"11 წლისას დიდი ტრაგედია გადამხდა თავს... მეგონა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი..." - კვირის პალიტრა

"11 წლისას დიდი ტრაგედია გადამხდა თავს... მეგონა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი..."

"კაცების შოუს" წამყვანებმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს, რომ ხარაგაულში, სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლა წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ - ლეილა ხიჯაკაძემ დაამთავრა. ბევრი იცინეს იმის შესახებ, რომ ბოლო ზარის ღონისძიების რეჟისორიც, სცენარისტიც, მსახიობიცა და მომღერალიც ეს გოგონა გახლდათ; რომ თეთრ მაისურზე მარტო თავისი ხელმოწერა ჰქონდა; რომ ბანკეტზე მენიუს არჩევა არ გაუჭირდებოდა... ამ გადაცემას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. წერდნენ, რომ ამჯერად იუმორისტებმა სახუმარო თემა სწორად ვერ შეარჩიეს და გადაამლაშეს. შევეცადეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო თქვენთვის 17 წლის ლეილა ხიჯაკაძე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"11 წლისას დიდი ტრაგედია გადამხდა თავს, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და დღესაც მიჭირს ამაზე საუბარი. დედა გარდამეცვალა - ჩვენს სახლთან ავარია მოხდა, მანქანა დაგორდა და დედა, რომელიც ეზოში საქმიანობდა, ემსხვერპლა ამ ამბავს. უდიდესი ტკივილი განვიცადე. სიტყვებით ძნელია იმის გამოხატვა, რასაც მაშინ ვგრძნობდი. მეგონა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი..."

"დედისერთა ვარ. ცოტა ხნით თბილისში ვსწავლობდი დეიდასთან, მერე მამიდასთან ვცხოვრობდი, მაგრამ გადავწყვიტე, მამასთან დავბრუნებულიყავი - მარტო იყო და მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი. ასე რომ, მე და მამა მარტო ვცხოვრობთ და სოფლის მეურნეობას მივდევთ..."

"წყალაფორეთში ულამაზესი ბუნებაა, დასასვენებლად შესანიშნავი ადგილია, თუმცა სოფელი დაცლილია, უმეტესობამ მიატოვა აქაურობა ან იშვიათადღა ჩამოდის. აქ რომ დავრჩე, ვერაფერს მივაღწევ, ამიტომ ვისწავლი, უცხო ენების ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება და მერე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს სოფელში. როდესაც ვუყურებ ამ ულამაზეს ბუნებას, მდელოებს, მთებს, თავი სამოთხეში მგონია..."

"იყო დრო, როცა ჩვენი სოფლის სკოლაში 300 ბავშვი სწავლობდა, ახლა დაახლოებით 30 მოსწავლე თუ იქნება, წელს კი მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მე-12 კლასი დაამთავრა..."

"ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეც შევეჩვიე კლასში მარტო ყოფნას. თუმცა, სკოლის გარეთ ბევრი მეგობარი მყავს და ამან გამაძლებინა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი