ზოლიანი "ხაფანგი" - კვირის პალიტრა

ზოლიანი "ხაფანგი"

თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის ქუჩის შესახვევშივე, პირდაპირი გაგებით დაახეთქეს "ზებრა". ისეთი ადგილია, მძღოლი ვერ ასწრებს რეაგირებას და ამის გამო შესაძლებელია დაჯარიმდეს. როდესაც "ზებრა" პირიქით, საფრთხეს ქმნის, ჯობს არ იყოს...

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეითად მოსიარულეთა დაღუპვის ორი შემთხვევა გახმაურდა. როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, ამ სტატისტიკით საქართველო ბევრად უსწრებს ევროპის მოწინავე ქვეყნებს.

- წელიწადში დაახლოებით 160 ქვეითად მოსიარულე იღუპება. ეს 4-5-ჯერ აღემატება საშუალო-ევროპულ მაჩვენებელს. პრობლემა კომპლექსურია, არ ეხება მხოლოდ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს ან ხელისუფლებას. ყურადღებას გავამახვილებდი საგზაო ინფრასტრუქტურაზე. ამჯერად დედაქალაქზე ვიტყვი - დედაქალაქის შესაბამისმა სამსახურებმა არ იციან ქვეითად მოსიარულეთათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც მოუნდებათ, იქ ხაზავენ "ზებრას" და ჰგონიათ, ეს საკმარისია.

მაგალითად, რესპუბლიკის მოედანზე გადასასვლელი კარგია, დარეგულირებულია შუქნიშნით. ადრე ამ ადგილას მუდმივად თვითნებურად გადადიოდა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ იქვე მიწისქვეშა გადასასვლელია, რომელიც, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის არ არის სათანადოდ გამართული. ახლა იქ ქუჩა დარეგულირებულია, გაკეთდა უსაფრთხოების კუნძულები, შეიძლება გზაზე გადასვლა და სვლის გაჩერება, შუქნიშნის წამმზომები ნორმალურად არის დაყენებული, საავტომობილო ნაკადი არ შემოდის მაშინ, როდესაც ქვეითებისთვის მწვანე ანთია.

ბარათაშვილის აღმართზე ავტობუსის ზოლები ყველა დარღვევითაა გაკეთებული. ავტომფლობელებს წინასწარ არ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ ისინი ავტობუსის ზოლს უახლოვდებიან ან შედიან მასში. როცა მართავთ მანქანას, მიდიხართ თქვენს ზოლში, უცბად ავტობუსის ზოლში ამოყოფთ თავს...

იმავე უბანში, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის ქუჩის შესახვევშივე, პირდაპირი გაგებით დაახეთქეს "ზებრა". ისეთი ადგილია, მძღოლი ვერ ასწრებს რეაგირებას და ამის გამო შესაძლებელია დაჯარიმდეს. რისთვის არის "ზებრა" საჭირო? იმისთვის, რომ მოქალაქემ გზა უსაფრთხოდ გადაკვეთოს. როდესაც "ზებრა" პირიქით, საფრთხეს ქმნის, ჯობს არ იყოს. "ზებრის" დახაზვას ცოდნა სჭირდება. არის ადგილები (ვაკის, საბურთალოს, დიდუბის რაიონებში), სადაც "ზებრასთან" და პარალელურად ერთი ან ორი საავტომობილო ნაკადისთვის შუქნიშანზე ერთდროულად ინთება მწვანე.

- ასეთ შემთხვევაში კანონი რას ამბობს?

- კანონი მძღოლს ავალდებულებს, რომ ქვეითად მოსიარულეებს დაუთმოს გზა, მაგრამ როდესაც ყველასთვის მწვანე ინთება, ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ გზაჯვარედინზე საცობი იქმნება.

ბოლო დროს ხშირად ავტობუსის გაჩერებებზე კეთდება "ზებრა", რაც სწორია, მაგრამ ქალაქში გვხვდება ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ შედის გაჩერებაზე და თუ ავტობუსი გაჩერებაზე დგას, მოქალაქე მას ვეღარ კვეთს. ზოგიერთი "ზებრა" ისეა დახაზული, რომ ავტობუსის წინ ხვდება, რაც საშიშია. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ქვეითად მოსიარულე უნდა გადავიდეს ავტობუსის უკან, რათა სხვა ზოლში მოძრავი მძღოლისთვისაც იყოს ხილული.

უგულებელყოფილია საგზაო ნიშნებიც - მძღოლი "ზებრაზე" ისე ხვდება, წინასწარ არ არის ინფორმირებული. მას მანამდე უნდა შეხვდეს საგზაო ნიშანი, რომ გადასასვლელს უახლოვდება. საგზაო ნიშანი ქვეითად მოსიარულეებისთვისაც საჭიროა.

- მძღოლები და ქვეითებიც ხომ სცოდავენ ხანდახან? - ორივე შემთხვევაში გადამჭრელი საგზაო ინფრასტრუქტურაა. მძღოლს ეუბნები, დაიცავი წესებიო და შენვე ხელს უშლი თუნდაც იმით, რომ ერთდროულად მწვანეს უნთებ შუქნიშანზე მასაც და ქვეითსაც. გადასასვლელებთანაც უნდა იყოს დამონტაჟებული საკონტროლო კამერები.

ქვეითად მოსიარულემ ისევე უნდა იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, როგორც მძღოლმა, საამისო საგანმანათლებლო პროგრამები კი არ არის გათვალისწინებული არც ბაღებში, არც სკოლებში.

მძღოლიც სხვადასხვანაირია - არიან წესრიგის დამცველებიც და ისეთებიც, რომელთაც თუ იციან, რომ კონკრეტულ ადგილას კონტროლის მექანიზმი არ არის, წესებს არად დაგიდევენ. საჭიროა საგზაო წესების ცოდნა, კარგი ინფრასტრუქტურა, სწორად დაყენებული კამერები კონტროლისთვის - ეს ყველაფერი კომპლექსურია და მიზეზი მხოლოდ იმაში არ უნდა ვეძებოთ, რომ ქვეითმა სადღაც გადაირბინა.

 მძღოლს ეუბნები, დაიცავი საგზაო წესებიო და შენვე ხელს უშლი თუნდაც იმით, რომ ერთდროულად მწვანეს უნთებ შუქნიშანზე მასაც და ქვეითსაც

- თუმცა არც უმაგისობაა.

- არაერთი შეხვედრა გვქონია შსს-ში ამ საკითხზე, მაგრამ დღემდე ადმინისტრირების მექანიზმი ვერ მოიფიქრეს. ისიც უსამართლოა, დაჯარიმება შემოვიღოთ და ინფრასტრუქტურა არ იყოს მოწესრიგებული. რომ ეუბნები მოქალაქეს, დაიცავი წესები, აქ გადაკვეთე გზაო, ამისთვის პირობა უნდა შეუქმნა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა უთხრა: მე გაგიკეთე ინფრასტრუქტურა, მოგიწყვე ყველაფერი უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის და შენ მაინც შენს ნებაზე გადარბიხარო. საჯარიმო სანქციები ამ შემთხვევაშია გამართლებული.

- ახლახან შემოიღეს სანქცია, რომლის მიხედვითაც, ავტობუსის ზოლზე მოძრაობა 100 ლარით, ველობილიკზე კი 50 ლარით დაჯარიმდება. ეს სანქცია გამოასწორებს ვითარებას? - ისევ იმავე პრობლემამდე მივდივართ - საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხელი უნდა შევუწყოთ და მის ზოლში არ უნდა ვიმოძრაოთ. ავტობუსის ზოლები - ბარათაშვილის აღმართზეც, თბილისის მერიასთანაც, კუს ტბის ჩამოსახვევთან - ყველა დარღვევითაა გაკეთებული. ავტომფლობელებს წინასწარ არ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ ისინი ავტობუსის ზოლს უახლოვდებიან ან შედიან მასში. როცა მართავთ მანქანას, მიდიხართ თქვენს ზოლში, უცბად ავტობუსის ზოლში ამოყოფთ თავს. საგზაო ნიშანი წინასწარ უნდა აფრთხილებდეს მძღოლს, რომ ავტობუსის ზოლს უახლოვდება, ახლანდელი ავტობუსის ზოლები კი მახეა მძღოლისთვის. თუ გზა დაზეპირებული არა გაქვს, აუცილებლად აღმოჩნდები ავტობუსის ზოლში.

ქალაქის მერს არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ პროფესიონალების რჩევებზე დაყრდნობით უნდა მოეწყოს საგზაო ინფრასტრუქტურა. ბევრი რამ არის გადასაკეთებელი, რათა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხოს, გადაკეთება კი ორმაგი ხარჯია. კი, ტრანსპორტის საკითხები თბილისის მერიისთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ერთია პრიორიტეტულობა და მეორე - რამდენად სწორად კეთდება ყველაფერი. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.