"ვეფხვების "ენა" აქაურებმა შემასწავლეს... არც საკვებს გამადლიან და არც სიყვარულს" - ვინ არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც ინდოეთის ჯუნგლებში 6 თვე გაატარა - კვირის პალიტრა

"ვეფხვების "ენა" აქაურებმა შემასწავლეს... არც საკვებს გამადლიან და არც სიყვარულს" - ვინ არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც ინდოეთის ჯუნგლებში 6 თვე გაატარა

"ეს ინდუსების ქუდია, რომელიც იმდენად ჰგავს ჩვენს ხევსურულ ქუდს, რომ მის დანახვაზე გავოგნდი. არადა, წარმოდგენაც არა აქვთ, სად არის საქართველო"

ადამიანი ძველთაგანვე სამყაროს შესწავლას კი ცდილობს, მაგრამ თავად ადამიანზე შეუცნობელი, ალბათ, არაფერია. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ირაკლი ჯულაყიძესთან საუბრისას სწორედ ეს შეგრძნება გიჩნდება - ამ ადამიანმა დედამიწა შემოიარა. ბოლო 6 თვე კი ინდოეთის ჯუნგლებში გაატარა. ბატონი ირაკლი დედამიწის ფაუნაზე, ბინადრებზე კოსმოსის ზეგავლენას სწავლობს, რის შესახებაც უამრავი კვლევა აქვს ჩატარებული.

- ვფიქრობ, ადამიანის ათვლის წერტილი იქიდან იწყება, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ასე რომ, სამყაროს ათვლა მე ქუთაისიდან დავიწყე. მოგზაურობაში თავზე იმერული ფაფანაკი მახურავს და ყველაზე მეტად ის მენატრება, ქუთაისის ქუჩებში ყველა რომ მესალმება. 10 წლისამ პირველად დავლაშქრე ხვამლის მთა, მას შემდეგ თითქმის მთელი დედამიწა შემოვიარე.

ჯუნგლებში სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება ჩემი ოცნებაა. მე ცხოველებზე მთვარის ფაზების ზეგავლენას ვიკვლევ, ჯუნგლები კი საამისოდ საუკეთესო ადგილია, იქ ძალიან ბევრი პრიმატი, მაიმუნი ცხოვრობს. არა მხოლოდ ისინი, სხვა ცხოველებიც. გარდა ამისა, იქ არის ფანტასტიკური ღამის ცა, რომელზეც წლის ყველა სეზონში ჩანს მთვარის მოძრაობა. მსგავსი მეცნიერული კვლევები მსოფლიოს აინტერესებს. მაგალითად, ჩინეთსა და საფრანგეთში ექიმები მკურნალობას უკვე მთვარის ფაზების გათვალისწინებით ნიშნავენ. ეს ცოდნა ხომ ჩვენს წინაპრებსაც ჰქონდათ - მთვარის ფაზების გაუთვლელად ხანდახან მწნილსაც კი არ ჩადებდნენ ხოლმე. ვირთაგვებზე მთვარის ფაზების ზეგავლენას ქუთაისის უნივერსიტეტში მრავალი წელია ვსწავლობ...

ჯუნგლებში დასაბანაკებელი ადგილი დიდხანს ვეძებე და როდესაც ვიპოვე, გამყოლებიც კი გაოცდნენ, საიდან მიხვდით, რომ ეს საუკეთესო ადგილია, მას ჩვენ ოქროს დისკოს ვეძახით, თუმცა იმდენად ღრმად არის ტყეში, მის შესახებ ბევრმა ჩვენიანმაც არ იცისო. როდესაც მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ამ ადგილზე დავბრუნდებოდი, დაღლა უკვალოდ ქრებოდა. როდესაც ადამიანს ბუნება იმდენად უყვარს, რომ მისი ენა ესმის, ბუნება მას ტკივილს არ მიაყენებს. თვით მახრჩობელა კობრაც კი, რომელიც, ცხადია, მეც გადამეყარა, თავს არ დაგესხმება, თუ რაიმე არ დაუშავე. თუმცა, არსებობს კობრების ისეთი სახეობაც, რომელსაც შეუძლია შორიდან მოგიღოს ბოლო - მოგაფურთხებს შხამს და მოგკლავს. რაც შეეხება ვეფხვებს, მათი "ენა" აქაურებმა შემასწავლეს. მაფრთხილებდნენ, ვეფხვი გამთენიამდე რჩება ტყეში, მერე კი ისვენებს, შენც ეცადე დაღამებამდე დაბრუნდე კარავში და სულ კოცონი გენთოს ღამეო. კოცონი და თხა აქ მტაცებლების წინააღმდეგ მიმართული ყველაზე საუკეთესო იარაღია. თვით აქაურები ჯუნგლებში თხასთან ერთად შედიან - ვეფხვისთვის თავდასხმის ობიექტი უფრო ცხოველია, ვიდრე ადამიანი. ამიტომაც, როცა ადამიანსა და თხას დაინახავს, პირველად თხას ესხმის თავს.

- ჯუნგლებში მობინადრე ადამიანებსაც შეხვდებოდით. - მათთან ურთიერთობისას თავი მეც ჯუნგლების მკვიდრი მეგონა. ძალიან თბილები და კეთილები არიან. არც ისე ბევრი საკვები მქონდა და მათ მასწავლეს მცენარეული საკვების მოპოვების წესები. ზოგიერთი მცენარისგან ისეთი ჩაი მზადდება, რომ შავი ჩაი დამავიწყა. კენკრასა და ხილზე აღარაფერს ვიტყვი. არსებობს კიდევ ჯუნგლების კარტოფილი, ბილპატს ეძახიან და ჩვენს კარტოფილზე ბევრად გემრიელია. თუ არავინ გასწავლა, ძალიან ძნელი ამოსათხრელია - ერთმანეთზე გადაბმულ სტაფილოებს ჰგავს. ასე რომ, აქაურები არც საკვებს გამადლიან და არც სიყვარულს. მათში აგრესიის კვალი არ არის. საქონელი ყველა ინდუსის ოჯახში ჰყავთ და მოსახლეობა მათ განსაკუთრებული პატივით ექცევა. სტუმრად ვიყავი ისეთ ოჯახში, სადაც 30-მდე კაცი ცხოვრობს: ბებია-ბაბუებით, შვილთაშვილებითა და იმათი შვილებით. შინიდან გასვლისას ყველა ოჯახის უხუცესებს ალოცვინებს თავს. ყველაფერი, რაც კარგია ოჯახში, ჯერ ბავშვის არის, მერე კი დანარჩენების, ოღონდ ბავშვი ოჯახის წევრების პატივისმცემელი უნდა იყოს.

ერთმა ფაქტმა ისე გამაოგნა, ხელზე ვიჩქმიტე, სიზმარში ხომ არა ვარ-მეთქი! ეს გახლავთ ინდუსების ქუდი, რომელიც იმდენად ჰგავს ჩვენს ხევსურულ ქუდს, რომ მის დანახვაზე გავოგნდი. მათაც გაუკვირდათ, როცა ინტერნეტით ხევსურული ქუდები ვაჩვენე, ერთმანეთს დამუნჯებულები მიაშტერდნენ. არადა, წარმოდგენაც არა აქვთ, სად არის საქართველო.

ჩემს მასპინძლებს ისიც ვუამბე, სამი ქართველი ღულამი (მონა) რამხელა როლს თამაშობდა ინდოეთის სამეფო კარზე. ისინი საქართველოში გაყიდული ჭაბუკები იყვნენ, რომლებიც ინდოეთის ისტორიაში კარგად არიან ცნობილი. და კიდევ, იქ ყოფნაში ჰინდის ენა იმდენად შევისწავლე, რომ ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობამ განმაცვიფრა. მაგალითად, ჰინდის ენაზე "პური" ზუსტად იმავეს ნიშნავს, რასაც ქართულად, და ა.შ. ინდურ-თამილური მრგლოვანი დამწერლობაც ძალიან ჰგავს ძველ ქართულს.

- ახლა თქვენს მეცნიერულ კვლევის შედეგებზეც ვთქვათ. - ასეთი მუშაობის ბედნიერება ბევრ მეცნიერს ვერ ექნებოდა. მთვარის ფაზასთან დაკავშირებული ცხოველთა სიგნალების ჩაწერამ კიდევ ერთხელ დამიდასტურა ის ლაბორატორიული კვლევები, რომელთა მიხედვით, ცხოველები სავსემთვარეობისას სულ სხვა ინსტინქტებს ავლენენ.

ცხოველები სავსემთვარეობისას ბევრად მჭიდროდ იკვრებინ ჯგუფებად და საერთო საქმეებს იწყებენ, ვიდრე ახალმთვარეობისას, სავსემთვარეობისას უფრო მყარდება დედობრივი და სხვა ინსტინქტები. სხვა დროს ინდივიდები უფრო საკუთარ თავზე ზრუნვით არიან გართული.

alt

ჯუნგლებში ჩატარებული ექსპერიმენტების გამოქვეყნებას და შედეგების დადგენას დრო დასჭირდება, თუმცა დავრწმუნდი, რომ ადამიანის ღმერთსა და სამყაროსთან დამოკიდებულება თითქმის ყველგან ერთნაირია. არაერთი უძველესი ინდური ტაძრის მოძღვარი გავიცანი, რომელთაც თავიანთი კრიალოსნები მაჩუქეს. თითოეული კრიალოსნის გულზე ჩამოკიდება იმის ნიშანია, რომ თითოეულის სათვალავში ერთი ლოცვა უნდა წარმოთქვა. მე მხოლოდ "მამაო ჩვენო" ვიცი და დარწმუნებული ვარ, ისევე მაახლოებდა უფალთან, როგორც ინდუსებს თავიანთი ლოცვები.