ლევან სანიკიძემ უკან, საქართველოს გულისაკენ მოახედა ქართველები - კვირის პალიტრა

ლევან სანიკიძემ უკან, საქართველოს გულისაკენ მოახედა ქართველები

ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართული პროზის საგანძურის სერიით ლევან სანიკიძის "წიგნი მოწამეთა" შეემატება თქვენს ბიბლიოთეკას

მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი რუსულ სკოლებში სწავლასა და რუსულ ლაპარაკს ელიტარულობის ნიშნად აღიქვამდა, ის ძველ ქართულ დოკუმენტებს ჩაჰკირკიტებდა, ქართული ენის მადლსაც და საქართველოს ისტორიის სულისშემძვრელ ამბებსაც მაშინ ეზიარა.  საქართველოს ისტორიაზე უმრავლესობას ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა მხოლოდ, "ქართლის ცხოვრების " წამკითხავი კი ვინ იყო ერთეულების გარდა.

დიახ, ერთეულები, მაგრამ მაინც არსებობდნენ ეროვნული სულის მატარებელი ადამიანები, რომლებიც საქმით ამბობდნენ სათქმელს. ჰოდა, ლევან სანიკიძემაც საქმით თქვა...

ასე დაიწერა "უქარქაშო ხმლები", "ამბავი კოლხი ასულისა", "გიორგი სააკაძე", "დედა ისტორია", "დავით აღმაშენებელი", "თამარიანი", "სავედრებელი გიორგი ათონელისა", "მესამე დასის საქართველო", "მკვლელობა ხობისწყლის პირას", "წიგნი მოწამეთა"...

ამ წიგნებმა მართლაც გააკეთეს დიდი საქმე - საქართველოს ისტორია წააკითხეს ქართველ ხალხს. სწორედ მაშინ, როცა სამშობლოსაგან პირმიქცეულები იდგნენ მრავალნი, ლევან სანიკიძემ უკან, საქართველოს გულისაკენ მოახედა ისინი. წყნარად და გასაგები ენით აუხსნა, რომ "ქვეყანა კავკასია - მსოფლიო თილისმა სუფევს ამ სახელდებაში. მთა კავკასიონი - ვერცხლის შუბლი დედამიწისა, მაერთებელი, შუასახსარი აზიისა და ევროპისა. ხოლო დედამიწის შუბლზე, მის სამხრეთ მხარეს, გაშლილია ქვეყანა, რომელსაც ჰქვია - საქართველო. უმშვენიერესი და უჯანსაღესი, ნაშობი ზეცისა და დედამიწისა"...

ათას საცდურსა და სიამოვნებაში არ უნდა დაგავიწყდეს მთავარი, რომელიც სიამოვნება კი არა, სულისა და სხეულის სიმტკიცის მკაცრი გამოცდა უფროა - სიცოცხლე შენი სამშობლოსათვის - დედა სამშობლოსათვის. მხოლოდ მაშინ გადაგირჩება

"დედა-მიწა / დედა-ბუნება / დედა-სამშობლო / დედა-ბურჯი / დედა-სვეტი / დედა-ბოძი / დედა-კაცი / დედა-ბუდე / დედა-ქალაქი / დედა-ციხე / დედა-ეკლესია / დედა-პური / დედა-ძარღვი / დედა-არსი' / დედა-აზრი / დედა-ენა

...

ადგილის დედა / გუთნის დედა".

გადაგირჩება ყველაფერი, რაც ძვირფასია...

კაცთა მოდგმას უჭირს თავის გაწირვა, სულ რაღაც 7-8 ათეული წელი აქვს ნაბოძები უფლისაგან, უნდა, რომ იცხოვროს, ისიამოვნოს, უყვარდეს, უყვარდეთ...  მერედა, რომ იცხოვროს და უყვარდეს, რომ მისმა შვილებმა იცხოვრონ, დედას დედა დაუძახონ და მოყვასს - მოყვასი, სიამოვნება ვერაფრის გარანტიაა...

აბა, გადაშალეთ "წიგნი მოწამეთა" - რამდენი სიცოცხლე დაედო სალბუნად ჭრილობას, რომ დღეს ჩვენ, ჩვენი დედები და მამები, ჩვენი შვილები და შვილიშვილები დედამიწაზე ვარსებულიყავით, დედასამშობლო არ დაგვეკარგა და დედა ენაზე გვემეტყველა... და თუ დედააზრის გარჩევა ხანდახან გვიჭირს ათასობით მრუდე აზრისაგან, რომელიც ხან ტელეეკრანიდან მოფარფატებს, ხან კომპიუტერის მონიტორიდან და ხანაც ჩვენივე თანამედროვეთა დაბინდული გონებიდან, იქნებ ღირდეს ცოტა გამოვფხიზლდეთ და პირი ისევ იქით მივიბრუნოთ - საქართველოს გულისაკენ.

გადავშალოთ, შვილებსა და შვილიშვილებსაც გადავაშლევინოთ წიგნი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებს, რადგან ქართველი ხარ - ლევან სანიკიძის "წიგნი მოწამეთა".