შვილის გადაგდება თვითგანადგურებას ნიშნავს - კვირის პალიტრა

შვილის გადაგდება თვითგანადგურებას ნიშნავს

25 ოქტომბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ნაგავსაყრელზე ჩვილი იპოვეს. ბავშვი პლედში ისე იყო გახვეული, რომ სუნთქვა უჭირდა და ძლივს გამოსცემდა ხმას.

ჩვილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. პატარა 3,900 კგ-ს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საყოფაცხოვრებო პირობებში გაჩენა იოლი არ უნდა ყოფილიყო დედისთვის, რომელმაც გადასაგდებად გაიმეტა. მისი ვინაობა ჯერაც გაურკვეველია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულის ჩამდენს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რისი შედეგია და საიდან იღებს სათავეს ეს პრობლემა, ამის შესახებ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გვესაუბრება:

- ქალბატონო ნანა, იურისტები მომხდარს დანაშაულს უწოდებენ, რა ჰქვია ამას ფსიქოლოგების ენაზე?

- მოდგმის დაცვის ინსტინქტის უქონლობა, რაც ანომალიაა.

- საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში ხშირად ფიქსირდება, რომ აბორტების რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შეიძლება ამ ორ მოვლენას ერთი მიზეზი განაპირობებდეს?

- მიზეზი ერთია და გამომდინარეობს სოციალური მდგომარეობიდან, რომელსაც ქართული ხასიათი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ქართველი მატერიალურ სიდუხჭირეს ძნელად იტანს. ამავე მიზეზით ოჯახში მორალური მხარეც კი ირღვევა.

პარადოქსულია, მაგრამ ქალების  ერთი ნაწილი ოჯახების სოციალური კრიზისისგან გადასარჩენად ყველაფერზე მიდის.

ეს ძალიან რთული ფენომენია. დასანანია, მაგრამ ქართულ ხასიათში ზის ეს მანკიერება, მაგრამ ერის ნაკლოვანების რანგში, როგორც უმრავლესობის თვისებად, არ უნდა განვიხილოთ. ახლახან ჩამოვედი ბედიანის ბავშვთა სახლიდან, სადაც ბავშვები საუკეთესო აღმზრდელებთან ერთად ცხოვრობენ.

იქ ბავშვების უმრავლესობა იმიტომ არის, რომ დედებს შვილების მინიმალური მოთხოვნების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ. ეს ძალიან მძიმე გადასატანია როგორც დედებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ უკვე მოდგმის დაცვის ინსტინქტი მუშაობს, - ოღონდ შვილი გადარჩეს და მზად არის, ბავშვთა ამ სახლში მიიყვანოს.

- მხოლოდ სოციალური მდგომარეობა შეიძლება გახდეს მოდგმის დაცვის ინსტინქტის უქონლობის მიზეზი?

- კულტურის დონესაც აქვს მნიშვნელობა. მოდგმის დაცვის ინსტინქტზე უარს ამბობენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს და თავისი თავის მნიშვნელობას კარგავს; ან როდესაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეუსაბამოა იმასთან, რომ იყოს დედა, შვილი გაზარდოს და ა.შ. ამაზე უარის თქმა თვითგანადგურებას ნიშნავს. ვერ ვიტყვი, რომ ამის გამკეთებელი შეურაცხადია, მაგრამ ზღვართან ახლოს არის.

იქ, სადაც დედობის განცდა წინა პლანზე გადმოდის, ყველაფერი კონსტრუქციულია.  მას მხოლოდ პოზიტიური ქმედება შეუძლია. ასეთ ადამიანში დიდი სათნოებაა და როდესაც ქალი უარს ამბობს დედობაზე, სათნოებასაც წერტილი ესმება.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანები ამ მომენტამდე არ მივიდნენ. ამისათვის მათ უნდა ჰქონდეთ სამუშაო, ცხოვრებაში არჩევანის მეტი საშუალება, რომ სოციალურად ღირებულად იგრძნონ თავი. შიმშილი ხშირად უამრავი ნეგატივის გამომწვევია. მათ შორის პროსტიტუციის, რომელიც დაბალი ფენისთვის არის უფრო მახასიათებელი. თუმც, არსებობს ელიტური პროსტიტუციაც, რომელსაც საქართველოში დიდ პროპაგანდას უწევენ ტელევიზიები.

ელიტურ საზოგადოებაში პროსტიტუცია მატერიალური მდგომარეობის შექმნის საშუალებაა. სოციალურად დაბალი ფენისათვის კი პროსტიტუცია, სექსუალური კონტაქტი, აგრესიის, დაძაბულობის, არასრულფასოვნების შეგრძნების გამო პროტესტის გამოხატვაა.

სადაც "მე"-ს შეგრძნება ქრება. თუ ასეთ გარემოში ბავშვი ჩაისახება, მას სიყვარულით არავინ შეხვდება. როგორ გეყვარება ვინმე, მით უფრო - დაუბადებელი ბავშვი, როდესაც საკუთარი თავი არ გიყვარს?!

ქვეყანაში, სადაც ამდენი უშვილო წყვილია, გამარტივებული საკანონმდებლო ბაზისა და პროპაგანდის შემთხვევაში, ბევრი იშვილებდა მიუსაფარ ბავშვებს. მეც კი, ვისაც შვილები და შვილიშვილები მყავს.