"პანკისს საქართველოს ვერავინ წაართმევს... ჩვენ არასდროს ვღალატობთ ძმებს"
"პანკისს საქართველოს ვერავინ წაართმევს... ჩვენ არასდროს ვღალატობთ ძმებს"
ფოტო:ხასო ხანგოშვილი, ფოტო აღებულია ვებპორტალიდან aga-zielonka.com
ალაზნის პირას დაიბადა, წალკოტის მსგავს სოფელში, ულამაზეს ადამიანებს შორის... ბავშვობიდანვე ასწავლეს, რომ მისი მთავარი ღირებულებები უნდა ყოფილიყო ღირსება, ერთგულება, სამშობლოს სიყვარული, სტუმართმოყვარეობა... ახლა 76 წლისაა, ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს. პროფესიით პედაგოგია, პანკისელებს 28 წლის განმავლობაში ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა. გახლავთ ავტორი წიგნებისა "ქისტები", "აბრაგები", "საღვთო წიგნები", "ქისტების ადათ-წესები", "მონადირის მოგონებები"... როგორც ქისტი უხუცესი, ხასო ხანგოშვილი თავად ამბობს, პირველად კალამს მაშინ მოჰკი
და ხელი, როდესაც ქისტებსა და ქართველებს შორის გაუცხოების საფრთხე დაინახა. მშვიდად არც ახლა არის, ეფიქრება, ედარდება ქისტი ხალხი და მშობლიური საქართველო. სათქმელი ბევრი აქვს, კითხვებსაც არ გაურბის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მთხრობელია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.

- ბატონო ხასო, როდის დაინახეთ პირველად ქართველებსა და ქისტებს შორის გაუცხოების საფრთხე?
- 90-იან
წლებამდე ქართველებსა და ქისტებს შორის არანაირი პრობლემა არ იყო. ჩვენ რომ ერთი ფესვებიდან მოვდივართ ისტორიულადაც დამტკიცებულია და მენტალური მსგავსებაც ამაზე მეტყველებს.
რუსეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩემი წინაპრები იძულებულნი გახდნენ აყრილიყვნენ ჩეჩენ-ინგუშეთის მთიანი ზოლიდან და კავკასიის ქედს აქეთ დასახლებულიყვნენ. აქ მათ მონათესავე ეთნოსის, სტუმართმოყვარე ხალხი დახვდა. მე-18 საუკუნის 70-იან წლებში პანკისი ლეკებისთვის დერეფანი იყო კახეთში სათარეშოდ...

ცენტრში 7 წლის ხასო ხანგოშვილი მშობლებთან და და-ძმებთან ერთად
დასახლდნენ აქ ჩემი წინაპრები და მოძმე ქართველებთან ერთად დაიწყეს ცხოვრება. მამა მეტყოდა ხოლმე, ჩვენ მთაში თარეშს დაჩვეული ხალხი ვიყავით, ქართველები ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგვეხმარენო. ქართული ენაც იოლად შეისისხლორცეს ქისტებმა. ჩემი ძმა ამბობდა-ხოლმე, ჩვენ, ქისტები ორენოვანი ხალხი ვართო. პირადად მე თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე... უამრავი ქართველი მეგობარი შევიძინე... 1990 წლიდან მოყოლებული 2002-2003 წლამდე დაიწყო აგიტაცია-პროპაგანდა ქისტების წინააღმდეგ, თითქოს ქისტები სეპარატისტები, სახელმწიფოს მტრები იყვნენ და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვისაც არ დაეზარა, ყველამ დაგვიწყო ლაფის სროლა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. საქართველო ჩვენი სამშობლოა. ქართულად ვლაპარაკობთ, შვილებსა და შვილიშვილებს ქართულს პატარაობიდან ვასწავლით. მაშინ ჩვენ სამშობლოს ღალატი დაგვაბრალეს. აი, ამ ტკივილმა ამაღებინა ხელში კალამი. გადავწყვიტე, დამეწერა ქისტების ისტორია, საიდან მოვიდნენ, როგორ მოვიდნენ აქ და რანი არიან დღეს. 600 გვერდიანი წიგნი გამომივიდა, "ქისტები" ვუწოდე.

- როგორც ვიცი, აბრაგებზეც გაქვთ წიგნი დაწერელი...
- დიახ, დავინტერესდი, რა იყო აბრაგობა, ვინ იყვნენ აბრაგები... ბევრი საინტერესო ამბავი მოვიძიე დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხის შესახებ. მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმი პანკისში შეიქმნა. მას ქისტები მხარს უჭერდნენ ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში. ქაქუცას წასვლის შემდეგ ეს ქისტები აბრაგებად გავიდნენ. ძალიან საინტერესოა ქისტი აბრაგების ცხოვრება, მათი ისტორიის დასასრული. ასევე საინტერესოა, ჩეჩნების და ინგუშების დეპორტაციის შემდეგ, იქ დარჩენილი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი აბრაგები როგორ მოქმედებენ მთელი 15 წლის განმავლობაში, როგორ ხდებოდა ქართულ საზოგადოებასთან მათი ურთიერთობა ქისტებთან პანკისში. ამ ამბებში და ისტორიაში ბევრი ისეთი ეპიზოდია, რაც ქართველი და ქისტი ხალხის ძმურ ურთიერთობასა და მეგობრობაზე მეტყველებს.

- ბატონო ხასო, ქართველი ხალხი კარგად იცნობს თქვენს ქალიშვილს, მექა ხანგოშვილს. ალბათ ამაყობთ, მისით. თქვენს ოჯახზე, შვილებზე კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?
- მერიდება ოჯახურ თემებზე საუბარი. ოჯახი სიყვარულით და მშობლების თანხმობით შევქმენი. ერთი ვაჟი და სამი ქალი მყავს. მეამაყება, რომ დიდი ბაბუა ვარ. მგონი შევძელი შვილების ღირსეულ ადამიანებად აღზრდა, მათთვის საქართველოს სიყვარულისა და ტრადიციების პატივისცემის შთანერგვა. შვილებისთვის არაფერი დამიძალებია, ჩემი ცხოვრების წესით ვცდილობდი მაგალითის მიცემას. არც მათ პროფესიულ არჩევანში ჩავრეულვარ. ვაკვირდებოდი, ვის რა აინტერესებდა და განვითარების საშუალებას ვაძლევდი, რჩევას ვაძლევდი. მიხარია, რომ ოთხივემ უმაღლესი განათლება მიიღო.

- ხშირად საუბრობთ სამშობლოზე და გულისხმობთ საქართველოს, ეს ლოგიკურიცაა. მაგრამ საინტერესოა, თქვენს ისტორიულ სამშობლოზე რას ფიქრობთ?
- ჩემი წინაპრების სამშობლო დღეს რუსეთის მიერ არის დაპყრობილი. 300 წელი ებრძოლა ჩეჩენი ხალხი ამ ურჩხულს...

- იმედი გაქვთ, რომ ოდესმე ჩეჩენი ხალხი დამოუკიდებლობას მოიპოვებს?
- ოდესმე კი... ჩეჩენი ხალხი მოღუნულია, მაგრამ მოტეხილი არ არის... რუსეთიც არ იქნება ყოველთვის ასეთი ძლიერი. საბოლოოდ ყველა იმპერია ინგრევა. ნაპოლეონის, ჰიტლერის და მაკედონელის იმპერიები დაინგრა. რუსეთი ვითომ რა გამონაკლისი იქნება?

- თქვენ, პანკისში მცხოვრებ ქისტებს სხვა კულტურაში მოგიწიათ ცხოვრებამ და განვითარებამ. რა შეცვალა ამ ფაქტმა თქვენში, რამდენად განსხვავდებით კავკასიის ქედს იქით მცხოვრები ჩეჩნებისგან?
- როდესაც გვეკითხებიან ვინ ხართ, ვპასუხობთ, რომ ქისტები ვართ. როდესაც ჩაგვეკითხებიან, ქისტები ვინ ხართ, საიდან მოდიხართ, მაშინ ვამბობთ, რომ ჩეჩნებიდან. ჩვენ ღმერთმა მოგვცა ბედი, გვეცხოვრა უძველესი ისტორიის სახელმწიფოში, უძველესი კულტურის მქონე ხალხთან ერთად. ჩვენც შევერწყეთ ამ კულტურას... ვიქრობ, რომ ერთი საფეხურით მაღლა ვდგავართ რუსეთის ჩეჩნებისგან.

როდესაც "ვეფხისტყაოსანი" იწერებოდა (შუშანიკზე და გრიგოლ ხანძთელზე აღარაფერს ვამბობ) რუსები ჯერ კიდევ ტყეში დარბოდნენ. საქართველოში ცხოვრების პერიოდში, რუსეთისგან მოვლენილ განსაცდელს რამდენჯერმე გადავურჩით. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენც შევიტანეთ ჩვენი წვლილი, მაგრამ რუსების მძიმე ხელი ისე ვერ შეგვეხო, როგორც ჩეჩნებს.

- სამწუხარო რეალობა უნდა შეგახსენოთ. ჩვენ გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომში ჩეჩნები სეპარატისტებისა და რუსების სასარგებლოდ იბძოდნენ. რას იტყვით ამის შესახებ?
- თქვენ ახლა ქისტების ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, რთული პერიოდი შემახსენეთ. ამ ამბავს პანკისელი ქისტები ძალიან განვიცდიდით. თუმცა, ვინ იყვნენ ეს ჩეჩნები? რუსეთის აგენტების მიერ მართული ხალხი და კრიმინალები. ამ ომის დროს, პანკისელი ქისტები შევიკრიბეთ და გროზნოში წავედით. დუდაევი შეგვპირდა, რომ ტელევიზიით გამოვიდოდა და ხალხს მოუწოდებდა არ ებრძოლათ, სეპარატისტების სასარგებლოდ. სიტყვის კაცი აღმოჩნდა, პირობა შეასრულა... ზოგადად, საღად მოაზროვნე ჩეჩნების დამოკიდებულება აფხაზეთში მებრძოლი კრიმინალების მიმართ ძალიან ნეგატიური იყო. საერთო ჯამში ამ ამბავმა ქისტი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე ცუდად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, პანკისელი ბიჭები საქართველოს მხარეს იბრძოდნენ.

- ომის შემდეგ ძალიან მალე, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ პანკისელები მონიშნა, როგორც საშიში, კრიმინალური დაჯგუფება. როგორ ფიქრობთ, ეს რით იყო განპირობებული?
- ალბათ ეს ერთის მხრივ, განპირობებული იყო აფხაზეთის ომში ჩეჩნების მონაწილეობით. მეორეს მხრივ, ზოგადად ქვეყანაში იყო ქაოსი. კრემლიც დაინტერესებული იყო ამ რეგიონის არევით. ქართველი კრიმინალები აქეთ მოაწყდნენ, ჩვენი კრიმინალებიც აყელყელავდნენ... შევარდნაძის ხელისუფლებას შეეძლო ეს პრობლემა 24 საათში მოეგვარებინა, მაგრამ თავადაც სჭირდებოდა აქ არეული სიტუაცია. დიდი ფული დატრიალდა, ნარკოტიკები, მერე ამას იარაღიც დაემატა და აირია ყველაფერი.

- მერე როგორ დალაგდა?
- აქ სიტუაციის დალაგებას პოლიტიკოსები კი ჩემულობენ, მაგრამ სინამდვილე ცოტა სხვაგვარი იყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიარაღებული რაზმები შექმნა, რომლებმაც კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ამ პროცესს უხუცესები ხელმძღვანელობდნენ. რაზმის წევრები ღამე პატრულირებდნენ დღე კი საგუშაგოებში იდგნენ და აკონტროლებდნენ, ხეობაში ვინ შემოდიოდა, ან ვინ გადიოდა. ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ კონტაქტი. ნელ-ნელა კრიმინალი გაიკრიფა, შემოსულმა "ბოევიკებმაც" დატოვეს ხეობა. ამასობაში ჯარი, სპეცრაზმიც შემოვიდა. რომ გვეგონა, ახლა გვეშველაო ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მშვიდობიანი მოსახლეობა განტევების ვაცებად გვაქციეს, პოლიცია ჩვენ გვეუბნებოდა, - ქისტებო, გეყოთ ბაირამობაო, ღირსებას გვილახავდნენ... სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება... უსამართლო დამოკიდებულებამ მოსახლეობა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ ნეგატიურად განაწყო.

- ხეობაში ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ ძალოვანი უწყებების მიმართ შეიქნა, თუ ზოგადად ქართველი ხალხის მიმართაც დაკარგეთ ნდობა?
- რას ამბობთ, სწორედ ქართველი ხალხის ძმურმა დამოკიდებულებამ გვიხსნა მთელი რიგი პრობლემებისგან. რიგითი ქართველების მხრიდან თანადგომის მეტი არაფერი გვახსოვს. უსამართლოდ ძალოვანი უწყებები გვექცევიან. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც არ არიან ჩვენს მიმართ ობიექტურები. სულ სკანდალს ეძებენ პანკისში. ცდილობენ რომ ქისტები, ნარკომანებად და კრიმინალებად წარმოგვაჩინონ. სინამდვილეში ჩვენ კანონისა და წესრიგის მოყვარული თემი ვართ. ქისტებისა და ქართველების გაუცხოება, გაყოფა არც ჩვენ მოგვცემს ხეირს და არც ქართველებს, ეს სხვა ქვეყნის ინტერესებში შედის.

- ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების შეშფოთების საგანი არაერთხელ გამხდარა ის ფაქტი, პანკისელები სირიაში მიდიოდნენ და "აისის" წევრები ხდებოდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
- სირიაში წასული ახალგაზრდები ჩვენი ტკივილია. ესენი იყვნენ მოტყუებული ბიჭები, რომლებმაც ვერ განჭვრიტეს თუ რაოდენ მიუღებელ და საშიშ საქმეში ჩაერთვნენ. ეს არ არის ჩვენი ომი. არაბებმა თავად უნდა მიხედონ თავიანთ საქმეს. ჩვენი რელიგია არ მოითხოვს სხვა ქვეყნის ომში ჩაბმას. ყურანში გარკვევით წერია, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ გვმართებს იარაღის ხელში აღება, როდესაც თავს გვესხმიან, ან აღმსარებლობის შესრულების უფლებას არ გვაძლევენ. პანკისელმა უხუცესებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ პროცესის შესაჩერებლად. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი ახალგაზრდები სირიაში წასვლაზე არც კი იფიქრებდნენ აქ რაიმე საქმით რომ ყოფილიყვნენ დაკავებულები. როდესაც ახალგაზრდა სწავლობს ან მუშაობს, ის ადვილად მოსატყუებელი აღარ არის. სულ ვამბობ, რომ პანკისში მხოლოდ ძალოვანი უწყებები არ უნდა მუშაობდნენ, აქ სახელმწიფოს მხრიდან იდეოლოგიური მუშაობა, სპორტული და კულტურული ღონისძიებების მოწყობაა საჭირო. მეტი სწავლა-განათლება სჭირდება პანკისს.

- როგორ ფიქრობთ, რუსული სპეცსამსახურები არ მუშაობენ პანკისში?
- მხოლოდ რუსული?

- რა რესურსი აქვს მტრულად განწყობილ ქვეყანას პანკისში სეპარატიზმის გაღვივებისთვის?
- არანაირი. პანკისში სეპარატიზმი გამორიცხულია. პანკისს საქართველოს ვერავინ წაართმევს.

- რა გაძლევთ ამის იმედს?
- ჩემი ხალხის სიბრძნე. კარგად ვიცნობ ჩემს ხალხს, მათ ზნეობას. 200 წელია საქართველოს მიწა-წყლით ვიკვებებით. ჩვენ არასდროს ვღალატობთ ძმებს.

ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)

ფატიიმა მოძმანაშვილი
18 ივლისი 2019 15:39
მადლობა ღმერთს , მადლს რომ მადლობით გადაგიხდიან და არ უმადურობით ეგ მათაც და ჩვენ ერსაც სიკეთედ წაადგება
პავლე
24 ივნისი 2019 00:23
გაიხარე ბრძენო, ჭკვიანო კაცო! ნეტავ ყველა ასე ფიქრობდეს საქართველოში, მათ შორის ქართველებიც!
მათა
23 ივნისი 2019 23:45
მიყვარხართ ქისტებო !!!და უზარმაზარ პატივს გცემთ..
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები