"ქეთი ტირილით მეხვეწებოდა, - სამივე ვერ გადავრჩებით, ლუკა გაიყვანე და მე დავრჩებიო" - ერთ ღამეში შეცვლილი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ქეთი ტირილით მეხვეწებოდა, - სამივე ვერ გადავრჩებით, ლუკა გაიყვანე და მე დავრჩებიო" - ერთ ღამეში შეცვლილი ცხოვრება

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, მათ შორის მუშკუდიანების ოჯახის.

kvirispalitra.ge-სთან საუბრისას, ზურა მუშკუდიანმა გაიხსენა, სახლთან მისვლამდე როგორ გადაცურა დიდი მანძილი, როგორ შეაღწია სახლში და როგორ გადაარჩინა სასიკვდილოდ განწირული მეუღლე 2 წლის ვაჟი

ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში სვანიძის #11-ში ცხოვრობდნენ, ჩვენთან ერთად იმ ადგილს ათვალიერებდა, სადაც ოდესღაც მათი სახლი იდგა.

ზურა მუშკუდიანი:

- ერთი ჩვეულებრივი დღე იყო... კუს ტბის სამაშველო სამსახურში ცვლაში ვმუშაობდი, როცა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, წყალში ვიხრჩობით და გვიშველეო, ვერ მივხვდი როგორ იხრჩობოდნენ, ვიცოდი სახლში იყვნენ ყველანი. სასწრაფოდ წამოვედი მეგობრის მანქანით, რომ ჩამოვედი სვანიძის ქუჩაზე, საშინელი სურათი დამხვდა...

ქეთი ბეგიაშვილი:

- მე და ჩემი შვილი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე ავედით. ალბათ 15-20 წუთი ვიყავით ასე და ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ზურას სახლამდე მოეღწია და ბავშვისთვის ეშველა. წყალმა საწოლი ზემოთ აიტანა...

მე და ლუკას უკვე ჭერზე გვქონდა თავი მიდებული...

ზურა:

- ქუჩაზე მდინარე მოედინებოდა. 100 მეტრის მანძილზე ამ წყალში გაცურვა მომიწია და მოვაღწიე სახლამდე. როგორ მოვედი მართლა არ მახსოვს, მხოლოდ იმას ვფიქრობდი ოჯახის წევრები მეპოვა.

სახლის კარები და ფანჯარა დაკეტილი დამხვდა, არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ფანჯრიდან შევაღწიე და რას ვხედავ, ჩემი მეუღლე ასულია ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე, ბავშვი უჭირავს ხელში და ორივეს თავი ჭერზე აქვთ მიბჯენილი.

ქეთი უნდა დამეხმარო, რომ აქედან ერთად გავიდეთ - მეთქი!

ქეთი ტირილით მეხვეწებოდა, - სამივე ვერ გადავრჩებით, ლუკა გაიყვანე და მე დავრჩებიო. იხილეთ სრულად სპეცპროექტი: "მამა, მადლობა, რომ გადამარჩინე"