კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

კვირის ფიქრები...

მიშა, დაურეკე ახალკაცს!..

ტელეკომპანია "იმედი" ბოლო დროს "სიკვდილის მანქანად" იქცა. შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. თუ მიზანში ამოგიღო, დაგაჯდა სიკვდილის ბუზი და ეგ არის! პირველი მსხვერპლი ლაშა ჟვანია გამოდგა. ორი სიუჟეტი და ბატონი ლაშას თავი უკვე გაგორებული იყო!

ჟვანიას ამბავი, რა თქმა უნდა, "იმედის" გარეშეც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის შემზადება ხომ საჭირო იყო. აბა, ისე ხომ ვერ მოხსნიდნენ ერთ-ერთ "თვალსაჩინო" მინისტრს, ნაციონალური მთავრობის ახალ სახეს და სიამაყეს? საქმე მარტივად მოგვარდა: - ჟვანია ჯერ "იმედმა" გააშავა, შემდეგ კი პრემიერმა "პრინციპული" გადაწყვეტილება მიიღო. მერე პაატა ბურჭულაძეს მიადგნენ. თუმცა ბატონი პაატას შემთხვევა მაინც განსხვავებულია და ამის შესახებ ცალკე მოგახსენებთ. ახლა, როგორც ჩანს, ნოდარ ახალკაცის ჯერი დადგა. სამშაბათს ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, "იმედმა" კი, თითქოს ქვეყანაში ექვსბალიანი მიწისძვრები ყოველდღიური მოვლენა იყოს, მთავარი საინფორმაციო გამოშვება ფეხბურთისადმი მიძღვნილი მასალებით დაიწყო. თან ორი სიუჟეტით! ერთი ქართულ ფეხბურთში ჩაწყობილ და გაყიდულ თამაშებს ეძღვნებოდა, მეორე - ფედერაციის ცუდ მუშაობას. ამას, ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრის მიერ რუსთავში, შარტავას პროსპექტზე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილისადმი ნასროლი რეპლიკა უძღოდა, - ფეხბურთს უნდა მივხედოთო და მეორე დღესვე ამუშავდა არველაძის მანქანა. უბრალოდ, ამ საქმეში ერთი "მაგრამ" არსებობს, - ნოდარ ახალკაცს გილაური,  ჟვანიას მსგავსად, ვერ მოხსნის. ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მისი პრეზიდენტის თანამდებობა არჩევითია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში, როგორც ყველაფერი,  ეს დამოუკიდებლობაც და არჩევითობაც ფორმალურია. ფეხბურთის მოყვარულებს არ სჭირდებათ იმის შეხსენება, როგორ "აირჩიეს" მეორედ ახალკაცი თანამდებობაზე. ჰოდა, ახალკაცს პრეზიდენტი თუ დაურეკავს და ეტყვის, გადადექიო, ისიც გადადგება. ახლა მთავარი სააკაშვილის დარწმუნებაა, რომ ახალკაცთან დარეკოს.

კაცი-სიურპრიზი

იმას რა სჯობია, როდესაც ადამიანი ყოველდღე ახერხებს შენს გაოცებას! მაგალითად, ცნობილი ფაქტია, ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისი რომ არ დადგეს და მეუღლეებს ერთმანეთი არ მოსწყინდეთ, სასურველია, თუ ერთმანეთს ყოველდღე გააოცებენ, სიურპრიზებს მოუწყობენ. ასე ერთმანეთს თავიდან აღმოაჩენენ და ერთად ცხოვრებაც აღარ მოსწყინდებათ. ჰოდა, თუ შეიძლება ერთფეროვნების გამო ცოლი მოგწყინდეს, რატომ არ შეიძლება, ამავე მიზეზით პრეზიდენტი ამოგივიდეს ყელში? მაგალითად, შევარდნაძე როდესაც ხალხს ახალს ვერაფერს სთავაზობდა, მის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი ასეთი იყო: - 30 წელია ამ კაცს ვუყურებთ და ამოვიდა ყელშიო! არ ვიცი, მისი მემკვიდრე აპირებს თუ არა ქვეყნის სათავეში 30 წელი ყოფნას (ალბათ კი), მაგრამ შევარდნაძისგან განსხვავებით, ყოველდღე სიურპრიზებს რომ გვიწყობს და გვაოცებს, ფაქტია. ანაკლიასა და განმუხურში ვოიაჟის შემდეგ მეგონა,  ჩემს გაოცებას მინიმუმ ერთი თვე ვეღარაფრით შეძლებდა, მაგრამ მე ვბჭობდი, სააკაშვილი იცინოდა. ზუსტად ერთ კვირაში თელავში ისეთი შოუ მოაწყო, მთელი საქართველო პირდაღებული დატოვა. შემდეგ იმერეთში ჩავიდა და განაცხადა: - ესპანელმა არქიტექტორებმა მითხრეს, ქუთაისი ახალი პარიზი იქნებაო. მოკლედ, ბარსელონას და ნიცას, ახლა პარიზიც დაემატა. აი, თურმე როგორ შევდივართ ევროპაში!

ასეთი საქციელის გამო, სააკაშვილს ბევრი აკრიტიკებს. ზოგი ამბობს, რა უჭკუო პრეზიდენტი გვყავსო; ზოგი, ამის ხელში რა გვეშველებაო; ზოგიც - ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდაო და ა. შ. არადა, გული მწყდება, რომ ვერავინ ხვდება, რამხელა ფუფუნებაა, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელიც ყოველდღე ახერხებს შენს გაოცებას(!).

გასილაქებული რუსეთი

კვირის ბოლოს, გაერომ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. არ ვაპირებ არც ამ რეზოლუციის მნიშვნელობის დაკნინებას და არც განდიდებას. ჯერჯერობით რასაც მივხვდი, რეზოლუციის მთავარი ღირსება ის არის, რომ რუსეთს არ მოეწონა, მისი მიღება არ უნდოდა და გაერომ მაინც მიიღო. მორიგ "მწვავე" დოკუმენტს მიიღებს ალბათ მალე ევროსაბჭო. მართალია, მთლად რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევით დამუქრებას ვერ გაბედავს, მაგრამ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. საქართველოში მოკალათებული სკეპტიკოსების გასაგონად, პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყოველი ასეთი რეზოლუცია თუ დოკუმენტი რუსეთისთვის სილის გაწვნის ტოლფასიაო. ჰოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციების რაოდენობას გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ რუსეთი კარგა გვარიანად გაგვისილაქებია.

ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმი

ამ კვირაში ისევ დაიჭირეს რომელიღაც ქვეყნის საზღვარზე ქართველი ემიგრანტების ჯგუფი. ბოლო ერთი თვეა, კვირა არ გავა, ასეთი ინფორმაცია არ გადმოსცენ. ქართველებს ხან ეგვიპტიდან ისრაელში შეპარვის მცდელობის დროს იჭერენ, ხან ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე, ხან თურქეთში. ჩაყრიან საემიგრაციო ბანაკებში და იქ მანამ ამყოფებენ დამამცირებელ პირობებში, ვიდრე დეპორტაციისთვის საჭირო პროცედურებს მოაგვარებენ. მერე უკვე ავტობუსებში ან თვითმფრინავებში და... ესეც შენი დეპორტაცია! დეპორტირებულები კი უკანა გზაზე იმაზე ფიქრობენ, როგორ მოაგროვონ კიდევ ერთხელ ვიზისთვის საჭირო რამდენიმე ათასი დოლარი. რა დარჩათ გასაყიდი ან დასაგირავებელი, რომ კიდევ ერთხელ სცადონ საკუთარი სამშობლოდან გაღწევა. უმეტესობა მზადაა, კიდევ ერთხელ გარისკოს! თუ რამე შერჩენია, ისიც გაყიდოს, ოღონდ საკუთარ სამშობლოში ძაღლუმადურ ცხოვრებას თავი დააღწიოს. საქართველოს საზღვარს როგორც კი გადმოლახავენ, მათ ყველა ტელეარხის ეთერით პრეზიდენტი ეგეგება და როგორც ყოველთვის, მგზნებარედ საუბრობს. უკან რაღაც უცნაური დეკორაციები აქვს, მგონი მანქანებია. ყურს უგდებენ. პრეზიდენტი ამბობს: - ჩვენ ბიზნესის კეთების თავისუფლების კუთხით მსოფლიოში მე-11 ადგილზე ვართ, ჩვენ გავუსწარით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი... ადრე თუ ურემზე ვისხედით, ახლა "მერსედესის" კაბრიოლეტით დავქრივართო(!).