"პანკისს საქართველოს ვერავინ წაართმევს" - კვირის პალიტრა

"პანკისს საქართველოს ვერავინ წაართმევს"

"სულ ვამბობ, რომ პანკისში მხოლოდ ძალოვანი უწყებები არ უნდა მუშაობდნენ, აქ სახელმწიფოს იდეოლოგიური მუშაობა, სპორტული და კულტურული ღონისძიებებია საჭირო. მეტი სწავლა-განათლება სჭირდება პანკისს"

ალაზნის პირას დაიბადა, წალკოტივით სოფელში... ბავშვობიდანვე ასწავლეს, რომ მისი მთავარი ღირებულებები უნდა ყოფილიყო ღირსება, ერთგულება, სამშობლოს სიყვარული, სტუმართმოყვარეობა... ახლა ხასო ხანგოშვილი 76 წლისაა, ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს. პროფესიით პედაგოგია, პანკისელებს 28 წლის განმავლობაში ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა. არის ავტორი წიგნებისა "ქისტები", "აბრაგები", "საღვთო წიგნები", "ქისტების ადათ-წესები", "მონადირის მოგონებები"... როგორც ამბობს, კალამს პირველად მაშინ მოჰკიდა ხელი, როდესაც ქისტებსა და ქართველებს შორის გაუცხოების საფრთხე დაინახა. მშვიდად არც ახლა არის, ედარდება ქისტი ხალხი და მშობლიური საქართველო.

- 90-იან წლებამდე ქართველებსა და ქისტებს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ჩვენ რომ ერთი ფესვი გვაქვს, ისტორიულადაც დამტკიცებულია და მენტალური მსგავსებაც მეტყველებს. რუსეთის დაპყრობითი ომების გამო ჩემი წინაპრები იძულებული გახდნენ აყრილიყვნენ ჩეჩენ-ინგუშეთის მთიანი ზოლიდან და კავკასიის ქედს აქეთ დასახლებულიყვნენ. აქ მათ მონათესავე ეთნოსის სტუმართმოყვარე ხალხი დახვდა. მე-18 საუკუნის 70-იან წლებში პანკისი ლეკებისთვის დერეფანი იყო კახეთში სათარეშოდ... და-ძმებთან ერთად დასახლდნენ აქ ჩემი წინაპრები და მოძმე ქართველებთან ერთად დაიწყეს ცხოვრება. მამა მეტყოდა ხოლმე, ჩვენ მთაში თარეშს დაჩვეული ხალხი ვიყავით, ქართველები კი ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგვეხმარნენო. ქართული ენაც იოლად შეისისხლხორცეს ქისტებმა. ჩემი ძმა ამბობდა, ქისტები ორენოვანი ხალხი ვართო. პირადად მე თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე...

1990-დან 2002-2003 წლებში დაიწყო აგიტაცია-პროპაგანდა, თითქოს ქისტები სეპარატისტები, სახელმწიფოს მტრები იყვნენ და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვისაც არ დაეზარა, ყველამ დაგვიწყო ლაფის სროლა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო.

საქართველო ჩვენი სამშობლოა. ქართულად ვლაპარაკობთ, შვილებსა და შვილიშვილებს ქართულს პატარაობიდან ვასწავლით. მაშინ ჩვენ სამშობლოს ღალატი დაგვაბრალეს. აი, ამ ტკივილმა ამაღებინა ხელში კალამი. გადავწყვიტე, დამეწერა ქისტების ისტორია, საიდან მოვიდნენ, როგორ მოვიდნენ აქ და რანი არიან დღეს.

- როგორც ვიცი, აბრაგებზეც გაქვთ წიგნი დაწერელი... - დიახ, ბევრი საინტერესო ამბავი მოვიძიე დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხის შესახებ. მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმი პანკისში შეიქმნა. მას ქისტები მხარს უჭერდნენ ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში. ქაქუცას წასვლის შემდეგ ის ქისტები აბრაგებად გავიდნენ, მთელი 15 წლის განმავლობაში, ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის შემდეგ, ებრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

- ქართველი ხალხი კარგად იცნობს თქვენს ქალიშვილს, მექა ხანგოშვილს. ოჯახზე, შვილებზე კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ? - ოჯახი სიყვარულითა და მშობლების თანხმობით შევქმენი. ვაჟი და სამი ქალი მყავს. მგონი, შევძელი შვილების ღირსეულ ადამიანებად აღზრდა, მათთვის საქართველოს სიყვარულისა და ტრადიციების პატივისცემის შთანერგვა.

- ხშირად საუბრობთ სამშობლოზე და გულისხმობთ საქართველოს, ეს ლოგიკურიცაა. მაგრამ საინტერესოა, თქვენს ისტორიულ სამშობლოზე რას ფიქრობთ? - ჩემი წინაპრების სამშობლო დღეს რუსეთს აქვს დაპყრობილი. 300 წელი ებრძოდა ჩეჩენი ხალხი ამ ურჩხულს.

- იმედი გაქვთ, რომ ოდესმე ჩეჩენი ხალხი დამოუკიდებლობას მოიპოვებს? - ჩეჩენი ხალხი მოღუნულია, მაგრამ გატეხილი არ არის. რუსეთიც არ იქნება ყოველთვის ასეთი ძლიერი. საბოლოოდ, ყველა იმპერია ინგრევა. ნაპოლეონის, ჰიტლერის და მაკედონელის იმპერიები დაინგრა, რუსეთი ვითომ რა გამონაკლისი იქნება?

- პანკისში მცხოვრებ ქისტებს სხვა კულტურაში მოგიწიათ ცხოვრებამ. რა შეცვალა ამან თქვენში, რამდენად განსხვავდებით კავკასიის ქედს იქით მცხოვრები ჩეჩნებისგან? - როდესაც გვეკითხებიან, ვინ ხართო, ვპასუხობთ, რომ ქისტები ვართ. როდესაც ჩაგვეკითხებიან, ქისტები ვინ ხართ, საიდან მოდიხართო, მაშინ ვამბობთ, რომ ჩეჩნეთიდან.

ცენტრში 7 წლის ხასო ხანგოშვილი მშობლებსა და და-ძმებთან ერთად

ჩვენ ღმერთმა მოგვცა ბედი, გვეცხოვრა უძველესი ისტორიის სახელმწიფოში, უძველესი კულტურის მქონე ხალხთან ერთად. ჩვენც შევერწყეთ ამ კულტურას... როდესაც "ვეფხისტყაოსანი" იწერებოდა (შუშანიკსა და გრიგოლ ხანძთელზე აღარაფერს ვამბობ), რუსები ჯერ კიდევ ტყეში დარბოდნენ. რუსეთისგან მოვლენილ განსაცდელს რამდენჯერმე გადავურჩით. მასთან ბრძოლაში ჩვენც შევიტანეთ წვლილი, მაგრამ რუსების მძიმე ხელი ისე ვერ შეგვეხო, როგორც ჩეჩნებს.

- ჩვენ გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომში ჩეჩნები სეპარატისტებისა და რუსების სასარგებლოდ იბრძოდნენ. - თქვენ ახლა ქისტების ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, რთული პერიოდი შემახსენეთ. ამ ამბავს პანკისელი ქისტები ძალიან განვიცდიდით. თუმცა

ვინ იყვნენ ის ჩეჩნები? რუსეთის აგენტების მიერ მართული ხალხი და კრიმინალები. იმ ომის დროს პანკისელი ქისტები გროზნოში წავედით. დუდაევი შეგვპირდა, რომ ტელევიზიით ხალხს მოუწოდებდა, არ ებრძოლათ სეპარატისტების სასარგებლოდ. სიტყვის კაცი აღმოჩნდა, პირობა შეასრულა... საღად მოაზროვნე ჩეჩნების დამოკიდებულება აფხაზეთში მებრძოლი კრიმინალებისადმი ძალიან ნეგატიური იყო. ამ ამბავმა ქისტი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე ცუდად იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ პანკისელი ბიჭები საქართველოს მხარეს იბრძოდნენ.

- ომის შემდგომ ძალიან მალე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ პანკისელები მონიშნა როგორც საშიში, კრიმინალური დაჯგუფება. ეს რით იყო განპირობებული? - ალბათ, ერთი მხრივ, აფხაზეთის ომში ჩეჩნების მონაწილეობით, მეორე მხრივ კი, თავად ქვეყანაში იყო ქაოსი. კრემლიც დაინტერესებული იყო ამ რეგიონის არევით. ქართველი კრიმინალები აქეთ მოაწყდნენ, ჩვენი კრიმინალებიც აყელყელავდნენ. შევარდნაძის ხელისუფლებას შეეძლო ეს პრობლემა 24 საათში მოეგვარებინა, მაგრამ თავადაც სჭირდებოდა აქ არეული სიტუაცია. დიდი ფული დატრიალდა, ნარკოტიკები, მერე ამას იარაღიც დაემატა და აირია ყველაფერი.

- მერე როგორ დალაგდა? - მოსახლეობამ შეიარაღებული რაზმები შექმნა, რომლებმაც კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ამ პროცესს უხუცესები ხელმძღვანელობდნენ. რაზმის წევრები ღამე პატრულირებდნენ, დღე კი საგუშაგოებში იდგნენ და აკონტროლებდნენ, ხეობაში ვინ შემოდიოდა ან ვინ გადიოდა. ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ კონტაქტი. ნელ-ნელა კრიმინალი გაიკრიფა, შემოსულმა "ბოევიკებმაც" დატოვეს ხეობა. ამასობაში ჯარი, სპეცრაზმიც შემოვიდა. რომ გვეგონა, გვეშველაო, ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მშვიდობიანი მოსახლეობა განტევების ვაცებად გვაქციეს, პოლიცია გვეუბნებოდა, ქისტებო, გეყოთ ბაირამობაო, ღირსებას გვილახავდნენ. სამწუხაროდ, ეს დღემდე გრძელდება. უსამართლო დამოკიდებულებამ მოსახლეობა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ ნეგატიურად განაწყო...

სწორედ ქართველი ხალხის ძმურმა დამოკიდებულებამ გვიხსნა არაერთი პრობლემისგან. უსამართლოდ ძალოვანი უწყებები გვექცევიან. ხშირად პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც არ არიან ობიექტურები, ცდილობენ ქისტები ნარკომანებად და კრიმინალებად წარმოგვაჩინონ. სინამდვილეში ჩვენ კანონისა და წესრიგის მოყვარული თემი ვართ. ქისტებისა და ქართველების გაუცხოება არც ჩვენ მოგვცემს ხეირს და არც ქართველებს, ეს სხვა ქვეყნის ინტერესებში შედის.

- ბოლო წლებში საზოგადოების შეშფოთების საგანი არაერთხელ გამხდარა ის, რომ პანკისელები სირიაში მიდიოდნენ საბრძოლველად. - ისინი მოტყუებული ბიჭები იყვნენ, ვერ განჭვრიტეს, რაოდენ მიუღებელ და საშიშ საქმეში ჩაერთვნენ. ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენი რელიგია არ მოითხოვს სხვა ქვეყნის ომში ჩაბმას. ყურანში გარკვევით წერია, რომ მხოლოდ მაშინ გვმართებს იარაღის ხელში აღება, როდესაც თავს გვესხმიან ან აღმსარებლობის შესრულების უფლებას არ გვაძლევენ. პანკისელმა უხუცესებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ პროცესის შესაჩერებლად. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი ახალგაზრდები სირიაში წასვლაზე არც იფიქრებდნენ, აქ რაიმე საქმით რომ ყოფილიყვნენ დაკავებული. როდესაც ახალგაზრდა სწავლობს ან მუშაობს, ის ადვილად მოსატყუებელი აღარ არის. სულ ვამბობ, რომ პანკისში მხოლოდ ძალოვანი უწყებები არ უნდა მუშაობდნენ, აქ სახელმწიფოს იდეოლოგიური მუშაობა, სპორტული და კულტურული ღონისძიებებია საჭირო. მეტი სწავლა-განათლება სჭირდება პანკისს.

- როგორ ფიქრობთ, რუსული სპეცსამსახურები არ მუშაობენ პანკისში? - მხოლოდ რუსული?

ხათუნა ბახტურიძე