"13 ივნისის ჭრილობებს ვერაფერი მოაშუშებს" - კვირის პალიტრა

"13 ივნისის ჭრილობებს ვერაფერი მოაშუშებს"

ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო, როდესაც 2015 წელს 13 ივნისი თენდებოდა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, რომელიც გვაქვს, ამას ვერაფერი მოაშუშებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან იმყოფება. მისი თქმით, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია შესრულდა, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულმა ყველა ოჯახმა შესაბამისი ანაზღაურება მიიღო.

"ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო, როდესაც 2015 წელს 13 ივნისი თენდებოდა. ახლა რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე, რამდენად რთული იყო იქ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. მას შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა, ანუ ყველაფერი ის, რაზეც რეკომენდაცია იყო გაწეული, ყველაფერი გაკეთებულია," - განაცხადა კახა კალაძემ.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დღემდე დაკარგულად ითვლება ორი პირი, დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა "მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ზოოპარკის ბინადართა ნაწილი ემსხვერპლა. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

"ინტერპრესნიუსი"