"5 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ცოტნეს დედა" - რას ჰყვება 9 წლის ვირტუოზის ბებია?
"5 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ცოტნეს დედა" - რას ჰყვება 9 წლის ვირტუოზის ბებია?
ფოტო:პატარა ცოტნე დედასთან ერთად
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა 9 წლის ბექა ზედგინიძის ვიდეომ სრულიად საქართველო აალაპარაკა.

"მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული... ღმერთო, დიდი მადლობა რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას... 14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს,
საინტერესოს, განსაკუთრებულს... აი, რატომ
და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!" - დაწერა ცნობილმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკა რაჭველმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".

როგორც გაირკვა ცოტნე ცნობილი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია. kvirispalitra.ge ცოტნეს გამზრდელ ბებიას ქალბატონ ნინო მამრაძეს ესაუბრა. 

- ქალბატონო ნინო, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 6 წლის ბიჭუნა ვირტუოზულად უკრავდა, თან გვიხსნიდა, ახლა რასაც შეგისრულებთ ესეც ჩემი დაწერილია, ესეც ჩემი დაწერილიაო. გამოდის, ცოტნე რამდენიმე წლის წინ გაგვიცვნია...
- დიახ, იმ ვიდეოში რამდენიმე იმპროვიზაცია დაუკრა. არც ვიცოდით ეს ვიდეო ისე დაუდია მის ნათლიდედას. ცოტნეს საერთოდ არ უნდოდა საჯარო გამოსვლები. მეც არასოდეს დამიძალებია. მუსიკალურ სკოლაში არასდროს უვლია, სწავლობს ჩემთან, სახლში, ხუთნახევარი წლის ასაკიდან. მე პიანისტი ვარ, დამთავრებული მაქვს მოსკოვის კონსერვატორია და ასპირანტურა. ვუკრავდი, როგორც მოქმედი პიანისტი, 6 წლის განმავლობაში - 2011 წლამდე - თბილისის ნიჭიერთა ათწლედის დირექტორი ვიყავი, კონსერვატორიაშიც ვმუშაობდით მე და ჩემი მეუღლე ნიკუშა სულხანიშვილი - დიდი ნიკო სულხანიშვილის შვილიშვილი. ეს მას შემდეგ, რაც კაიროდან დავბრუნდით, - მანამდე ჩვენ კაიროს აკადემიაში ვიყავით მიწვეულები ევროპული მუსიკის ექსპერტებად. იქ 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით. მოგვიანებით, თბილისში, ილიაუნში, ჩემი იდეით, შეიქმნა მუსიკის ცენტრი. იმისთვის, რომ არ გვქონოდა მხოლოდ ერთი მუსიკალური უმაღლესი სასწავლებელი და შექმნილიყო ჯანსაღი კონკურენცია.
თავიდანვე, როგორც კი შევუდექი ცოტნესთან მუშაობას, გამომჟღავნდა, რომ ჩვეულებრივ სასწავლო სისტემაში არ შეიძლებოდა მისი მიყვანა.
ცოტნეს მეცადინეობის დაწყებიდან მალევე, მოულოდნელად გარდაიცვალა ცოტნეს დედა -  ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ირინა. მაშინ ირინა 36 წლის იყო, ცოტნე 5-ის, მისი დაიკო ნინიკო - 3 წლის. ირინას, გული და ფილტვი გაუსკდა, ართერო პრობლემების გამო, რომელიც მანამდე არ მჟღავნდებოდა. წავიდა სამსახურში, ლექცია წაიკითხა, შესვენების დროს თქვა - ცუდად ვარო და... წამში მოხდა ეს საშინელი ამბავი...

- როგორც ვიცი, ახლა თქვენ ზრუნავთ ნინიკოსა და ცოტნეზე...
- თავიდანვე მე და ირინა, სახლში, სადაც ახლაც ვცხოვრობთ, ერთად ვზურავდით მათზე. ცოტნეს და ნინიკოს მამა - გიორგი, მოდიოდა ჩვენთან, ზოგჯერ ესენი მიდიოდნენ მასთან. ირინას წასვლის შემდეგ ბავშვებმა ისევ ჩემთან გააგრძელეს ცხოვრება. დღემდე ასეა.
ცოტნეს განათლებას რაც შეეხება, ჩვენ ბევრი რამ გავიარეთ აკადემიური განათლების მისაღებად - პოლიფონია, ეტიუდები, სონატები... მუსიკალურ ნაწარმოებს ძალიან ადვილად არჩევს და ასრულებს.

- გამორჩეული მუსიკალური მონაცემები პირველად როდის შეამჩნიეთ?
- მას შემდეგ, რაც მუსიკის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ერთი წლის ასაკიდან უკვე ისეთი გატაცებით უსმენდა კლასიკურ მუსიკას, გვიკვირდა. ორწლინახევრის იყო როსინის და მოცარტის ოპერებს რომ უსმენდა, ამბობდა ხოლმე, - ახლა შემოვა ვიოლინოო...

იმპროვიზებით  6 წლიდან დაინტერესდა. მერე და მერე, ამ იმპროვიზაციამ გამოავლინა მისი საკუთარი მუსიკალური ენა და ამიტომ უკვე დავფიქრდი იმაზე, რომელ სასწავლო სისტემაში მიმეყვანა, თუმცა მივხვდი, რომ ამ ეტაპზეც ეს არ იქნებოდა სასურველი. ამასთანავე, როგორც აღვნიშნე, ძალიან არ უნდოდა საჯაროდ გამოსვლა. მე კი მისი სურვილის წინააღმდეგ არ მინდოდა წასვლა...

ამიტომ დარჩა ჩემთან, მადლობა ღმერთს, შემეძლო მიმეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა აკადემიური განათლების მიღებისთვის. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოუსმინეს ელისო ვირსალაძემ, დინი ვირსალაძემ და სხვა ბევრმა ცნობილმა პროფესიონალმა...
პატარა ცოტნე ბებიასთან ერთად
- აშკარაა, თქვენი მხრიდან, ცოტნეს გენი უდაოდ მუსკალურია, თქვენი მეუღლის მხრიდანაც, დიდი კომპოზიტორის გენებმა იმძლავრა ამ საოცარ ბავშვში...
- ასეა, რაც შეეხება ცოტნეს ბაბუას, მამის მხრიდან - გურამ ზედგინიძე ისტორიკოსი იყო, მაგრამ კონსერვატორიაც ჰქონდა დამთავრებული, ვოკალის ფაკულტეტი და 3 წლის განმავლობაში ტენორი იყო, სოლისტად იმუშავა თბილისის ოპერაში. უწინ მათი გვარი ყოფილა პოლუმორდვინოვი და მუსიკალური წრეში მას სწორედ ამ გვარით სცნობენ. გურამის მამა, ასევე შემოქმედი, მწერალი ელიზბარ ზედგინიძე გახლდათ.

ცოტნე დღეში რამდენიმე იმპროვიზაციას ქმნიდა, ბოლო ერთ წელზე მეტია ფორტეპიანოზე უკრავს, არჩევს და ასრულებდა საოპერო კლავირებს. წერს სიუჟეტებს, იგონებს საოპერო დადგმებს. დარბის, ხელებს იქნევს, მეუბნება, -  ბები, იცი რა კვარტეტი დავწერე ახლაო...

ეს პროცესი მისთვის ჰაერივით აუცილებელია. ახლახანს გადაწყვიტა კონცერტის დაკვრა, იმის მერე, რაც ჩემი პიანისტების შესრულებით დედამისის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა ილიაუნში. აპრილის დასაწყისიდან ჩავუჯექით საფორტეპიანო პროგრამას, პარალელურად სულ თხზავს. ამ პროგრამაში, რომლის ფრაგმენტიც გასაჯაროვდა, 5 ნაწარმოებია, აქედან 4 მაისში შეთხზა. თვითონ მუსიკას არ იწერს, მე არც მისწავლებია, იმიტომ რომ ვშიშობდი, ასეთი რთული ენის ჩანაწერი მას არასაჭირო ტვირთად დასწოლოდა, შემდეგში ვასწავლი, მაგრამ ძალიან ფაქიზად. ახლა თავისუფალია თავის იმპროვიზაციებში და უკვე კომპოზიციებში. მიმაჩნია, საკუთარი ენა - ყველა სერიოზული მუსიკოსისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

ცოტნე აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბავშვია - დახტის, თავის დასთან ერთად გიჟობს, ძალიან უყვარს ხუმრობა. პირველად ელისო ვირსალაძემ უწოდა მას ის სიტყვა, რაც მე არ შემიძლია გავიმეორო. სხვა რომ ამბობს ამ სიტყვას, გულში შიში მეღვრება და პირჯვარს ვიწერ ხოლმე.

ჩემთვის მთავარია ცოტნე იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს ცხოვრების ინტერესი და ის შემოქმედებითი მუხტი, რომელიც ახლა აქვს მომავალშიც გაჰყოლოდეს, იმიტომ, რომ ასე ცხოვრება ბევრად უფრო სავსე და საინტერესოა. 68 წლის ვარ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში მთავარია, ადამიანმა სხვა ადამიანის თანაგრძნობა შეძლოს და თუკი კიდევ შემოქმედებითი ნიჭიც აქვს, ეს უდიდესი ბედნიერებაა.

- კიდევ რა ინტერესები აქვს ცოტნეს?
- ბევრი, პატარა რომ იყო "დისქავერის" სამტომეული იტაცებდა. ანატომია - ადამიანის ორგანოები, ცენტრალური ნერვული სისტემაც დიდხანს იყო მისი ინტერესის წყარო. საერთოდ ძალიან უყვარს წიგნები. ბოლო პერიოდში კითხვას მოუკლო და დადგმებზე გადავიდა.

მაინც ოპერისკენ მიუწევს გული - ორკესტრი, ვოკალი, დრამატული სიტუაცია, დეკორაციები, ეს ყველაფერი ერთად მას ძალიან იზიდავს.

- ვინ უნდა რომ გამოვიდეს?
- მეკითხება ხოლმე, - როგორ ფიქრობ, მე პიანისტი და კომპოზიტორი ვარო? ამავდროულად თავისი თავის მიმართ ჯანსაღი მიდგომა აქვს.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო

17 ივნისი 2019 09:16
საყვარელო გაიზარდე ბედნიერი ჯანმრთელი. წარმატებები ულევი
მარიკო
16 ივნისი 2019 11:49
ცხოვრებაში მთავარია, ადამიანმა სხვა ადამიანის თანაგრძნობა შეძლოს და თუკი კიდევ შემოქმედებითი ნიჭიც აქვს, ეს უდიდესი ბედნიერებაა.
ამ სიტყვებზე მართლა ამეტირა.
გენიოსი გყავთ, ვუნდერკინდი ... ვირტუოზი.. ეს ბავშვი ჩვენი მომავალია ..... უფლის მადლი გიფარავდეთ მუდამ და უსურვებ ამ ნიჭიერ ვარკვლავთ ბიჭუნას მთელი ცხოვრება ეკაშკაშოს თავისი ნიჭით.
თამარ კაპანაძე
16 ივნისი 2019 00:46
ცოტნე, საუკეთესო გენეტიკის ღირსეულად მატარებელო პატარა, მაგრამ ძალიან ჭკვიანო ბიჭო, უფალმა დაგლოცოს და დიდი წარმატებები მოგიტანოს ცხოვრებაში!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები