განაწყო" - ვისგან ითხოვს დაცვას ცნობილი დიზაინერი?
"ჩვენს წინააღმდეგ ამ ქალმა განაწყო" - ვისგან ითხოვს დაცვას ცნობილი დიზაინერი?
რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა შერონ მარიმ საკუთარი ბიძა მის ოჯახზე ძალადობაში ამხილა და ამის შესახებ არა მარტო სამართალდამცველებს შეატყობინა, არამედ სოციალურ ქსელშიც დაწერა, რადგან მიუხედავად პოლიციის ჩარევისა, თავს დაუცველად გრძნობდა.

"მეგობრებო, მჭირდება სანდო არასამთავრებო ორგანიზაცია და რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი. საქმე ეხება ოჯახურ, ქალზე ძალადობას, რომელიც შეიძლება მკვლელობით დასრულდეს. სამწუხაროდ, საქართველოში არსებულმა ვითომ კანონებმა და საერთოდ, სამართალდამცავებმა რეაგირება, რაც კანონის
დაცვით უნდა მოეხდინათ, არ მოახდინეს. მათ შორის არიან პროკურორები, გამომძიებლები და დანარჩენი სხვა. იძულებული ვარ, ასე, საჯაროდ დავწერო და ვითხოვო მხარში დგომა იმისთვის, რომ კრიმინალი არ მოხდეს პირადად ჩემი ოჯახის მისამართით"...

შერონ მარის ამ პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა და მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ძმისშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა, დაკავებულია.

- ბიძაჩემი არის წარსულში ხუთჯერ ნასამართლევი, მათ შორის
მკვლელობის მუხლით იჯდა 15 წელი. არის აგრესიული, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი. სვამს ალკოჰოლს და გვაყენებს შეურაცხყოფას.
მიუხედავად არაერთი ფაქტისა, ადგილობრივ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. მასთან ერთად ცხოვრობს "წუთიწარსულის" ქალი, რომელმაც ძალდატანებით მოაწერინა ხელი ბებიის გარდაცვალების შემდეგ. მას მერე, რაც მისი ცოლი დაერქვა, ისიც გამუდმებით ზეწოლას ახდენს ჩვენზე. მუქარა, შეურაცხმყოფელი სიტყვები - თითქმის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ეს ხდება სისტემატურად. არაერთხელ გამოვიძახეთ სამართალდამცავები, თუმცა უმეტესობა ზედაპირულად უდგება ამ საქმეს. იყვნენ ლოიალური პოლიციელებიც, რომლებმაც ოქტომბერში რეაგირება მოახდინეს და გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, თუმცა ბიძაჩემმა იმ დღესვე დაარღვია და მას შემდეგ კიდევ ხუთჯერ შეურაცხგვყო, ავტომატურად მოხდა მისი დაკავება. სასჯელი ითვალისწინებდა 1-დან 3 წლამდე პატიმრობას, მაგრამ სამწუხაროდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 6 თვეში გამოუშვეს. ჩვენთვის არავის გამოუგზავნია შეტყობინება, თუ უშვებდნენ ციხიდან, თავდაცვაზე მაინც რომ გვეფიქრა. გამოვიდა თუ არა, უარესი დანაშაული ჩაიდინა, გახდა უფრო არაადეკვატური და აგრესიული. კიდევ ერთ ფაქტს დავაფიქსირებ: სასამართლოზე დედაჩემს შეუზღუდეს კანონით მინიჭებული უფლება, რომ ყველაფერი დეტალურად მოეყოლა. ის კაციც პირდაპირ სასამართლო პროცესის დროს დაემუქრა დედას, მოსამართლისა და პროკურორის თანდასწრებით, მაგრამ რეაგირება ამაზეც არ მოუხდენიათ და უფრო მეტიც, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს - ვერ ვხვდები, რა ხდება...

- როგორც ვიცი, ბიძათქვენი ახლა ისევ დააკავეს.
- კი, მაგრამ ზეწოლას აგრძელებს მასთან მცხოვრები ქალი, ის განსაკუთრებით დედაჩემს ერჩის. ამ ქალზეც არაერთხელ შევიტანეთ საჩივარი ლოტკინის პოლიციაში, რადგან ერთხელ ხელითაც შეეხო დედას, მაგრამ ამის გამო ის არ დაუსჯიათ...

- რა გახდა თქვენი დაპირისპირების მიზეზი?
- ეზოში დგას ორი სახლი, რომელიც მამაჩემის აშენებულია. ჰოდა, ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ იქ არ დაგვედგომებოდეს. ბიძას თვითონ არ ჰყავს მემკვიდრე, თან საერთო ეზო და შემოსასვლელი გვაქვს. ჩვენ შორის ურთიერთობა მამას გარდაცვალების შემდეგ დაიძაბა. ავიყვანეთ ადვოკატი, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ჩვენი სახლისგან გაგვემიჯნა, მაგრამ რობერტი და მისი ქალი მიუცვივდნენ ადვოკატს, დაემუქრნენ, რომ არ დაგვხმარებოდა. შესაბამისად, შეჩერდა ეს საქმე. იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, რომ გამოვეყოთ. მნიშვნელოვანი დეტალი ისიც არის, რომ გვაქვს დენის საერთო მრიცხველი და გადასახადებს ჩვენ ვიხდით, ანუ გამოდის, რომ ჩვენს ხარჯზე ცხოვრობენ და ცხადია, ამის დაკარგვაც არ უნდათ.

24 საათი ალკოჰოლური თრობის ქვეშ არიან ცოლი და ქმარი და ვფიქრობთ, ჩვენს წინააღმდეგ ბიძა ამ ქალმა განაწყო. მათ არც სამართალდამცველების ეშინიათ. ციხიდან გამოვიდა თუ არა, მაშინვე გამოიწია ჩვენზე და ჟურნალისტები, ასევე უფლებადამცველები რომ არ ჩარეულიყვნენ, დარწმუნებული ვარ, ეს ტერორი დღემდე გაგრძელდებოდა. პოლიცია მას ისევ "ადმინისტრაციულით" გამოუშვებდა ან შემაკავებელი ორდერით, ამას კი მერწმუნეთ, აზრი არ ჰქონდა ჩვენთვის.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ გასული წლის 15 ოქტომბერს რ.მ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გასცეს, რომლითაც მას ც.ს-სთან მიახლოება აეკრძალა. რ.მ.-მ ორდერის პირობები ორჯერ დაარღვია. ვინაიდან ორდერის პირველივე დარღვევა არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს, მამაკაცი პირველ ჯერზე დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით, ხოლო მეორე დარღვევისთვის, 2018 წლის 30 ნოემბერს რ.მ.-ს წარედგინა ბრალი და ის დააკავეს. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ რ.მ.-ს მიმართ დაადგინა განაჩენი და ვინაიდან 30 ნოემბრის შემდეგ ის დაპატიმრებული იყო, ეს ვადა ჩაეთვალა სასჯელის საპატიმრო ვადად და დანარჩენი ჩაეთვალა პირობითად. თუმცა, რ.მ.-მ კვლავ განახორციელა მუქარა ოჯახის წევრის მიმართ და იგი საპატიმროს დატოვებიდან მეორე დღეს, ოჯახური ნიშნით განხორციელებული მუქარის ბრალდებით ისევ დააკავეს. დიზაინერი ბიძის მიმართ ადეკვატურ სასჯელს ითხოვს და იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც იპოვის სამართალს.

ლიკა ქაჯაია
ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
დღის კითხვადი სტატიები