"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა..." - კვირის პალიტრა

"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა..."

"როცა თავს ვატყობ, ვინმეს ვეპრანჭები, გაპრანჭვას ეგრევე ვწყვეტ. გაპრანჭვა თამაშია, ეს თამაში არ მინდა, არ მომწონს", - ამბობს ტელეწამყვანი ნელი აგირბა. რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"არაფრის მეშინია. ფობიები არ მაქვს. ზოგჯერ შეიძლება პატარა შიში შემომეპაროს, მაგრამ მალევე გადამივლის ხოლმე..."

"...2 დღის წინ, თერაპიული პროცესის დროს, როცა თიხაზე ვმუშაობდი, 8 წლის ასაკში გადატანილი ტრავმა გამახსენდა, ამეტირა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მათ შორის რომელთან დავრჩებოდი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. დედა რუსეთში აგრძელებდა ცხოვრებას, მამა - საქართველოში. იმ დროს მეც რუსეთში ვცხოვრობდი და საქართველოში მამასთან ერთად დავბრუნდი. მერე იყო რთული პერიოდი, დედის მონატრება, რომელსაც მისი შორს ყოფნა ამძაფრებდა..."

ნელი აგირბა შვილებთან ერთად

"მშობლებს, რომლებიც დღეს ერთად აღარ ცხოვრობენ და საერთო შვილები ჰყავთ, ვთხოვ, მათ მაქსიმალური სიყვარული მისცენ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლებს ერთმანეთი მაინც უყვართ, უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ..."

"ბავშვობაში დედას ვკითხე, სიცოცხლეს რა აზრი აქვს-მეთქი? მიპასუხა, სიცოცხლის აზრი თავად სიცოცხლეაო. მაშინ რა თქმა უნდა, მის ნათქვამს ვერ მივხვდი, მაგრამ მერე და დღესაც ამაზე ხშირად ვფიქრობ..." (იხილეთ ინტერვიუ სრულად)

თამუნა კვინიკაძე