რატომ დაიხურა საქართველოში სახელმწიფო პროგრამა "რადიაცია" - კვირის პალიტრა

რატომ დაიხურა საქართველოში სახელმწიფო პროგრამა "რადიაცია"

როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ჩვენს ქვეყანაზე

მინისერიალმა "ჩერნობილი", გარდა იმისა, რომ კინოწარმოებაში რეიტინგში დღემდე წარმოუდგენელი პოზიცია მოიპოვა, თავიდან, და შესაძლოა უფრო მძაფრადაც, გააცოცხლა ინტერესი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კატასტროფის შესახებ, რომლის მსხვერპლთა რიცხვი საბჭოთა კავშირის დროინდელი ოფიციალური მონაცემებით, 31 კაცს არ აღემატება, არაოფიციალური ინფორმაციით კი მსხვერპლის რაოდენობა დღესაც იზრდება - ადამიანები რადიაციით გამოწვეული დაავადებებით იხოცებიან, მათ შორის, საქართველოშიც.

1986 წლის 26 აპრილს, როდესაც ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა, 13 წლის ვიყავი და საქართველოს იმ ნაწილში ვცხოვრობდი, სადაც იმავე წლის მაისში ჩერნობილში რადიაქტიური ნივთიერებებით გაჟღენთილი ღრუბლები ქარმა თურქეთის (რატომ თურქეთის, ამას მოგვიანებით ავხსნით) ტერიტორიიდან შემოიტანა და თქეში წვიმის შედეგად სხვადასხვა მონაკვეთში, განსაკუთრებით კი ზღვისპირეთში, დაილექა. მაშინ ამ პრობლემის მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი. ჩერნობილის ტრაგედიას მასობრივად ვერავინ აცნობიერებდა, ხალხი არავის გაუფრთხილებია საფრთხის შესახებ, რომელიც შესაძლოა თუნდაც წვიმად მოსულიყო. დიადი საბჭოთა კავშირი ყველაფერს აკეთებდა, რომ მოძმე რესპუბლიკების დიდ ოჯახში ზუსტი ინფორმაცია არავის ჰქონოდა, ყოველ შემთხვევაში ისეთს, ვინც ენას კბილს ვერ დააჭერდა.

ფილმის ნახვის შემდეგ და სხვათა ნაამბობით შევიტყვე, რომ თითქოს ჩერნობილის ტრაგედიიდან მალევე საქართველოდან ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გაგზავნილი ჩაი საზღვრიდანვე მოაბრუნეს რადიაქტიური ნივთიერებების დიდი შემცველობის გამო. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ვესტუმრე.

სერიალ "ჩერნობილის" ნახვის შემდეგ ამ შენობაში მოხვედრილს ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს XX საუკუნეში დაბრუნდი. გარე ფასადით ჯერ კიდევ შთამბეჭდავი, მაგრამ ინტერიერდაფხავებული შენობა ძალაუნებურად გაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში, სადაც ფიზიკის სამეცნიერო ინსტიტუტი ასეთ მდგომარეობაშია, მეცნიერება, კვლევა და თუნდაც 33 წლის წინ მომხდარი ჩერნობილის კატასტროფის შედეგები ამ შენობის მიღმა არავის ადარდებს. არადა, რადიაციამ გარჩევა არ იცის. სხვათა შორის, გახმაურებული ფილმი ნათლად გადმოსცემს, რომ ბირთვული კატასტროფის დროს ამაოა ფიქრი, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა ის ვერ შეეხება. ჩერნობილის კატასტროფა შეეხო ყველას, მათ შორის, საქართველოშიც.

წვიმა რადიაციის ნაკვალევს არ შლის

რადიაციული წვიმის კვალი რჩება მცენარეებზე, ნიადაგში, წყალში, ჰაერში, გადადის საკვებში, იქიდან ორგანიზმში და იკვრება უზარმაზარი ჯაჭვი, რომელსაც ზოგჯერ დროული რეაგირების შემთხვევაშიც ვერ მოაქვს სასურველი შედეგი. ასეთი სახიფათო ჯაჭვის შემქმნელი წვიმის ნაწილობრივი შედეგები ოფიციალურ დოკუმენტში მეცნიერულად აღწერეს ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა.

გიორგი ჯაფარიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი: - ჩერნობილის კატასტროფამ საქართველოს ზედაპირი ძალიან დააბინძურა. აფეთქების შემდგომ წარმოქმნილი ღრუბლები დასავლეთ ევროპისკენ მოძრავმა ქარმა ჯერ ევროპის ქვეყნების თავზე გადაატარა, მერე შემოაბრუნა და თურქეთის გამოვლით დასავლეთ საქართველოში მაისში წვიმად მოვიდა. დაბინძურდა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთის ნაწილიც, გამოკვლევებმა კი რადიაციის კვალი დაადასტურა.

არ ვიცი, საქართველოდან ევროპაში მართლა გაჰქონდათ თუ არა ჩაი, მაგრამ ფაქტია, იმ დროს წულუკიძის რაიონში ჩაის ფოთლებზე რადიაციის დონე დასაშვებზე 20-40-ჯერ მაღალი იყო. ჩაი ფიზიკის ინსტიტუტში შემოწმდა. სამეგრელოდან და გურიიდანაც მოჰქონდათ სხვადასხვა ტერიტორიაზე მოკრეფილი ეს მცენარე, იზომებოდა რადიაციის დონე, ადგენდნენ შემცველობასა და ნორმიდან გადახრას. ის ჩაი მოსახმარად უვარგისი იყო. ჩერნობილის კატასტროფამ საქართველო უფრო შავი ზღვიდან დააბინძურა. დღესაც ჩვენი ზღვა ორჯერ მეტად დაბინძურებულია, ვიდრე 1986 წელს. დნეპრი და მისი შენაკადები შავ ზღვაში კვლავაც მიეზიდებიან რადიაციულ ნარჩენებს...

მიუხედავად იმისა, რომ გაზომვები ტარდებოდა, რამდენად მოიმატა რადიაციის დონემ ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ საქართველოში, ზუსტი მონაცემები უცნობია. ეს დაზუსტებულ კვლევებს საჭიროებს.

გამოძიების დროს გამოიყენება ტერმინი "გამოძიების დაშლა" - როდესაც გამომძიებელი საქმეს ისე დაშლის, რომ დაინტერესებულმა პირმა ვერაფრის დაზუსტება ვერ შეძლოს. ასე მოხდა ჩერნობილის შემთხვევაშიც. ინფორმაციის მოგროვების, შენახვის, გადაცემისა და გაანალიზების ისეთი სისტემა შექმნეს, რომ მომავალმა თაობებმაც ვერ დაადგინონ, რა მასშტაბის ზარალი გამოიწვია. შედეგების მოცულობა დამალეს ყველა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ნაწილობრივ არსებობს გაზომვები, მაგრამ არათანამიმდევრული, არასახელმწიფოებრივ დონეზე, ცალკეული ჯგუფების მიერ ჩატარებული.

- რადიაქტიური ნალექი რომ წვიმის სახით ჩამოირეცხა, მხოლოდ ფოთოლზე ხომ არ დარჩენილა, ნიადაგი, წყალი გამოკვლეულია?

- ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტს ჰქონდა ეს მონაცემები. დაბინძურების ადგილების მიხედვით შეიქმნა რუკაც. კუნძულებივით მოინიშნა ადგილები ბათუმთან, გურიაში და ა.შ.

- რა იყო იმ ღრუბელში?

- ყველაფერი, რაც ჩერნობილში გაიფრქვა: ტყვია, იოდი, სტრონციუმი...

რუკაზე მწვანე, ნარინჯისფერი და წითელი ბურთულებით აღნიშნულია ნიადაგის რადიაციით დაბინძურების ხარისხი. მწვანე - ნაკლებად დაბინძურებული; ნარინჯისფერი - საშუალო ხარისხის რადიაცია; წითელი - ყველაზე მეტად დაბინძურებული.

"საკმარისი ინფორმაცია იყო, რომ ზომები მიეღოთ ხალხის დასაცავად"

არა მგონია, ვინმეს ახსოვდეს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების აკრძალვები - მაშინ ზოგიერთ ტერიტორიებზე რადიაციული დაბინძურების გამო აიკრძალა მოსავლის მოყვანა, წყლის მოპოვება, საძოვრად გამოყენება. ვერც ისინი აღმოვაჩინე, ვინც მეტყოდნენ, რომ ჩაის ან სხვა პროდუქტის, მათ შორის, რძის ნაწარმის გამოყენება-რეალიზაცია აეკრძალათ, თუნდაც განსაზღვრული პერიოდით.

როგორც ჩანს, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას არანაირი მექანიზმი არ გამოუყენებია მოსახლეობის გასაფრთხილებლად, თუ რა მავნე შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა რადიაციას. პანიკის დათესვას სულაც არ ვცდილობ, მით უფრო, რომ აზრი აღარც აქვს. ისე, შესაძლოა არც საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ იცოდა, ზუსტად რა მოხდა. მოსკოვი ხომ ჩქმალავდა ყველაფერს, რასაც შეიძლებოდა ჩრდილი მიეყენებინა საბჭოეთისთვის.

ლია ჭელიძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტი: - კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა სულ სხვა შედეგი დამდგარიყო, ჩერნობილის კატასტროფა პირველივე წუთებიდან რომ ეცნობებინათ მსოფლიოსთვის და საერთაშორისო მასშტაბის მობილიზაცია მომხდარიყო, ჩემი პასუხია, დიახ! შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული და ზარალიც მნიშვნელოვნად ნაკლები. მსგავს კატასტროფაზე პირველივე დღეებში სწორი რეაგირება მოსახლეობის ჯანმრთელობას ნაკლებად ვნებს.

მიუხედავად გაზომვებისა, რადიაციის საქართველოში დაფიქსირებისა, ჩვენთან საქონლის ყველგან ძოვებისა და რძის პროდუქტების რაიმე აკრძალვა არ დაუწესებიათ, არადა, დასაწესებელი იყო. ეს საფრთხეები დამალეს. კვლევებისას ფოთლებზე მხოლოდ ბირთვული რეაქციის შედეგი კი არა, რეაქტორის მეტალის დნობით წარმოქმნილი ნაწილაკებიც დაფიქსირდა.

ნებისმიერი და მით უფრო ამ დონის კატასტროფის დროს უსაფრთხოების ინსტრუქციები არსებობს, თუმცა მანამდე უნდა გაზომო, დაადგინო და ურჩიო ხალხს, როგორ მოიქცეს. ჩვენთან გაიზომა, დადგინდა, მაგრამ არავის არაფერი ურჩევია.

გაზომვებზე მეტეოროლოგიური სამსახურიც მუშაობდა. შესაბამისად, ინფორმაცია საკმარისად იყო, რათა სათანადო ზომები მიეღოთ ხალხის დასაცავად. ევროპის ქვეყნებმა როგორ შეძლეს თავიანთი ხალხის დაცვა? - სოციალური პასუხისმგებლობით ხალხის წინაშე. ბალტიის ქვეყნებსაც კი შვედეთმა და გერმანიამ მიაწოდეს ინფორმაცია-ინსტრუქცია, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ ისიც კი არ იცოდა, რა მოხდა. მეტიც, კრიტიკულ ზონაში ბავშვები სილაში თამაშობდნენ, იმ სილაში, რომლის გაზომვის დროსაც რადიაციის დოზიმეტრები კიოდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამთ ბავშვების მშობლებისთვის. საბჭოთა სახელმწიფო მანქანამ ბავშვებიც კი გაწირა.

საბჭოეთის მენტალური მემკვიდრეები

გულწრფელად მეგონა, რომ ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მაინც მიუბრუნდებოდა ჩერნობილის თემას და უფრო გულდასმით გამოიკვლევდა პრობლემას, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს ჯერ კიდევ მწვავე იყო, მაგრამ იმ დროს ძალაუფლების გადანაწილებითა და ომებით იყვნენ დაკავებული და ქვეყანას ჩერნობილის რადიაციაზე მეტად სწორედ ეს ანადგურებდა. მხოლოდ 1997 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა "რადიაცია", რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რისკ-ზონებში არსებულ მდგომარეობას იკვლევდა.

ნინო ვეფხვაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი: - დასანანია, რომ ეს პროგრამა 2003 წლის მიწურულს დაიხურა იმ მოტივით, რომ რადიაციის საკითხი აქტუალური აღარ არის და პროგრამა ვეღარ დაფინანსდებაო.

- სანამ მუშაობდით, რეალური საფრთხეები დაფიქსირდა? - 1997 წელს, როდესაც პროგრამა ამოქმედდა, უკვე კარგა ხანი იყო გასული ჩერნობილის კატასტროფიდან, შესაბამისად, რადიაციის გავლენა, მით უფრო საქართველოში, საგანგაშო ვერ იქნებოდა. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის და გეოფიზიკური მდგომარეობის გამო შედარებით მაღალრადიაციული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ამდენად, ბუნებრივი რადიაციული ფონი შედარებით მაღალი იყო მთიან მხარეში, რასაც ვერ ვიტყვით დაბლობსა და ზღვისპირა რეგიონებზე. თუმცა, იყო საგულისხმო პრეცედენტებიც საკვები პროდუქტების ერთეულ ნიმუშებში.

2001 წლის ბოლოს დავიწყეთ შინაგანი დასხივების კვლევაზე მუშაობა. ადგილობრივ პროდუქტებში უნდა შეგვესწავლა რადიონუკლიდების შემცველობა. პილოტური კვლევების დროს სიმინდში აღმოჩნდა ცეზიუმი. ამან ძალიან გაგვაკვირვა, რადგან არ უნდა ყოფილიყო და ეს დამატებით კვლევებს საჭიროებდა. ეს 2003 წლის დამდეგს იყო. შემდეგ პროგრამა დაიხურა... კვლევების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ ვაცნობეთ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა ამ შეტყობინებას შედეგი არ მოჰყოლია.

"ფარისებრი ჯირკვლის ომი"

ზოგიერთი ენდოკრინოლოგი ასე უწოდებს საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიურის გახშირებას. პირადად მე ამ დაავადების მატარებელი ვარ. სამწუხაროდ, ჩემი 10-დან 6 ნაცნობი, მეგობარი თუ ახლობელიც უჩივის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას, მათ შორის მომრავლდნენ ისეთები, ვინც ონკოლოგიური პრობლემის გამო უკვე ოპერაცია გაიკეთა. ექიმებთან ხშირად საუბრის მიუხედავად, უპასუხოდ რჩება კითხვა: რა იწვევს ამ დაავადებას, ტრადიციული ფაქტორი, რომ საქართველო ენდემურად ჩიყვის რისკ-ზონაა, თუ აქაც ჩერნობილის კატასტროფა თამაშობს დამამძიმებელ როლს? ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში გახშირდა ისეთი სიმსივნეები, როგორიც არის ძუძუსა და საშვილოსნოს კიბო, პროსტატის კიბო და ა.შ.

ალექსანდრე თავართქილაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი: - სიმსივნე მრავალმიზეზობრივი დაავადებაა, ამიტომაც რთულია თქვა, რომ ის ერთი კონკრეტული მიზეზის, თუნდაც რადიაციის გამო წარმოიშვა. ონკოლოგიური დაავადებების პრობლემები აქტუალურია თუნდაც ნორვეგიასა და შვედეთში, სადაც მაღალი რადიაციული ფონი არ ფიქსირდება.

- შვედეთი და ნორვეგია ასევე მოჰყვნენ იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც თავის დროზე ჩერნობილის ღრუბელმა გადაუარა. - რადიაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი, მაგრამ მარტო მას ვერ დავაბრალებთ შექმნილ მდგომარეობას. ამას სპეციალური კვლევა სჭირდება: რადიაციის როგორი გავლენა იყო საქართველოში, რა სიმძლავრით გრძელდებოდა და ა.შ. მთელ მსოფლიოში მოიმატა ონკოდაავადებების რაოდენობამ. არ არის გამორიცხული, ამ ტიპის დაავადებათა მატება რადიაციული ფონის გაზრდითაც იყოს გამოწვეული. თუმცა, ვიმეორებ ეს ვარაუდებია და კვლევებით გამყარება სჭირდება.

მსოფლიოში არსებობს სტანდარტი - რეგიონებში, სადაც რადიაციის დონე მაღალია, მოსახლეობაში სიმსივნის გავრცელების სტატისტიკას განსაზღვრავენ. რადიაციის ძლიერ ან ხანგრძლივ ზემოქმედებაში მყოფ ადამიანს პირველად ფარისებრი ჯირკვლის, სულ ბოლოს კი ღვიძლის სიმსივნე ემართება. შემდეგ მოდის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები: საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხის, პროსტატის, სათესლე ჯირკვლის, ნაწლავის, ფილტვის, შარდის ბუშტის... რაც შეეხება სისხლის ავთვისებიან სიმსივნეებს, შეიძლება პარალელურად განვითარდეს. მაგალითად, რადიაციულად აქტიურ უბნებში ხშირად გვხვდება შერწყმული ძუძუს კიბო პლუს მწვავე ლეიკემია, პროსტატის კიბო პლუს მწვავე ლეიკემია. საქართველოში ასეთი არაერთი პაციენტი გვყოლია.

- ჩერნობილის მსგავსი კატასტროფების დროს შესაძლებელია თუ არა გატარდეს სტრატეგიული ღონისძიებები მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად? - საქართველოში წყალი, ჰაერი, ნიადაგი და საკვები უნდა მოწმდებოდეს რადიონუკლიდურ დაბინძურებაზე. უნდა შეისწავლონ ის ადგილები, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული და სხვა საკვები, საძოვრები, სადაც ძროხები ძოვენ. შეიძლება ძროხის რძეში არ იყოს რადიაქტიური ნივთიერებების კვალი, მაგრამ იყოს ხორცში. ამიტომ იმის დასადგენად, რომ მინდორი, სადაც ძროხა ძოვს, რადიაციულად სუფთაა, მხოლოდ რძის შემოწმება არ კმარა.

რადიონუკლიდურ ნარჩენებზე უნდა შემოწმდეს ყველა ის ადგილი, რომელთაც ადამიანთან საკვებით თუ წყლით შეხება აქვს და საშიში ზღვრის აღმოჩენისთანავე ის ადგილი მავნე რეგიონად უნდა გამოცხადდეს მანამდე, სანამ არ განეიტრალდება. თუ ადამიანები მოიხმარენ ასეთ გარემოში მოწეულ პროდუქტებს, რადიაქტიური ნივთიერებები მათ ორგანიზმში ილექება და მეტია რისკი, რომ დაემართოთ ონკოლოგიური დაავადებები.

შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს გაუკეთო ძვლის ბიოფსია და აღმოაჩინო, რომ საკვლევ მასალაში რადიაციული ნივთიერებაა დაგროვილი...

საქართველოში მოყვანილ პროდუქტზეც, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთას ვუწოდებთ, აუცილებელია კვლევის ჩატარება.

კარტოფილის ბოლქვები, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილები ნიადაგიდან ყველაზე კარგად ითვისებს რადიონუკლიდებს, რომელიც მათ ზრდას უწყობს ხელს. ამას ზრდის რეგულაციის შეცდომა ჰქვია - მცენარეს ნივთიერება კარგი ჰგონია და ითვისებს. რა მოსდევს გაუკონტროლებელი პროდუქტების მოხმარებას? დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

მიტოვებულები

ფილმში "ჩერნობილი" ქართული სახელის მქონე პერსონაჟი ბაჩოც არის და ის სასტიკ დავალებას ასრულებს. სამწუხაროდ, ქართველები მრავლად იყვნენ ჩერნობილში. მათთვის არავის უკითხავს, სურდათ თუ არა იქ წასვლა, გამოცხადდა სამხედრო მობილიზაცია და...

ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საბჭოთა რესპუბლიკებში ხალხს ასე არჩევდნენ: მათ უნდა ჰქონოდათ სამხედრო გამოცდილება, ყოფილიყვნენ დაქორწინებული და ჰყოლოდათ ორი შვილი. ჯამბულ ჯიქია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელ ინვალიდთა კავშირის პრეზიდენტია, 1987 წლის მაისში 28 წლის იყო და ერთი შვილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც წაიყვანეს, მასთან ერთად ის ახალგაზრდებიც, რომლებსაც არც ცოლი ჰყავდათ, არც შვილი. გულგრილობა გამოიჩინეს ან შეცდომა დაუშვეს საქართველოშივე, სადაც პარტიული დავალება უნდა შეესრულებინათ და "დეტალებს" "რატომღაც" ყურადღება ვერ მიაქციეს. ის უცოლო ახალგაზრდები ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდნენ და უშვილძიროდ გადაეგნენ, ზოგმა შუახნის ასაკსაც ვერ მიაღწია. როგორც ჯამბულ ჯიქია ამბობს, ყველას სიმსივნემ მოუღო ბოლო.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილში კატასტროფიდან მეორე წელს ჩამიყვანეს, რადიაციის დასხივების დონე ძალიან მაღალი იყო. ვმუშაობდით ყველგან: მეოთხე ბლოკის დასუფთავებაზე, დაბეტონებაზე, სარდაფების შეღებვაზე, მეხუთე ბლოკის მშენებლობაზე... კარგია, რომ ფილმი "ჩერნობილი" გადაიღეს. ყველას უნდა ენახა, რა მოხდა იქ, როგორ არაფრად უღირდა საბჭოთა მანქანას ხალხი, მით უფრო ჯარი და მუშათა კლასი. ჩვენ ვიყავით იარაღი და რა დაგვემართებოდა, არ ადარდებდათ.

საქართველოდან სამხედრო მობილიზაციით 2250 კაცი წაიყვანეს. ჩემს სამოქმედო არეალში დასავლეთ საქართველოდან 467 კაცი იყო. მათგან ცოცხალია მხოლოდ 280. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ხელშეკრულებები გაუფორმეს, ფულს უხდიდნენ, მაგრამ რა? ის ფული მკურნალობაშიც არ ეყოთ.

თქვენ მკითხეთ, როგორ გეხმარებათ სახელმწიფოო. დახმარება შედგება მხოლოდ პირველი კლასის ინვალიდის პენსიისგან, 200 ლარისგან, რომელსაც მოგვიხსნიან, როგორც კი საპენსიო ასაკის გავხდებით და ისევ 200 ლარი გვექნება. სანამ საბჭოთა კავშირის ბოლო დღეები იდგა, კი გვპატრონობდნენ, ესენტუკიში დავყავდით, სისხლის გამოცვლაში გვეხმარებოდნენ. მერე დასრულდა ჩვენი პატრონობა. დღეს ვინც ცოცხალია, მათთვის წელიწადში ერთხელ 200-ლარიანი დახმარება თუ გამოვაყოფინე ადგილობრივ ხელისუფლებებს, დიდი შედეგია. ამის გარდა, მეუფე კალისტრატე მაძლევს ხოლმე თანხას ჩვენი ინვალიდებისთვის. პირველი კლასის ინვალიდის სტატუსი ძლივს მოგვანიჭეს, რადგან უხელფეხოები არ ვიყავით და მოძრაობა შეგვეძლო, ეს ჯგუფი არ გეკუთვნითო. ძლივს შეიგნეს, რომ რადიაციულ დასხივებაში მოყოლილი ადამიანი ხეიბარია.

მე ურთიერთობა მაქვს უკრაინელებთან, ბელორუსებთან და ვიცი, როგორ პატრონობს სახელმწიფო ჩერნობილის ტრაგედიაგამოვლილებს. ასეა რუსეთშიც. მხოლოდ ჩვენ ვართ მიტოვებული.

ხარკოვის რადიოლოგიური ინსტიტუტიდან ჩამოვიდნენ ჩვენს გამოსაკვლევად და იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ჯანდაცვის მინისტრს შევხვედროდით, ყველა ცდა ამაო გამოდგა. უკრაინის მთავრობამ გადმომცა ჯილდო მათი ქვეყნის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის და როცა მას ვუყურებ, მახსენდება ჩემი თანამებრძოლები, ჩერნობილის ქართველი ვეტერანები, რომლებსაც ხშირად წამლის ფულიც არა აქვთ. ჩვენს სახელმწიფოს არ ვახსოვვართ.

ჩერნობილი და ფუკუსიმა

სპეციალური სკალის მიხედვით, ბირთვული კატასტროფის ყველაზე მაღალი, მეშვიდე კატეგორია მიენიჭა ჩერნობილსა და ფუკუსიმას. თუმცა ფუკუსიმაში დაცული სარკოფაგის გამო გარემო ათჯერ ნაკლებად დაბინძურდა, ვიდრე ჩერნობილის დროს. ჩერნობილიდან გაფრქვეული დაბინძურება უტოლდება 1943-1949 წლებში ატომური ბომბის აფეთქებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის შედეგად წარმოქმნილ დაბინძურებას, თუმცა ათჯერ ნაკლებია იმ რადიაციულ ნაგავზე, რომელიც ატომური იარაღის გამოცდის დაწყებიდან, 1943-დან 1963 წლამდე, სანამ მის გამოცდას აკრძალავდნენ, დაგროვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კიდევ 266 ახალი რეაქტორის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. მეტი წილი აზიის ქვეყნებზე მოდის. ამასთან, დაიხურება ასი ძველი რეაქტორი. დამატებითი რეაქტორის მშენებლობა იგეგმება სომხეთშიც, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამდენად გამართლებულია ამ ქვეყანაში რეაქტორის მშენებლობა.

იაპონიაში, ქვეყანაში, სადაც ბირთვული პოლიტიკისა და ტექნოლოგიის კონტროლი უმაღლეს დონეზეა, ფუკუსიმას ავარია მოხდა. ამ ფონზე უცნაურია მსოფლიოს მისწრაფება ისეთი ტექნოლოგიის დანერგვისკენ, რომლის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის განეიტრალებას მილიონები და წლები არ ჰყოფნის. მეტიც, შესაძლოა ისეთი კატასტროფა მოხდეს, რომელიც მსოფლიოს მოინელებს.