ბრიგადა # 0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის
ბრიგადა # 0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის
"13 წლის იყო, როცა დედა მოუკვდა. ეძინა, დილით ადგა და დედა სკამზე მჯდარი ნახა გარდაცვლილი და იქიდან დაეწყო პრობლემები. ხმები ესმის, ამბობს, დედა მეძახის, დედასთან მივდივარო, და სუიციდის მცდელობაც მაგიტომ აქვს"

ასე თუ ისე, სასწრაფო დახმარების მუშაობის რეჟიმი უკვე გაგაცანით და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ დილიდან საღამოს 6-ის ნახევრამდე შეუსვენებლად ვიმუშავეთ. ერთი გამოძახება გვქონდა დარჩენილი საოცნებო შესვენებამდე, უკვე გასავათებულები ვიყავით, როცა ქალაქის გარეუბანში მივიღეთ გამოძახება. პაციენტი 20 წლის გოგონა
იყო, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

საშინელი სიჩქარით მივქროდით. ადგილზე მისულებს სახლში დამთრგუნველი სიტუაცია დაგვხვდა. სიღარიბე გამეფებულიყო. ეზოში ჩასასვლელიც კი არ ჰქონდათ და სახლში შესასვლელი კიბე ისე იყო მოყანყალებული, მეგონა, ჩაინგრეოდა, მაგრამ ექიმებმა ისეთი სისწრაფით აირბინეს, მეც გამბედაობა შემემატა და უკან მივყევი.

ეტყობა, კედლებზე ყოველ ავდარში
წყალი ჩამოდის. იატაკი აქა-იქ ჩამტვრეული იყო და დაკვირვებით უნდა გაგევლო, რომ ფეხი არ ჩაგვარდნოდა. სახლში ხანში შესული ცოლ-ქმარი, ორმოციოდე წლის მამაკაცი და პატარა ბავშვი დაგვხვდნენ. გოგონა საწოლზე იწვა, უგონოდ იყო და ხრიალებდა.

სუიციდის მცდელობა


გიორგი და მაია ექიმები პაციენტთან უხმოდ ტრიალებდნენ, ერთმანეთისთვის არაფრის მითითება არ სჭირდებოდათ, შეთანხმებულად მუშაობდნენ, თითოეული თავის საქმეს აკეთებდა. უფანჯრო ოთახში ნათურაც კი არ ჰქონდათ და მე მომიწია ტელეფონის ფარნით განათებამ, რომ გიორგის "ვენა ჩაედგა" და გადასხმა დაეწყო. გოგონას მკლავზე ნაიარევები ეტყობოდა. როგორც ჩანს, რამდენჯერმე ვენები გადაიჭრა. შემდეგ ჟანგბადიც მიაწოდეს. მაიამ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი განსაზღვრა და მონიტორზე აიყვანა. ეს ყველაფერი წამებში მოხდა.
ასაკოვანი ქალი გოგონას ბებია აღმოჩნდა, მამაკაცი - ბაბუა, ბავშვი - შვილი, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი პაციენტის მამა.
რა მოხდა-მეთქი, ვიკითხე.

- ლამის |თავი მოვიკლა, რა დღეში ვართ, - ტირილით დაიწყო მოყოლა ბებიამ, - ფსიქიატრიულში ორჯერ ვიწექით, ფსიქოტროპულ წამლებს სვამს, მისთვის ალკოჰოლის მიღება ისედაც არ შეიძლება და წამლების ფონზე, მით უმეტეს. მეგობარმა გოგომ მოაკითხა, ეტყობა, არაყი იმან მოიტანა, მიმალულან ბაღში, დაულევიათ და მთვრალი დაბრუნდა შინ, თავი უნდა მოვიკლაო, ამბობდა. ოთახში შემოვიდა, თავისი წამლები მუჭში გადმოიყარა და პირში გაიქანა. ხელი ავუკარი და ნაწილი დაებნა, მაგრამ მოასწრო და მაინც ჩაიყარა პირში. სანამ ჩვენ "სასწრაფოში" დავრეკეთ, გაითიშა კიდეც.

ამასობაში მივიღეთ მითითება, რომელ საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა პაციენტი. ბებია თან გამოგვყვა. პაციენტთან ერთად ერთი ექიმი ჯდება სალონში. გიორგი პაციენტის გვერდით სავარძელზე მოთავსდა, მე თავთან დავუჯექი და ბებიასთან ლაპარაკი განვაგრძე:

- რა დიაგნოზი აქვს?
- შიზოფრენია. ჯანმრთელი დაიბადა, ანგელოზივით ბავშვი იყო, თუმცა რაღაც უცნაურობები კი ახასიათებდა. ჩემი შვილი ძალიან ადრე დაქორწინდა, 17 წლისაც არ იყო და ცოლს მალე გაშორდა. ბავშვი დედასთან იზრდებოდა. 13 წლის იყო, როცა დედა მოუკვდა. ეძინა, დილით ადგა და დედა სკამზე მჯდარი ნახა გარდაცვლილი და იქიდან დაეწყო პრობლემები. ხმები ესმის, ამბობს, დედა მეძახისო და სუიციდის მცდელობაც მაგიტომ აქვს, დედასთან მივდივარო, ამბობს ხოლმე.

- შვილს როგორ ექცევა?
- ხანდახან ძალიან აგრესიულია, მაგრამ იმდენს კი ხვდება, რომ ბავშვს არ ავნოს და მაგ დროს სახლიდან მიდის. გვეტყვის ხოლმე, წაიყვანეთ ბავშვი, მეშინია, არ მოვკლაო. ესეც პატარა გათხოვდა და მალევე ორსული წამოვიდა უკან. ხანდახან ისეთი ალერსიანია, გაგიკვირდებათ, ბავშვს უვლის, სულში ისვამს, ეფერება. რა ქნას, შვილო, თავად კი არ უნდა, დაავადება აკეთებინებს ყველაფერს...

დედა რომ ვახსენე, გოგონამ, რომელიც მანამდე გათიშული იყო, გონზე მოსვლა დაიწყო. თავი გადმოაბრუნა და ჩემს დანახვას ცდილობდა. მერე მარჯვენა ხელი აამ­ოძრავა, ჰაერში უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა. გიორგიმ ხელი დაუკავა, რომ გადასხმის სისტემა არ გამოსძრომოდა ვენიდან. გოგონა არ ჩერდებოდა. მივხვდი, ხელით მიხმობდა, უნდოდა, რომ შევხებოდი. ხელი მივაწოდე. ჯერ ხელზე მაკოცა, მერე ლოყის ქვეშ ამოიდო, თან ხელით იკავებდა, რომ არ გამომეცალა და ისევ ჩაეძინა. ცოტა ხანში ხელი გამოვაცალე. დედის ხსენებაზე ისევ გაახილა თვალები, ისევ მიხმო ხელით, ისევ ამოიდო ჩემი ხელი ლოყის ქვეშ და დამშვიდდა. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, ყელში ბურთი გამეჩხირა, გული ამიდუღა ამ გოგონას საცოდაობამ. ძალიან შემრცხვა, თორემ ხმამაღლა ვიტირებდი და გოგონას ჩავეხუტებოდი, რომ ცოტაოდენი სითბო და სიმშვიდე მიმეცა მისთვის.

გიორგისა და მაიკოს მცდელობამ ნაყოფი გამოიღო - საავადმყოფოში პაციენტი კონტაქტური გახდა და პირველად შვილი მოიკითხა.
რამდენიმე დღის შემდეგ იმავე უბანში სხვა პაციენტთან მოვხვდით და გოგონას ბებია შეგვხვდა. ვიკითხეთ ამბავი და გვითხრა, მეორე დღეს ფსიქიატრიულში გადაიყვანეს და ჯერჯერობით იქ არისო.

უკვე მართლა გასავათებულები მივედით ფილიალში და მაიკო ექიმს დილით დაწყებული ამბის გაგრძელება ვთხოვე (ერთი პაციენტიდან მეორესთან მისვლამდე ან პაციენტის კლინიკაში გადაყვანისას, გზაში მიყვებოდა). თუმცა 20 წუთში რას მოვასწრებდით და გამოძახებებზე გასულები, გზადაგზა ვუბრუნდებოდით საუბარს.
გაიცანით მაიკო ექიმი

მაია ქურდაძე წლებია, "სასწრაფოში" მუშაობს. მასთან ურთიერთობისას ხვდები, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ექიმს პაციენტი უყვარს. როდესაც "112" მისამართთან ერთად პაციენტის ავადმყოფობის სიმპტომებს გადმოგვცემს, 100-დან 99 შემთხვევაში მაიკო ექიმმა წინასწარ იცის დიაგნოზი. თავიდან ძალიან მიკვირდა, როგორ სვამდა დისტანციურად, ახლა უკვე შევეჩვიე და ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი უზარმაზარი ალბომი, სადაც მაიკოს სერტიფიკატებია ჩაკრული. ურთიერთობის პირველივე დღეებიდან შევატყვე, რომ პაციენტ ბავშვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს - ელოლიავება, ეფერება, დაჰკანკალებს.

მაია ქურდაძე: - როცა გამოძახებაზე ბავშვთან მივდივართ, არავის ვაკარებ ახლოს, ვცდილობ ყველაფერი მე გავუკეთო. "სასწრაფოში" მუშაობას ის უპირატესობაც აქვს, რომ 24 საათი მუშაობ და შემდეგ 3 დღე თავისუფალი ხარ. ამიტომ ყოველთვის რამდენიმე სამსახური მქონდა, ვმუშაობდი საბაჟოზეც, სტატისტიკის დეპარტამენტშიც, მოსახლეობის აღწერის სამმართველოში... გავიგე, რომ ბავშვთა სოფელ "პირველ ნაბიჯში" გამოცხადდა კონკურსი შეზღუდული უნარ-ჩვევების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ. გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ახალი გამოწვევები ძალიან მიყვარს. საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. გასაუბრების შემდეგ 200-ზე მეტი კანდიდატიდან 20 შეგვარჩიეს და ორთვიან ტრენინგზე დაგვიბარეს. აღმოჩნდა, რომ ამ ტრენინგების დროს, გარდა იმისა, რომ გვიტარდებოდა ლექციები, რომლებშიც ქულებს გვიწერდნენ, ფარულად გვაკვირდებოდნენ. მაგალითად, შუადღისას სადილი გვქონდა და თურმე იმასაც კი აქცევდნენ ყურადღებას, ვინ გარბოდა პირველი სასადილოში და ვინ ბოლო. აკვირდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ პირად საუბრებში. ვინ დედამთილზე ჭორაობდა, ვინ ქმარსა თუ თანამშრომელზე. ამაშიც კი ქულებს წერდნენ. ბოლოს გალა-ვახშამი გაიმართა და იქაც გვაკვირდებოდნენ, ვინ რამდენი დალია, ვინ ზედმეტად მოილხინა. მოკლედ, დაწვრილებით შეგვისწავლეს. ბოლოს შემაჯამებელი წერილობითი გამოცდა ჩაგვიტარდა. ამ დროს რამდენიმე სამსახური უკვე მქონდა და არ ვიცოდი, რომ გამემარჯვა, ყველა სამსახური ერთმანეთთან როგორ უნდა შემეთავსებინა. მთავარი იყო, კონკურსში ვმონაწილეობდი და საკუთარ თავს ვცდიდი. მოკლედ, დამირეკეს და მითხრეს, რომ ამიყვანეს. წარმოიდგინეთ, ამდენი დავიდარაბის შემდეგ, პირველი მორიგეობა რომ დავამთავრე დილით და სხვა სამსახურში წასასვლელად გავემზადე, ვთქვი, აქ აღარ დავბრუნდები-მეთქი. ძალიან მძიმე სამუშაო იყო, ბავშვები კასპის ბავშვთა სახლიდან იყვნენ. მათ საშინელ ყოფაზე დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული. უმეტესობას კრუნჩხვა, სტერეოტიპური მოძრაობები, არაადეკვატური ქცევები ჰქონდა. კრუნჩხვის დროს ეცემოდნენ და სახე და სხეული სულ დალურჯებული ჰქონდათ.

- თქვენ რა გევალებოდათ?
- ყველაფერი: ბავშვებზე ზრუნვა, ჰიგიენა, აღზრდა, უნარ-ჩვევების გამომუშავება, კერძებსაც ვუმზადებდით. ერთი ბავშვი გვყავდა, ფენილკეტონიურიის დიაგნოზით. ასეთი ბავშვებისთვის განსაკუთრებული კვებაა საჭირო, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს. პურსაც ვუცხობდით სპეციალური დანამატებით. ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევდით, კბილების გახეხვასაც კი ვასწავლიდით. უნარშეზღუდულ ბავშვებთან ეს ძალიან რთულია. ამის შესწავლას თვეები სჭირდება. ჯერ ონკანის გახსნა უნდა ასწავლო, კბილის ჯაგრისის ცნობა, როგორ უნდა მოათავსოს ზედ კბილის პასტა და ა.შ.

- ეს ბავშვები მშობლებს მიტოვებული ჰყავდათ?
- ზოგიერთი კი, მაგრამ ზოგს აკითხავდა მშობელი, საჩუქრები მოჰქონდათ... მათთან კონტაქტის დამყარებაც ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ჯერ მზერით უნდა დაამყარო კონტაქტი, მერე სიტყვით...

პირველი დღე კოშმარი იყო. ბავშვები ყვიროდნენ, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი. წამოვედი და ვფიქრობდი, იმ ბავშვმა, ხელი რომ ჩამჭიდა და ეზოში გამიყვანა, რა დააშავა? იქნებ ჩემთან ერთად უნდა სეირნობა? ნეტავ თუ მიცნობს, შემდეგ მორიგეობაზე რომ მივალ? ამ ფიქრების შემდეგ გულმა კვლავ გამიწია მათკენ და ისევ მივედი. მიცნო სოსომ, ისევ ჩამჭიდა ხელი, ეზოში გამიყვანა და მივხვდი, რომ მის დატოვებას ვეღარ შევძლებდი. მეორე ხელი ოთარმა დაიკავა. ამ ბავშვებს უმძიმესი დიაგნოზი აქვთ. ასეთი ბავშვი რომ გენდობა, ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა. დავიწყეთ სეირნობა, უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. ყველა ბავშვს, გარდა გონებრივისა, შინაგანი ორგანოების დაავადებებიც ჰქონდა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოწესრიგდა - მოუწესრიგდათ პირის ღრუ, ნერვული სისტემა. ეპილეფსიის მქონე ბავშვები ძვირად ღირებულ პრეპარატებს იღებდნენ, ოპერაციაც ბევრს ჩაუტარდა. მათთვის ტანისამოსს მხოლოდ ბრენდულ მაღაზიებში ყიდულობდნენ. ერთი ბავშვი მოგვიყვანეს, როგორც ყრუ-მუნჯი, არც ესმის და არც ლაპარაკობსო, გვითხრეს. არადა, მუსიკას რომ ჩავურთავდით, ბავშვი ცეკვავდა, ხმითაც კი აჰყვებოდა ხოლმე. როგორც ჩვენ ვეფერებოდით, თვითონაც ჩაგვეხუტებოდა და გვკოცნიდა. კოცნაც არ იცოდა, ან ლოყას მოგვადებდა, ან ტუჩებს და ასე გამოხატავდა სიყვარულს. მშობლები აკითხავდნენ, მაგრამ ვერ ცნობდა. რეაქცია არ ჰქონდა.

- ალბათ, თქვენ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდათ.
- ერთი ბავშვი გვყავდა, მსუბუქი გონებაჩამორჩენილობით და ფიზიკურად უნარშეზღუდული, ეტლით სარგებლობდა. 16 წლის იყო და ძალიან ვუყვარდი. სხვა აღმზრდელებისთვის უთქვამს, მაიკო მიყვარს, ცოლად უნდა მოვიყვანო და წითელი პენუარი ვუყიდოო... ერთ-ერთი­, ნინიკო, სახლშიც კი მიმყავდა რამდენიმე დღით.

ამ ბავშვებთან ერთად სპექტაკლიც დავდგით და თუმანიშვილის თეატრში გვქონდა პრემიერა. წარმოიდგინეთ, ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე ბავშვები რომ სპექტაკლს ითამაშებენ. მოწვეულმა რეჟისორმა დადგა და მართლაც ძალიან ამაღელვებელი გამოვიდა.
რამდენიმე წელი გავიდა, რაც წამოვედი "პირველი ნაბიჯიდან" და ახლაც კი ძალიან მენატრებიან. ჩემმა მონაყოლმა და მათთან ურთიერთობის დეტალებმა ისე იმოქმედა ჩემს დაზე, რომ გადაწყვიტა, მინდობით აღზრდაში აეყვანა ბავშვი. ერთი უკვე გაზარდა, დააფრთიანა და გაუშვა, ახლა მეორე ჰყავს.

შემდეგ ნომერში განსაკუთრებული კატეგორიის პაციენტების - 80 წელს გადაცილებული გაუთხოვარი ქალბატონების უჩვეულო ქცევებსა და ახმეტელის მეტროსთან მდებარე "მოჯადოებულ" მერხზე მოგიყვებით, რომელიც უცნაური ამბების "მომსწრეა".

მარი ჯაფარიძე
(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?