რა სთხოვა 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ კახა კალაძეს - კვირის პალიტრა

რა სთხოვა 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ კახა კალაძეს

2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა დედაქალაქის მერს თხოვნით მიმართა, სტიქიისას დაღუპულთა მემორიალთან მისასვლელად თამარაშვილის ქუჩიდან კიბე გაკეთდეს.

როგორც გიორგი ჯიბუტმა ჟურნალისტებს განუცხადა, 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც ვერეს ხეობაში მდებარეობს, მისვლა რთულია.

გიორგი ჯიბუტმა 13 ივნისის სტიქია გაიხსენა და საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"რა თქმა უნდა, ძნელია ამის გახსენება. ეს იყო შემზარავი დღე არა მარტო ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, არამედ მთელი ქვეყნის ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ერთსულოვნება, როგორ ერთსულოვნად ეძებდნენ დაკარგულ ადამიანებს ახალგაზრდები და მთელი მოსახლეობა. ასეთი ერთსულოვნება ალბათ 9 აპრილის შემდეგ არც გვინახავს. მადლობელი ვარ ხსოვნისთვის, რომელსაც ჩვენი მთავრობა და მოსახლეობა იცავს იმისთვის, რომ გვახსოვდეს ივლიტა და ყველა წასულები.

ივლიტას ხსოვნისთვის ჩვენ შევქმენით ივლიტას სახელობის ფონდი, რომელიც სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს აწარმოებს, ეხმარება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკას, ასევე ქართული ენის და ლიტერატურის კაბინეტს მის მშობლიურ სკოლაში, დაბა ჩოხატაურში. ფონდი მხოლოდ ჩვენი ოჯახის სახსრებით არსებობს.

შარშან დედაქალაქის მერს ვთხოვეთ, რომ მემორიალზე ჯვარი გაკეთებულიყო, რაც უკვე გაკეთდა. ასევე გაკეთდა სკამებიც. ახლა თხოვნა გვაქვს, რომ თამარაშვილის ქუჩიდან ჩამოსასვლელი კიბე გაკეთდეს, რადგან მემორიალთან მოსვლა რთულია. აქ ჩვენ ხშირად მოვდივართ ხოლმე, მოგვაქვს ყვავილები. თქვენ იცით, რომ ორი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, რომელთა ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ მათი საფლავები აქ არის",- აღნიშნა დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დღემდე დაკარგულად ითვლება ორი პირი, დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა "მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ზოოპარკის ბინადართა ნაწილი ემსხვერპლა. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

"ინტერპრესნიუსი"