”თუ ასე გაგრძელდა, ”საქართველოს მოდის კვირეულში” დიზაინერების უმეტესობა აღარ წარდგენა”
01-11-2010
ქართული მოდა არსებობის არცთუ დიდ დროს ითვლის, შეიძლება ითქვას, ჩანასახის სტადიაშია. იმისთვის, რომ მოდის ბიზნესი განვითარდეს და ინდუსტრიად იქცეს, აუცილებელია რა? ბლომად ფინანსები, კარგი პიარი და რაც მთავარია, მაღალი პროფესიონალიზმი. ბოლო თვეებში საქართველოში მოდის რამდენიმე კვირეული ჩატარდა. "საქართველოს მოდის კვირეული" "თბილისის მოდის კვირეულმა" ჩაანაცვლა. ორივე ღონისძიება სხვადასხვა გუნდმა მოამზადა. მშვენიერია, მოდის ჯერ კიდევ ვიწრო სფეროში კონკურენციამ იმძლავრა, თუმცა საქმე სხვაგვარადაა და ამ მოვლენასაც სხვა სიტყვა უფრო შეეფერება.

"საქართველოს მოდის კვირეულს"
არც მეტი, არც ნაკლები, ენდოკრინოლოგი, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი უდგას სათავეში, "თბილისის მოდის კვირეულის" ორგანიზატორი კი მოდის ბიზნესში კარგად გარკვეული, თავადაც მოდელი თაკო ჩხეიძეა.
პატარა ქვეყანაში, სადაც სულ რამდენიმე დიზაინერია, ბაზარი, რისთვისაც კოლექცია კეთდება, მცირეა, მოდა კი, ფაქტობრივად, ახლა იბადება, ტარდება ორი კვირეული, ორივე
მოდის და ორივე - ერთი და იმავე საზოგადოებისთვის.

მინდა, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული "საქართველოს მოდის კვირეული" მიმოვიხილო მოკლედ.
პირველად "ვაი!" მაშინ აღმომხდა, როდესაც კვირეულამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ერთადერთმა და უცვლელმა ბრენდმა, "ავთანდილმა", არც ერთი ნამუშევარი არ გამოაჩინა, წინა ფეშენ უიქზე ეს შეცდომა დავუშვი და მერე ჩემი ესკიზების სასწრაფოდ გადათამაშება მომიხდაო. ყველაზე მოდურ მოვლენასთან დაკავშირებული კითხვა პირველად სწორედ მაშინ გამიჩნდა:

"მეტი ფანტაზია, ნიჭი და პროფესიონალიზმი თუ არა აქვთ ქართველ დიზაინერებს და მართლა ცქვიტინიძეს ესესხებიან, მაშ, რისთვის ტარდება მაღალბიუჯეტიანი მოდის კვირეულები? იმისთვის, რომ ავთანდილის კოლექციის სხვადასხვა ვარიაცია ვიხილოთ პოდიუმზე?"

დაველოდე მოდის კვირეულს... მეტეხის ხიდი... თბილისის ბომონდი...
სტოპ! სად არის ბომონდი? მახსოვს, წინა მოდის კვირეულს გაცილებით მეტი ფეშენსაზოგადოება დაესწრო. ალბათ, ჩვენი ბომონდი ორად გაიხლიჩა ორი მოდის კვირეულის გამო, ან ეს კვირეული მნიშვნელოვან მოვლენად აღარ მიიჩნია. რაც მთავარია, სტუმრებს შორის შევნიშნე გიგი უგულავა მეუღლით და დავით ბაქრაძე, რომელიც ვერა ქობალიასთან საუბრით ირთობდა თავს.

ვინ გახსნიდა კვირეულს, თუ არა ავთანდილი?
ვერაფერს იტყვი, ჩვენება მშვენიერი იყო, თუმცა კოლექციაში არავითარი სიახლე, ნაკლები კრეატივი და ტენდენციურობა შეინიშნებოდა... მეტიც, მაღალ მოდაში გაცნობიერებულ ადამიანებს თუ ყურს დავუგდებთ, კომპეტენტურად, დაწვრილებითა და ფაქტებით გვესაუბრებიან ცქვიტინიძის პლაგიატობაზე. თუმცა, ეს თემა შორს წაგვიყვანს. თან, არახალია. შარშანდელ მოდის კვირეულზე ჩამოსულმა რამდენიმე უცხოელმა სტუმარმა ამ ფაქტს პირდაპირ, თუმცა დელიკატურად გაუსვა ხაზი...

KvirisPalitra.Geასეა თუ ისე, კვირეული გაიხსნა.
მერე იყო რუსთაველის თეატრი და...
ბევრი, ბევრი, ბევრი ჩვენება ასევე ბევრი, ბევრი, ბევრი ლაფსუსით.
ჩვენებების რეჟისურა ორგანიზატორებმა საზღვარგარეთიდან მოწვეულ რეჟისორს დააკისრეს. ეს ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული ტენდენციაა. უცხოელია? მაშინ, მაგარია! სულაც არ აღმოჩნდა მაგარი - არ იცნობდა ქართული მოდის კულტურას, საზოგადოებას, ვისთვისაც ეს ჩვენება კეთდებოდა და არც რუსთაველის თეატრის შენობას - ვერც სივრცე აითვისა სათანადოდ და არც რეჟისურა აღმოჩნდა სახარბიელო.

კვირეულის ორგანიზატორებს თუ დავუჯერებთ, საზღვარგარეთიდან 40-კაციანი დელეგაცია - მაღალი მოდის კრიტიკოსები და ავტორიტეტები - იყვნენ მოწვეული, ჩვენებებზე კი მხოლოდ რამდენიმე უცხოელი შევამჩნიეთ, მათგან განსაკუთრებული არავინ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით კეტრინ ბაბას - ყველაზე ექსტრავაგანტურსა და ეპატაჟურ ქალს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში და საფრანგეთის პრეტ-ა-პორტეს ფედერაციის პრეზიდენტს ჟან პიერ მოშოს.

როგორც წესი, ყველა მოდის კვირეულს აშუქებს საერთაშორისო მოდური არხი  FTV თუმცა, არც ერთი კამერა ამ ტელევიზიიდან არ შემინიშნავს, განსხვავებით წინა სეზონის მოდის კვირეულისგან.

რისთვის ატარებენ ჩვენი ქვეყნის პირობებში მართლაცდა მასშტაბურ მოდის კვირეულს, თუ ჩვენებებს საერთაშორისო გამოხმაურება არ ექნება, დარბაზი კი მხოლოდ ამა თუ იმ დიზაინერის სამეგობროთი და ერთგული კლიენტურით იქნება გადატვირთული?!

რაც შეეხება კვირეულში მონაწილე დიზაინერებს, მათი რიცხვი არცთუ ცოტა იყო, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესო კოლექცია არავის წარმოუდგენია, ყოველი მათგანი ერთმანეთს ჰგავდა - მოდის ტენდენციების გათვალისწინებით ზედმიწევნით ტენდენციური იყო - მაღალი მხრებითა და რუშებით გადატვირთული. ეპატაჟურ ბიჭოლას კი მისთვის დამახასიათებელი კოლექცია ჰქონდა წარმოდგენილი...

კვირეულში დამწყები დიზაინერებიც მონაწილეობდნენ, ასევე კოლექციით წარდგა სამკერვალო სახლი "ლაურა ღაჭავა" (?!) - ძმებ კოდუების დედის მოდური საკუთრება.
მიუხედავად დიზაინერთა სიმრავლისა, თბილისში არიან მართლაც კარგი დიზაინერები, რომლებიც ამ მოდის კვირეულში ორგანიზატორებმა რატომღაც არ მიიწვიეს! რამდენიმე მათგანმა ისიც კი მითხრა, "ავთანდილი" რომ არ დავჩრდილოთ, არ მიგვაღებინეს მონაწილეობაო.

ეკა ბალანჩივაძე "ი-სტუდიოს" წარმომადგენელია, მან ამ კვირეულზე თავისი კოლექცია წარადგინა. ნანახმა განაცვიფრა, მის აღშფოთებასა და უკმაყოფილებას საზღვარი არა აქვს:

"როდესაც აწყობ ამხელა კვირეულს სახელწოდებით -Georgian Fashion Week, უნდა გაამართლო კიდეც სახელი, პრესტიჟი. ჯერ კიდევ რეპეტიციებისას აღმოვაჩინეთ, რომ პოდიუმი იყო ძალიან მოუხერხებელი, უხარისხო და ულამაზო. პრეტენზია გამოვთქვით და გაითვალისწინეს, მაგრამ უარესი გააკეთეს - გააფინეს ხალიჩა, რომელზეც სიარული მოდელებს უჭირდათ... მუსიკა ჩვენებისას ხშირად წყდებოდა... მრავალნაირი ლოგო დამამზადებინეს, მაგრამ ჩვენების დროს არ გაუშვეს, ნეონის განათებით დრაპირებულ ქაღალდზე უხარისხოდ იყო დაწერილი ჩემი სახელი... მაღალი სტატუსის სტუმრებისთვის მაღალი დონის სარეკლამო ბუკლეტები "ბუქებიც" დამამზადებინეს. მოგეხსენებათ, რამხელა თანხებთან არის ყველაფერი დაკავშირებული.

დავამზადე 40 ცალი 40 სტუმრისთვის და ჩემს ჩვენებას არც ერთი მათგანი არ დაესწრო - ორგანიზატორების დაუდევრობის გამო სტუმრების ლანჩი და ჩვენება ერთმანეთს დაემთხვა. მოსაწვევებიც კი ვერ ან არ დაარიგეს  - დარბაზი თითქმის ცარიელი დამხვდა. კვირეული არაორგანიზებული და ხარვეზებით იყო სავსე. დაირღვა ჩემი, როგორც დიზაინერის უფლებები - არც ტელევიზია, არც მოდის კრიტიკოსები, არც აქაური სტუმრები - არავინ მოსულა... რისთვის გავაკეთე ამხელა კოლექცია, რისთვის დავხარჯე ამხელა თანხა?

მე ხომ მხოლოდ თბილისელი საზოგადოებისთვის და იმათთვის, ვინც ისედაც მიცნობს, არ გამიკეთებია კოლექცია? სხვათა შორის, ასეთივე პრეტენზია სხვებსაც აქვთ. ვმონაწილეობდი წინა სეზონის "თბილისის მოდის კვირეულზე", რომელსაც თაკო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა, და ყველაფერი იდეალურად იყო, პროფესიონალურად ჰქონდა გაკეთებული. ამათთან აღარ ვითანამშრომლებ! თუ ასე გაგრძელდა, "საქართველოს მოდის კვირეულში" დიზაინერების უმეტესობა აღარ წარდგება.

მოდის კვირეული პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის პატრონაჟით ჩატარდა. მართალია, მოდასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ იმდენი მაინც უნდა მოეხერხებინა, რომ ორგანიზატორთა ჯგუფი პროფესიონალებით დაეკომპლექტებინა და ასეთ შედეგს არ მივიღებდით. ეტყობა, ეგონათ, მონაწილეთაგან ვერავინ გაბედავდა პრეტენზიის გამოთქმას."

საინტერესოა, რა დაჯდა "საქართველოს მოდის კვირეული". არც ერთი მსხვილი სპონსორი არ დაუსახელებიათ, გარდა "აირზენასი", რომელმაც სტუმრების ფრენა უზრუნველყო, და "ზვარესი", რომელიც, როგორც ამბობენ, სააკაშვილის ბიძაშვილის საკუთრებაა. ნიკა ალასანიას მეუღლე ლიკა ევგენიძე კი კვირეულის აფთერ-ფართების ორგანიზატორი იყო.

მოკლედ, მოდის კვირეული დაემსგავსა სამთავრობო პირების მეუღლეთა გასართობ ღონისძიებას, რომელთაც გავლენიანი ქმრები ასპონსორებენ: ვინ პირადი ბიზნესით, ვინ კი ქვეყნის ბიუჯეტით.

ამასობაში კი ქართული მოდა, რომელიც ჯერ კიდევ ემბრიონის სახით არსებობს, განაჩენს ელოდება - არაპროფესიონალების წყალობით მას, როგორც ჩანს, აბორტის საფრთხე ელის!

ალექსანდრა ბერია
Aleqsandre Barbaqadze
07 ნოემბერი 2010 14:01
უნიჭოების და ტყლარჭიების პარადი....
mari
07 ნოემბერი 2010 06:19
ბაქრაძის ცოლს მოდის რა გაეგება სუფთა კეკელა და მაროა....შეხედეთ სურათს და თქვით რომ არა....
X
05 ნოემბერი 2010 01:02
ბაქრაძეს და უგულავს მანდ რა უნდა?სასაცილოები ხართ! ჯერ ქართული მოდა რა არის და მერე მას რო ღიპიანი უგულავა და ოთკუთხედ თავიანი ბაქრადძე დაამშვენებენ თავიანთ  ცოლებით !!!

ნეტა დაწყობილები თუ ხართ?! ან მიშიკოს პიარშიკმა არ გირჩიათ ხალხში ეს ზიზღს გამოიწვევსო და არ იაროტო ესეთ სასაცილო და საცოდავ "ტუსოვკებზე"?! ხალხი გაუსაძლის პირობებშია და ამათ შარდენზე 15 ლარიანი ლუდის სმა და პრანწკი-პრუნწკი "მოდის" შოუზე სიარული გონიათ ევროპელობა!

პ.ს. იმედია ვანო ბიძია არ გამშიფრავს ამას საიდან ვწერ და არ გამაკულაკებს

რედაქტორის რჩევით