"ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა, რომ ორი დღე დედას შეძრწუნებული ხმა თავიდან ვერაფრით ამოვიგდე" - კვირის პალიტრა

"ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა, რომ ორი დღე დედას შეძრწუნებული ხმა თავიდან ვერაფრით ამოვიგდე"

"როცა შეგიძლია ვიღაც გაახარო ან დაეხმარო, ეს რატომ არ უნდა გააკეთო?!"

რუბრიკისთვის "შთაბეჭდილებები" ჩვენი რესპონდენტები უმთავრესად ისეთ საინტერესო დეტალებს გვიყვებიან თავიანთი ცხოვრებიდან, რომლებიც შეიძლება სხვა დროს არც გაახსენდეთ. ეს მათი სხვა კუთხით დანახვის საშუალებას იძლევა. ასე მოხდა მსახიობი და მომღერალი მარიამ ჩუხრუკიძის შემთხვევაშიც, რომელსაც სასაუბროდ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვესტუმრე.

- ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ საკმაოდ ადრეულ ასაკში ვნახე ქართული ფილმი "ქეთო და კოტე" და დღემდე ვგიჟდები მასზე. მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი ისე მომეწონა, მივხვდი, რომ მეც იგივე მინდოდა მეკეთებინა და მსახიობი გავმხდარიყავი. ჩემი მასწავლებლის გადაწყვეტილებით, სკოლის ზეიმებზე სულ პრინცესა და დედოფალი ვიყავი, ეს ყველაფერი ძალიან მომხიბლავი იყო. მინდოდა მრავალფეროვანი ცხოვრება მქონოდა და ეს პროფესია ამის საშუალებას მომცემდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძნელია ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც ყოველდღიურად ერთი და იმავეს გაკეთება გიწევს. სწორედ ამიტომ ავირჩიე მსახიობის პროფესია და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

- შეიძლება ახლა დაგამძიმო, მაგრამ შენი ბავშვობიდან ერთი ყველაზე მძიმე მოგონება გაიხსენე... - სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, ბორჯომში ვცხოვრობდით. მოგეხსენებათ, 90-იანი წლებში რა ვითარება იყო, უშუქობა, უტრანსპორტობა და დაღამებამდე ყველა ცდილობდა სახლში ყოფილიყო. თუ არ ვცდები, 8 მარტი იყო, დედა მეგობართან გახლდათ, მივაკითხე, ცოტა ხანს იქ გავჩერდით, გვიან საღამოს კი გზას სახლისკენ ფეხით გავუყევით. ქუჩაში, საპირისპირო მიმართულებიდან ჩვენკენ მოდიოდა ბიჭი, არც მიმიქცევია დიდად ყურადღება, მაგრამ უცბად დედაჩემის განწირული ხმა მომესმა. ვერ მივხვდი, რა მოხდა. თურმე ამ ბიჭმა დედას ჩანთა გამოსტაცა და გაიქცა. ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო. ამან იმდენად იმოქმედა, რომ ორი დღე დედას გამყინავი და შეძრწუნებული ხმა თავიდან ვერაფრით ამოვიგდე.

- ისე, უარყოფითი შთაბეჭდილებების მარტივად დავიწყების უნარი თუ გაქვს? - არა, თუ რამეზე ვიტყვი, ნეტა ეს არ დამრჩეს გონებაში-მეთქი, მერე იმაზე ხშირ-ხშირად მეფიქრება. ჩემზე ძალიან მოქმედებს უარყოფითი მოვლენები. საერთოდ, ნებისმიერი სახის შთაბეჭდილებები დიდხანს მიმყვება.

- შენი ცხოვრებიდან დაასახელე სამი ადამიანი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება... - პირველი - ეს არის ჩემი პედაგოგი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მისი დამსახურებაა, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ და ზოგადად ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში. მამა არ მყავს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. ხშირად ვამბობ და ეს მისთვისაც მითქვამს, რომ ჩემთვის ბატონი დიმა მამასავით არის ამ პროფესიაში. მესამე კურსზე ვიყავი, როცა სოხუმის თეატრში სპექტაკლზე დამაკავა და შემდეგ იმავე თეატრის შტატში ამიყვანეს. ბატონი დიმას მოზარდში მოსვლის შემდეგ, მეც აქ დავიწყე მუშაობა. ამ ყველაფრის გარდა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მარიამ ჩუხრუკიძე სცენაზე

მეორე ადამიანის სახელი და გვარი სამწუხაროდ, არ ვიცი, თუმცა, არასოდეს დამავიწყდება. პატარა ვიყავი, სახლთან ახლოს მაღაზიაში სათამაშო მომეწონა. იმ კონკრეტულ მომენტში დედას ფული არ ჰქონდა და ვერ მიყიდა. მე მაინც არ ვჩერდებოდი, "მიყიდე, მიყიდეს" გავიძახოდი. ამ დროს მოვიდა ვიღაც კაცი და სათამაშო მიყიდა. ეს ამბავი დღემდე მახსოვს (იღიმის). სხვათა შორის, ახლა, წლების შემდეგ იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდი. ალბათ ამას არ უნდა ვყვებოდე, მაგრამ... ცოტა ხნის წინ ბორჯომში ვიყავი, ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი. იქ ერთი ბავშვი დედასთან ერთად იყო და ძალიან უნდოდა რაღაც სათამაშო. დედამისი ეუბნებოდა, ხომ გთხოვე, ნურაფრის ყიდვას ნუ მთხოვ, გაჩერდიო. ამ ყველაფერს რომ შევესწარი, მივედი და ის სათამაშო ვუყიდე. რომ მახსოვს, როგორ გამიხარდა მაშინ, როცა უცნობმა კაცმა სათამაშო მაჩუქა, მინდოდა იგივე განცდა ჰქონოდა პატარა გოგონასაც. როცა შეგიძლია ვიღაც გაახარო ან დაეხმარო, ეს რატომ არ უნდა გააკეთო?!

...და მესამე ასეთი ადამიანი?! (ფიქრობს) ჩემმა მეგობარმა რეჟისორმა თათული გომართელმა ტენესი უილიამსის "მინის სამხეცე" დადგა, რომელშიც ვთამაშობდით: ნინო კასრაძე, კოტე თოლორდავა, გიორგი ბახუტაშვილი და მე. კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა ნინო კასრაძესთან. ოთახში რომ შევედი, იჯდა, თბილი, ძველებური თავშალი მხრებზე ჰქონდა მოხვეული. პირველი, რითაც ამ ქალმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, იყო მისი სისადავე და მოკრძალება, ხოლო უკვე მეორე - ჩვენთან დამოკიდებულება. მაშინ თეატრალური ახალი დამთავრებული მქონდა და ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მსახიობი საქართველოში, აზრს ჩვენ, ახალგაზრდებს გვეკითხებოდა. სულ ვამბობ, რომ ის რეპეტიციების პერიოდი და სპექტაკლი, რომელშიც უნიჭიერეს ნინო კასრაძესთან ერთად მონაწილეობა მომიხდა, მასტერკლასი იყო ჩემთვის.

- ახლა წიგნებზე, ავტორებზე და ნაწარმოებებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე გადავინაცვლოთ... - სკოლაში არაჩვეულებრივი დამრიგებელი და ამავდროულად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მყავდა - მარგო მაისურაძე. უმკაცრესი ქალი იყო, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი. ჩვენგან სრულ სისადავეს ითხოვდა. გოგონებს თმა აუცილებლად შეკრული უნდა გვქონოდა, არ უნდა გვკეთებოდა არავითარი სამკაული. გაპრანჭვის ასაკი რომ გვქონდა და თვალზე ფანქარს ვისვამდით, მის გაკვეთილზე ასე შესვლა წარმოუდგენელი იყო და მანამდე ვიხსნიდით ბეჭდებს, ვიშორებდით ფანქარს, ტუშს, მოკლედ, მთელ ამბავში ვიყავით (იღიმის). ეს ქალი თავად გვიკითხავდა იმ ნაწარმოებებს, რომელსაც პროგრამულად გავდიოდით. მახსოვს "ოთარაანთ ქვრივი" რომ წაგვიკითხა, როგორ იმოქმედა ჩემზე. ამ ნაწარმოებს დღემდე, ემოციის გარეშე ვერ ვკითხულობ... თუ ჩემი საყვარელი ნაწარმოები კიდევ უნდა დავასახელო, მაშინ ეს არის ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრურწმენა".

- ამავე რომანის მიხედვით გადაღებული ფილმიც გიყვარს? - სხვათა შორის, ჯერ ფილმი ვნახე და არ მომეწონა, მერე ნაწარმოები წავიკითხე და ხელმეორედ ვნახე ფილმი, სხვა თვალით შევხედე. ამ ფილმში კირა ნაიტლი არ მომეწონა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კარგი მსახიობი არ არის.

- აქვე შენი საყვარელი სხვა ფილმებიც დაასახელე... - ახლახან ვნახე ფილმი "სიყვარულის ილუზია", რომელშიც მარიონ კოტიარი მონაწილეობს და საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე როგორც კადრებმა, ისე ამბებმა, რომელიც ფინალში ირკვევა და ამავდროულად, ამ მსახიობის ნიჭიერებამ. საერთოდ, მიყვარს ცხოვრებისეული ფილმები, ფანტასტიკა არ მხიბლავს.

- შენთვის შთამბეჭდავი სპექტაკლი... - "ჩემი პატარა ქალაქი". შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ და მსგავსი რამ, რაც მიხეილ თუმანიშვილის ამ სპექტაკლის ყურების დროს დამემართა, სხვა დროს არ დამმართნია. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცრემლები ჩამომდიოდა, ვერაფრით გავჩერდი. ყველა ის სისათუთე და სისადავე, რაც მიყვარს, მრავლადაა ამ დადგმაში.

- მეც ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი... - შეიძლება ბანალურად გამომივიდეს და ბევრი ფიქრობდეს ასე, მაგრამ მგონია, რომ დღეს ისეთი სპექტაკლები, რომლებიც რეალურად გეხება და მსახიობებთან ერთად ამბავს განიცდი, სულ უფრო ცოტაა. მე კი მიყვარს ასეთი თეატრი. სწორედ ამიტომ, ასევე მიყვარს თემურ ჩხეიძის სპექტაკლები, რადგან მათში მკვეთრადაა ადამიანური ემოცია, რომელიც რეჟისორს მსახიობის მეშვეობით მოაქვს შენამდე.

- დღემდე სადაც ყოფილხარ, რომელმა ქვეყანამ ან ქალაქმა მოახდინა შენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება? - ვერ ვიტყვი, რომ ბევრ ქვეყანასა და ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ სადაც გასტროლები გვქონია, მათგან პეტერბურგში ვიზიტი იყო ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი. მთელი ქალაქი მუზეუმია.

- როგორი საჩუქრები გახარებს? - პარფიუმერია და თავის მოვლის საშუალებები, ალბათ ყველა ქალისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარია. მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მიყვარს საჩუქრები, რომელიც კონკრეტულად შენთვის არის შერჩეული. ერთ-ერთ დაბადების დღეზე მივიღე ასეთი რამ - ჩემმა კარგმა მეგობარმა სამაჯური მაჩუქა გრავიურით, რომლის წარწერის შინაარსი მხოლოდ მე ვიცოდი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო (იღიმის).

- დაბოლოს, ადამიანები ყოველდღიურად რომ ვწერდეთ შთაბეჭდილებებს, დაახლოებით ისე, როგორც ეს დღიურებში ან დოკუმენტური პროზაშია გადმოცემული, ვის ნაწერს გაეცნობოდი დიდი ინტერესით? - სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს სხვისი ჩანაწერების კითხვა. უფრო სწორად, ვიღაცის დღიური რომ ჩამივარდეს ხელში, რა თქმა უნდა, არ წავიკითხავ და ადამიანის პირად სივრცეში არ შევიჭრები, მაგრამ როგორც მსახიობი, ვიტყვი, რომ პირველი, ვის ჩანაწერებსაც დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი, მერილ სტრიპია.

- თითქმის ყველა მსახიობი მას ასახელებს... - იმიტომ, რომ საუკეთესოა!.. მაინტერესებს მისი ცხოვრება, როლზე მუშაობის პროცესები და ა.შ. ასევე წავიკითხავდი ოდრი ჰეპბერნისა და ელა ფიცჯერალდის დღიურს. ეს მომღერალი მიყვარს და თან მგონია, ძალიან საყვარელი ქალი იქნებოდა (იღიმის).

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"