"ერთიანი სასწავლო კალენდარი არ ამართლებს!" - კვირის პალიტრა

"ერთიანი სასწავლო კალენდარი არ ამართლებს!"

"ბიუროკრატიული ინტერესია, რომ სწავლა მთელ ქვეყანაში ერთ დღეს იწყებოდეს და მთავრდებოდეს, ასე უფრო ადვილია ყველა სკოლის გაკონტროლება"

ამას წინათ სკოლიდან მომავალი სიცხისგან გასავათებული მოსწავლეების დანახვამ გადამაწყვეტინა ამ სტატიის მომზადება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო არეგულირებდეს სკოლებში სწავლების დაწყებისა და დასრულების თარიღს და თან არეგულირებდეს ისე, რომ ყველგან ერთდროულად იწყებოდეს და მთავრდებოდეს სასწავლო წელი. ამ თემაზე "კვირის პალიტრა" განათლების საკითხების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

- ეს პრობლემა დიდი ხანია ცნობილია სახელმწიფოსთვის; იცის, რომ ზოგ რეგიონში ცხელა, ზოგში არა, ზოგში უფრო ცივი ზამთარია, ზოგან შემოდგომაზე მოსავლის აღებას იწყებენ, ზოგან საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს - ეს ყველაფერი არ არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო სისტემის მართვის მოდელში.

არსებობს დღეს მოქმედზე უკეთესი მოდელი, რომლითაც 12-13 წლის წინ ხელმძღვანელობდნენ - განსაზღვრული იყო, რომ სკოლებში სასწავლო წლის ხანგრძლივობა 185 დღე უნდა ყოფილიყო. წინასწარ იყო ცნობილი, რომელ თარიღზე ადრე არ უნდა დაეწყოთ სასწავლო პროცესი და როდის არ უნდა დაემთავრებინათ. დანარჩენ საკითხებს თავად წყვეტდნენ სკოლები, მაგალითად, შაბათს ისწავლიდნენ თუ არა, რომელ რეგიონშიც ციოდა, იქ სკოლები ზამთრობით უფრო ხანგრძლივ არდადეგებს აწესებდნენ, რათა დაეზოგათ გათბობის თანხა, ნაკლებად ევლოთ ბავშვებს სიცივეში. სხვაგან, სადაც ტურისტული სეზონია, ცდილობდნენ, ბავშვებს დიდხანს დაესვენათ სექტემბერში და ა. შ. მიმაჩნია, რომ ეს უკეთესი მოდელია.

- სხვა ქვეყნის სკოლებში როგორ განსაზღვრავენ სწავლის დაწყება-დასრულებას? - სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ტრადიცია აქვს. მაგალითად, საფრანგეთში დასვენების დღეები შუა კვირაშია. ყველა ქვეყანა თავის მოთხოვნებს არგებს სასწავლო პროცესის დაწყება-დამთავრებას.

ჩვენთან პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სასწავლო წელი გვაქვს მსოფლიოში. შეიძლება ესეც მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენი მოსწავლეები მაინცდამაინც კარგ შედეგებს ვერ აჩვენებენ სხვადასხვა კვლევის დროს.

- სწავლის პროდუქტიულობაზე რა გავლენას ახდენს ზაფხულის სიცხეები და როგორ იქნებოდა სწორი 185 სასწავლო დღის გადანაწილება? როდის უფრო უპრიანი იქნებოდა სასწავლო წლის დასრულება? - მაგალითად, ყაზბეგში შეიძლება დღევანდელი ამინდი საუკეთესოდ ითვლებოდეს, მაგრამ თბილისსა და დედოფლისწყაროში სხვადასხვანაირად ცხელოდეს. ამიტომ ვამბობ - ერთიანი სასწავლო კალენდარი არ ამართლებს, ამიტომ სკოლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად მოახდინონ ადაპ[ტირება.

სასწავლო წლის ბოლოს გაკვეთილები არც უნდა ტარდებოდეს, უნდა იყოს შემაჯამებელი პროექტების გამოფენები, კონფერენციები და ა.შ. არ უნდა მიმდინარეობდეს 5-6-გაკვეთილიანი სასწავლო პროცესი.

- საინტერესოა, რის მიხედვით მოქმედებს განათლების სამინისტრო, როცა კალენდარული სასწავლო დღეების გრაფიკს ადგენს, რომელიმე ქვეყნის გამოცდილებას ითვალისწინებს?

- თავის დროზე დაწესებული იყო სასწავლო დღეების რაოდენობა, რომელიც ამერიკული სასწავლო სისტემის მოდელს ჰგავდა, მერე დღეები კვირებში გადაიყვანეს და დარჩა 36 სასწავლო კვირა. ამ კვირებშივეა გაერთიანებული ბევრი დასვენების დღე და სინამდვილეში, სწავლების პროცესს 36 კვირაზე გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე საჭიროა.

სასწავლო მოდელი, რომლის მიხედვითაც ყველა სკოლა ერთად იწყებს და ამთავრებს სასწავლო პროცესს, ჩვეულებრივი საბჭოთა მოდელია. განსხვავება ის არის, რომ 1-ლი სექტემბრის ნაცვლად სწავლის დაწყების თარიღმა სექტემბრის შუა რიცხვებში გადაიწია. ამის მიზეზი ორ ფაქტთან იყო დაკავშირებული: პირველი წმინდა სიმბოლურია, მეორე კი წმინდა ეკონომიკური - სექტემბერში ტურისტული სეზონი გრძელდებოდა, ამის გამო ზოგიერთი ბავშვი გაკვეთილებს აცდენდა. გაითვალისწინეს ისიც, რომ აჭარის განვითარებას ხელს უწყობდა სწავლის სექტემბრის შუა რიცხვებში დაწყება. სამაგიეროდ, ჯავახეთის სკოლები დიდი ხანია ითხოვენ, უკეთესი იქნება, სწავლა უფრო ადრე დავიწყოთ, რადგან მერე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სეზონი მოდის და ბავშვებს გაკვეთილების გაცდენა უწევთო.

- ამ მოთხოვნაზე რა პასუხი აქვთ?

- არაფერი. ბიუროკრატიული ინტერესია, რომ სწავლა მთელ ქვეყანაში ერთ დღეს იწყებოდეს და მთავრდებოდეს, ასე უფრო ადვილია ყველა სკოლის გაკონტროლება.

ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია. შეიძლება გაკეთდეს სკოლების სასწავლო კალენდრის რეესტრი, რომელშიც ყველა სკოლას უნდა შეჰქონდეს ცვლილებები. ეტყობა, ასეთი ელემენტარული საკითხების გადაჭრაც უჭირს სახელმწიფოს და ამიტომ ურჩევნია, რომ ყველა სკოლა ერთნაირად მუშაობდეს. იყო ბიუროკრატიული და უცნაური არგუმენტები - თუ სხვადასხვა დროს იწყება სწავლა, ბავშვი სკოლიდან სკოლაში რომ გადადის, შეიძლება გაუცდეს გაკვეთილებიო. სინამდვილეში ხომ ასეთი ძალიან მცირე ნაწილია.

- როგორც ვხედავ, თქვენ 12-13 წლის წინ მოქმედი სისტემა მოგწონთ. - ეს სისტემა კარგი იყო სკოლების პასუხისმგებლობის გაზრდისთვის. სკოლა თავად გეგმავდა თავის ცხოვრებას. ზოგ რეგიონში თუ რთველი მიმდინარეობს, ზოგან კარტოფილს იღებენ და ზოგან უბრალოდ ცხელა - ეს საკითხები გათვალისწინებული იყო და ხელს არ უშლიდა სასწავლო პროცესს, ყველაფერი რეგულირდებოდა საჭიროებისდა მიხედვით. ახლა კი ცენტრალიზებულ სისტემაში, თან ისეთ სისტემაში, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს დაისაჯოს სკოლის დირექტორი, სკოლები უბრალოდ მალავენ გაცდენის ფაქტებს. ზოგ სკოლაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ბავშვები კი არა, მასწავლებლებიც არ დადიან. ეს სხვადასხვა კვლევით არის დადასტურებული.

ჩვენს მინისტრსა და სამინისტროს მოვუწოდებ, ჯობს სკოლებს მივცეთ თავისუფლება, რომ საკუთარ კლიმატურ თუ ეკონომიკურ საჭიროებებს მოარგონ სასკოლო კალენდარი. ასეთ შემთხვევაში სკოლების პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები იზრდება. ახლა პასუხისმგებლობა აღებული აქვს სახელმწიფოს, რომელსაც ვერავინ ვერაფერს სთხოვს. როცა მოთხოვნა ჩნდება, მაგ დროისთვის მინისტრი იცვლება და ახალი მინისტრი არ იზიარებს წინამორბედის შეცდომებზე პასუხისმგებლობას.