"მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ჩვენში უძველესი ცივილიზაციის კვალი ასეთი თვალშისაცემია" - ციკლოპური ნაგებობები საქართველოში - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ჩვენში უძველესი ცივილიზაციის კვალი ასეთი თვალშისაცემია" - ციკლოპური ნაგებობები საქართველოში

ალბათ, უძველესი წარსულის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისას ხშირად გადაჰყრიხართ უზარმაზარი ლოდებით ნაშენებ ციკლოპურ ნაგებობებს ან მის ნანგრევებს - მეგალითებს, რომელსაც უხსოვარ დროში საკულტო, საყოფაცხოვრებო და სარიტუალურო დანიშნულება ჰქონდა. თავად მეც ბევრი მინახავს, განსაკუთრებით - მეზობელ თურქეთში, მათ შორის, საქართველოს ისტორიულ მიწაზე, ასევე - სომხეთში. ამგვარი ნაგებობა ბევრია დღევანდელ საქართველოშიც, თუმცა ცალკეული მეცნიერებისა და მეგალითებით დაინტერესებული მოგზაურების გარდა, მისი დათვალიერება-შესწავლით ნაკლებად ინტერესდებიან... მეგალითების შესწავლა კი არათუ ღირს, აუცილებელიცაა და თუ რატომ, ამას შესანიშნავად პასუხობს ააიპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრის პროექტი "უძველესი ცივილიზაციების კვალდაკვალ".

ახლახან პროექტმა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ "კულტურული მარშრუტების ხელშეწყობის განვითარების" კუთხით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, შესაბამისად, დაფინანსდა კიდეც და კინოსტუდია "ხომლთან" ერთად განხორციელდა.

საქართველოს მეგალითების პროექტზე მისი ერთ-ერთი ავტორი, მწერალი და დრამატურგი ნინო სადღობელაშვილი გვიამბობს:

- დაახლოებით, 3 წელიწადია, რაც ჩვენი ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი და კინოსტუდია "ხომლი" ერთობლივად ვმუშაობთ დოკუმენტურ ფილმებზე, სადაც აღვწერთ ჩვენი ქვეყნის ხუროთმოძღვრულ, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, პოპულარიზაციას ვუწევთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს.

ძალიან დავინტერესდით მეგალითებით - უძველესი ციკლოპური ნაგებობებით, რომელიც ჩვენი ისტორიის მართლაც საგანძურია, ნაკლები ყურადღება ექცევა და, შესაბამისად, შესწავლილიც ნაკლებადაა. სამწუხაროდ, მისი მნიშვნელობა აქამდე სახელმწიფოებრივად არც იყო გააზრებული და არც სახელმწიფო კულტურულ პროგრამებში ჩაურთავთ. საბედნიეროდ, ჩვენს ინტერესებს დაემთხვა და განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი "კულტურული მარშრუტების ხელშეწყობის განვითარების" თემაზე. სხვა კონკურსანტების პარალელურად, ჩვენც - ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრმაც წარვადგინეთ პროექტი სახელწოდებით - "უძველესი ცივილიზაციების კვალდაკვალ".

მისი არსი გახლავთ: რამდენად მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მეგალითების კულტურულ მარშრუტად ქცევა; რომ ამით დანარჩენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ თამამად ვეტყვით, რომ ჩვენში უძველესი ცივილიზაციის კვალი ასეთი თვალშისაცემი და ხელშესახებია; რომ ამით კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოვიზიდავთ, თანაც საქართველოს სწორედ იმ რეგიონებში, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული. ეს ეთნიკური ჯგუფები თითქოს დაშორებულები არიან დანარჩენი საქართველოსგან და ამგვარი მარშრუტი მათ ქართველებთანაც და ქვეყნის სტუმრებთანაც ადაპტაციის, მეტად დაახლოების შესანიშნავ შანსს მისცემს. ეს კი ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

- იმ რეგიონებში ტურისტების სიმრავლე ადგილობრივებს ფინანსურადაც დააინტერესებს და ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროებაც გაჩნდება. ვფიქრობ, თვალსაჩინოებების, ანუ მეგალითებისა და პეტროგლიფების გაცნობით, პოპულარიზაციით ისინიც მიიღებენ გაკვეთილის მაგვარს საქართველოს უძველესი ისტორიიდან. როგორც ვიცი, უკვე მოიარეთ ის ადგილები. რას ფიქრობს ამგვარ პროექტზე ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა?

- გზადაგზა ვესაუბრებოდით ხოლმე ადგილობრივებს და აშკარად გამოცოცხლება შევატყვეთ - სასტუმროებს ავაშენებთ, მოვაწყობთო, - სიხარულით ამბობდნენ. ასეთი მარშრუტი შევიმუშავეთ: სარო-აბული-შაორი- ავრანლო-თეჯისი-გოხნარი-ჩხიკვთა და მამულო. გარდა უზარმაზარი მეგალითებისა, თეჯისში არის მენჰირიც - ვეებერთელა ქვა, რომელსაც, როგორც ჩანს, წარმართული რიტუალებისთვის იყენებდნენ.

ჩვენი პროექტის მიზანი ამ ადგილების საფუძვლიანი კვლევაა - ჯგუფში გვყავს ხელოვნებათმცოდნე მაქი კვიციანი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა, ახალგაზრდული ხედვით, ასევე - ინსტრუქტორი, რომელიც ტურისტულ გზებს ინიშნავს, რასაც შემდეგ ტურისტებს შევთავაზებთ.

პროექტით გვევალება გარკვევა, ინფრასტრუქტურულად რა პერსპექტივა აქვს თითოეულ ძეგლს - მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით უნდა ვიცოდეთ იქაური პრობლემები, რას საჭიროებენ და რა არ აქვთ, მიმდებარე ტერიტორია ტურისტებისთვის ამ მხრივაც მიმზიდველი რომ გახდეს.

ჯავახეთი ხომ ტბების მექაა, თევზაობის სეზონზე ამ კუთხითაც შეიძლება ტერიტორიის განვითარება, თუნდაც კემპინგის მოსაწყობად... მოკლედ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ჩემს წიგნში, რაზეც ახლა ვმუშაობ, ყველაფერი დეტალურად იქნება მოთხრობილი, სად რისი გაკეთებაა შესაძლებელი. წიგნის ელექტრონულ ვერსიას წარვუდგენთ სამინისტროს და თუ მოიწონებს, დანარჩენი უკვე მისი განსახორციელებელია.