"ჩემს უმცროს გოგონას საქართველოს სიყვარულით ჯორჯა დავარქვი" - კვირის პალიტრა

"ჩემს უმცროს გოგონას საქართველოს სიყვარულით ჯორჯა დავარქვი"

"ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ქართული ერთ-ერთი უძველესია, ჩემთვის გასაოცარი აღმოჩენა გახლდათ"

იტალიაში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და მუშაობს. მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელიცაა. რამდენიმე დღის წინ თბილისს იტალიელი ისტორიკოსი და მწერალი ფრანჩესკო ტრეჩი ესტუმრა. ეს მეგობარმა შემატყობინა და მითხრა, თუ გინდა გაიცნო საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის ჩვენი ისტორია, ამ საღამოზე უნდა წამოხვიდეო.

იმ დღეს დილიდანვე ფუსფუსებდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ იტალიური კულტურის ცენტრში. სწორედ აქ უნდა გამართულიყო ფრანჩესკო ტრეჩისთან შეხვედრა.

ფოიეში ერთი სიმპათიური კაცი იდგა და ყველას სიხარულით ეგებებოდა. თითქოს ყველას დიდი ხანია იცნობდა. როცა მეც თბილად მომიკითხა, მივხვდი, რომ ეს ნამდვილი იტალიური შეხვედრა იყო - ემოციური და ტემპერამენტული.

ფრანჩესკო ტრეჩის ბევრი იცნობს საქართველოში, განსაკუთრებით კი იტალიაში ემიგრანტი ქართველები. ის აქაც და იქაც ჩვენი ერთგული მეგობარია. მის ორ ნაწილად გამოცემულ წიგნს ასეთი ქვესათაური აქვს: "ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა".

დალი რუსიშვილი, იტალიაში მცხოვრები ქართველი: - იტალიელები არ იცნობდნენ არც საქართველოს, არც ქართველებს და ფრანჩესკო ემიგრანტი ქართველებისთვის ნამდვილ საგანძურად იქცა.

საოცარი გრძნობაა, როცა უცხოტომელი ასე აღფრთოვანებულია შენი ისტორიით და ტრადიციებით, იტალიელების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ძალიან შეიცვალა, თვალებგაბრწყინებული გვეკითხებიან: "ჯორჯიანა?" და ფართოდ გვიღებენ კარს. ყველაფერი კი იტალიურ გაზეთში დაბეჭდილი ფრანჩესკოს სტატიით დაიწყო... ფრანჩესკო მაშინ ფლორენციის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა.

ფრანჩესკო ტრეჩი: - აღმაფრთოვანა ამ პატარა ქვეყანამ, რომელმაც რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის მიუხედავად, შეინარჩუნა ენა, სარწმუნოება, კულტურა და ტრადიციები.

ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ქართული ერთ-ერთი უძველესია, ჩემთვის გასაოცარი აღმოჩენა გახლდათ. ამიტომ ბევრი არც მიფიქრია, სადიპლომო ნაშრომად საქართველო ავირჩიე. ნაშრომში განვიხილავდი თქვენს ქვეყანას, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება. არ გამომრჩენია თქვენი ეროვნული გმირებიც, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა...

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როცა ოჯახმა მკითხა, რით დაგასაჩუქროთო, საქართველოში გასამგზავრებელი ბილეთი ავირჩიე. 2003 წელს პირველად ჩამოვედი და მხოლოდ თბილისის ნახვა შევძელი, მაგრამ მივხვდი, რომ წინ კიდევ ბევრი საოცრება მელოდა. იტალიაში დაბრუნებულს ძალიან მომინდა, ჩემი თანამემამულეებისთვის გამეცნო თქვენი პატარა ქვეყანა. დროდადრო გაზეთებში ვაქვეყნებდი წერილებს. ბევრი იტალიელი სწორედ ჩემი პუბლიკაციების მერე გამოემგზავრა საქართველოში და ყველა აღფრთოვანებული დაბრუნდა. გადავწყვიტე, ისტორიული ფაკულტეტიც დამემთავრებინა და სადიპლომო ნაშრომად კვლავ საქართველო ავირჩიე. ამჯერად მისი ისტორია უფრო ვრცლად მიმოვიხილე, ფარნავაზიდან თამარ მეფემდე. 2009 წელს მეორედ ჩამოვედი საქართველოში...

- ყველაზე მეტად რომელმა კუთხემ მოგხიბლათ? - კახეთმა - თავისი მონასტრებითა და ღვინით. მიყვარს გურიის სოფლებიც, აჭარა, ბათუმის ბულვარი და თბილისის რუსთაველის პროსპექტი. მე საქართველოთი დიდი ხანია"მოვიწამლე, წელი არ გავა, არ ჩამოვიდე. ორი ქალიშვილი მყავს: ქლოე და ჯორჯა. უმცროსს საქართველოს სიყვარულით დავარქვი ჯორჯა.

ბევრი მთხოვს, საქართველოში მოგზაურობის ტური შევადგინო. ერთხელ ცნობილმა იტალიელმა ბლოგერმა მონიკა ნარდელამაც მთხოვა ტურის შედგენა, საქართველოდან დაბრუნებულმა კი რამდენიმე ბლოგი მიუძღვნა თქვენს ქვეყანას... გადავწყვიტე წელიწადში ერთხელ მოვაწყო დიდი ტური "მოგზაურობა საქართველოში ფრანჩესკოსთან ერთად".

- მითხარით ერთი წინადადება, რომლითაც შეგიძლიათ საქართველოს დახასიათება... - "რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია" - ეს ის სიტყვებია, რაც თქვენი ხალხის მენტალიტეტში ღრმად ზის. არ მეგულება მსოფლიოში ერი, მსგავსი აფორიზმი ჰქონდეს. ალბათ, ამ ჯადოსნურმა სიტყვებმა და სიკეთის კეთებამ მოგიყვანათ დღევანდლამდე, თორემ ეს პატარა ქვეყანა როგორ გადარჩებოდა, როცა უზარმაზარი იმპერიები შთანთქა საუკუნეებმა. ბრავო, ქართველებო!

იხილეთ ასევე: "მეშინოდა, რომ საქართველოს სხვა სტუდენტი "მომპარავდა" - იტალიელი, რომელმაც საქართველოს ისტორიაზე წიგნი დაწერა

მარინა ბაბუნაშვილი