"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - კვირის პალიტრა

"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"

ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები "კვირის პალიტრის" სახალხო დარბაზში შეიკრიბნენ. კიდევ ერთხელ გაიმართა საუბარი პროექტზე "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". როგორც აღმოჩნდა, ამ სერიის წიგნების გამოსვლა მართლაც მოვლენაა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში, ამიტომაც მსჯელობა, თუ რა წიგნები შევიდა ჩამონათვალში და კიდევ რა უნდა შევიდეს, არ ცხრება.

მედიასახლმა "პალიტრამ"  მკითხველს შესთავაზა არაერთი აქცია, რომლითაც წიგნის პოპულარიზაციას შეეცადა. შედეგი ჩვენ თვალწინაა: როგორც აღმოჩნდა, ქართველ მკითხველს  "ქართული პროზის საგანძურიც" აინტერესებს, მსოფლიოში ცნობილ მხატვართა ალბომებიც იზიდავს და დეტექტიური ჟანრის ლიტერატურაც... ხელმისაწვდომმა ფასმა ადამიანებს დაუბრუნა წიგნის ყიდვით გამოწვეული სიხარული.

პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" არა მარტო ხელმისაწვდომ და კარგად გაფორმებულ, ხარისხიან წიგნებს სთავაზობს მკითხველს, არამედ მათ მეგზურობასაც კისრულობს ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროში.

რა უნდა წაიკითხო აუცილებლად? რისი გამოტოვება არ ღირს მსოფლიო  და ქართული ლიტერატურიდან? - ამ კითხვაზე პასუხს ერთდროულად რვა ათასზე მეტი კაცი გაგცემთ. მათი საერთო აზრის მიხედვით უკვე გამოიკვეთა ოცეულიც, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბავშვობიდან - მთელი ცხოვრების მანძილზე:

1. ბალზაკი "შაგრენის ტყავი"

2. ჯეკ ლონდონი "მარტინ იდენი"

3. შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი"

4. დიუმა "სამი მუშკეტერი"

5. შექსპირი "ჰამლეტი"

6. ჟიულ ვერნი "80000 კილომეტრი წყალქვეშ"

7. ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა"

8. ოსკარ უაილდი "დორიან გრეის პორტრეტი"

9. დიკენსი "დავით კოპერფილდი"

10. რემარკი "ტრიუმფალური თაღი".

11. მარკ ტვენი - "ტომ სოიერის თავგადასავალი"

12. ბეგბედერი - "99 ფრანკი"

13. სერვანტესი - "დონ კიხოტი"

14. თომას მანი - "ბუდენბროკები"

15. აკუტაგავა - ნოველები

16. ჰომეროსი - ოდისეა

17. ო'ჰენრი - მოთხრობები

18. კონსტანტინე გამსახურდია - "დიდოსტატის მარჯვენა"

19. ედგარ პო - მოთხრობები

20. დოსტოევსკი - "დანაშაული და სასჯელი" ან "ძმები კარამაზოვები"

კიდევ 30 წიგნი ელის დასახელებას...

მარიკა დარჩია, მედიასახლ "კვირის პალიტრის" კრეატიული დირექტორი, ამ იდეის ავტორი:

- ასეთი გამოკითხვა პირველად ბრიტანეთში ჩატარდა. პროექტს ერქვა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ მოკვდები". გამოკითხვით უნდა გარკვეულიყო, კონკრეტულ დროსა და სივრცეში როგორია საზოგადოების ლიტერატურული მეხსიერება. გამოკითხვის შედეგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. ისიც მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად, ოც წელიწადში ერთხელ, ეს გამოკითხვა მეორდება და  ორმოცდაათეული იცვლება კიდეც. თუმცა, ცვლილებები მცირეა. ძალიან ბევრი ავტორი ყოველ გამოკითხვაში ლიდერობს, არ შეცვლილა დანტე, ტოლსტოი, დოსტოევსკი, შექსპირი.

გადავწყვიტეთ, საქართველოშიც ჩაგვეტარებინა გამოკითხვა და მიგვეღო სურათი, თუ  როგორია XXI  საუკუნის პირველ ათწლეულში ჩვენი საზოგადოების ლიტერატურული მეხსიერება. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ჩამონათვალი შეიძლება საკამათო იყოს. საკამათო არის ის ოცეულიც, რომელიც უკვე გამოიკვეთა, მაგრამ ეს არის 8 თვის განმავლობაში 8000-ზე მეტი კაცის გამოკითხვით მიღებული შედეგი. ასე ფიქრობს დღეს საქართველოში მკითხველის უმრავლესობა.

გამოკითხვა გრძელდება. სასიამოვნოა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს გამოკითხვაში. სულ მალე, "კვირის პალიტრის" მომავალ ნომერთან ერთად, ამ სერიის პირველ წიგნს "კვირის პალიტრასთან" ერთად მიიღებს მკითხველი. პრეზენტაცია გაიმართება "თბილისი-ცენტრალში" 8 ნოემბერს, 17 საათზე.

მანამდე კი გვინდა, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ "კვირის პალიტრის" სახალხო დარბაზში თქვენი აზრი, თქვენი სურვილები. საინტერესოა, რას ფიქრობთ პირველ ოცეულზე?

KvirisPalitra.Geთამარ ცაგარეიშვილი: ჟურნალისტი: - საოცარი სურათია ჩვენ თვალწინ. ეს იმ გარემოს გამოძახილია, რომელშიც ვიზრდებოდით. როგორც თქვენ ამბობთ, ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს გამოკითხვაში და "შაგრენის ტყავი" მოხვდა სიაში, კიდევ უფრო საკვირველია. სათავგადასავლო ჟანრის წიგნები - დიუმა, ჟიულ ვერნი - გასაგებია, რომ პოპულარულია და ასახელებენ...

ვაჟა გიგაშვილი, მწერალი: - ძალიან მიკვირს, მელვილი რომ არ არის ამ სიაში.

მარიკა დარჩია: - გაითვალისწინეთ, რომ დროის პულსაცია ასეთია.

KvirisPalitra.Geნინო ჟვანია, წიგნის მაღაზია "ლიტერატურული კაფეს" დამფუძნებელი: - ბავშვები ძნელად და ჩვენთან შედარებით საკმაოდ გვიან -  უფრო გააზრებულ ასაკში იწყებენ კითხვას. ჩემი ქალიშვილი 16 წლის არის და ახლა ჰერმან ჰესეს კითხულობს. ჩემს უმცროს შვილს კითხვის მაღალი კულტურა აქვს. რადგან სკოლაში უკითხავენ და აკითხებენ ლიტერატურას. სამაგიეროდ, ვაჟი არ კითხულობს. მისი ინტერესის სფერო სხვაა. მაგალითად, ამბობს, რომ ავტომანქანებზე წავიკითხავ 50 ტომს, სხვა წიგნები  არ მაინტერესებსო.

ოჯახში მაინც  ვცდილობდით, გვეკითხა ბავშვებისათვის. მაგალითად, ბებიამ "დავით კოპერფილდი" წაუკითხა, მე კი  მინდოდა ქართული ლიტერატურა წამეკითხა მათთვის. დავიწყეთ "ბაში-აჩუკით", მაგრამ ძალიან რთული იყო. აღმოჩნდა, რომ მათ სულ სხვა რამ აინტერესებთ, სხვა ლიტერატურას ითხოვენ. სამწუხაროა, რომ ისეთი დამოკიდებულება წიგნთან, როგორიც ჩვენ გვქონდა ბავშვობაში, აღარ არსებობს.

მარიკა დარჩია: - ბრიტანელებიც ასე ფიქრობდნენ, რომ ძველებურად აღარ კითხულობდა ახალი თაობა, ამიტომ მიმართეს სხვადასხვა ხერხს. საზოგადოების დაინტერესება გადაწყვიტეს, მათ შორის - ამ პროექტითაც. ჩვენც გვინდა დავაინტერესოთ მკითხველი, შევთავაზოთ თითო ავტორის თითო ნაწარმოები, რომელზეც თანამედროვე ადამიანები ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხო. ერთის წაკითხვის მერე, შეიძლება გაჩნდეს მეორის წაკითხვის სურვილი. გვინდა მოვხიბლოთ წიგნის ხარისხითაც - მაგარყდიანი, ლამაზად გაფორმებული, სანიშნიანი წიგნები გამოვა და ფასიც ძალიან ხელმისაწვდომი ექნება "კვირის პალიტრის" მკითხველისათვის - 7 ლარი. მთავარია, იკითხონ!

- ქალბატონო ნინო, თქვენ, როგორც წიგნის მაღაზიის მფლობელმა, ყველაზე უკეთ იცით, რას კითხულობენ დღეს საქართველოში?

ნინო ჟვანია: - სწორედ ახლახან გადავხედე, რა წიგნები იყიდება ყველაზე უკეთ.  XX საუკუნის ქართული კლასიკა: ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, აკა მორჩილაძის წიგნები, თანამედროვე მსოფლიო კლასიკა: ფამუქი, უელბეკი... როგორც ჩანს, აინტერესებთ თანამედროვე ლიტერატურა. ის, რაც სწორედ ახლა ხდება ლიტერატურულ სივრცეში.

მარიკა დარჩია: - ასე ცალსახადაც რთულია თქმა. მაგალითად, როცა ჟურნალ "გზასთან" ერთად დაიწყო ქართული პროზის საგანძურის გამოცემა, ვფიქრობდი, რომ ეს წიგნები ყველას ექნებოდა და მყიდველი ცოტა ეყოლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას ძალიან უნდა ქართული პროზა, როგორც ძველი, ისე ახალი.

ნინო ჟვანია: - სულაც არ მიკვირს, რომ ყიდულობენ, რამდენ ოჯახს უნდა წიგნის ყიდვა და საშუალება არა აქვს. შეღავათიანი ფასით წიგნების გამოცემა ძალიან კარგი იდეაა...

მარიკა დარჩია: - დიახ, და ამ იდეამ ძალიან გაამართლა, თუმცა დაბალ ფასში ამგვარი სერიის წიგნების შეძენა მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება გაზეთთან ერთად. შემდეგ კი, უკვე წიგნის მაღაზიებში მისი ფასი მინიმუმ 12-13 ლარი იქნება.

თამარ ცაგარეიშვილი: - ჩემთვის მოულოდნელი იყო "ვეფხისტყაოსნის" ნახვა ამ სიაში, მიხარია, თუკი ასე ვაზროვნებთ. თუ "ვეფხისტყაოსანს" მკითხველი ჰყავს საქართველოში, ეს დიდი საქმეა.

KvirisPalitra.Geმაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა ლ"-ის მთავარი რედაქტორი: - კითხულობენ თუ არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე და მთავარი ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ აუცილებლად წასაკითხ წიგნად "ვეფხისტყაოსანი" უნდა ურჩიოს ქართველ მკითხველს. ვიდრე ჩვენ ვარსებობთ, ეს წიგნიც უნდა იყოს ჩვენს ბიბლიოთეკებში.

KvirisPalitra.Geქეთი მატაბელი, მხატვარი: - ჩვენ ვამბობთ, რომ კომპიუტერმა წაართვა წიგნს მკითხველი, რომ აღარაფერი აინტერესებთ ახალგაზრდებს გარდა ინტერნეტისა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, უცებ რა შეიძლება აღმოაჩინოთ.

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი კალიგრაფიაში. უნდა გენახათ, როგორი ნიმუშები შემოვიდა, თურმე როგორ წერენ ჩვენი ბავშვები, ჩვენ კი არც ვიცით. იგივე შეიძლება თქვა კითხვაზეც.

ერთი მოწაფე მყავდა და იმდენად კარგად სცოდნია "ვეფხისტყაოსანი", რომ ძალიან დამეხმარა კიდეც. დაფარული ინტერესებიც არსებობს ამქვეყნად. ამას წინათ მეგობრის შვილს, რომელიც საფრანგეთში სწავლობს რეჟისურას, ვკითხე, რა გინდა გადაიღო-მეთქი და მიპასუხა "განდეგილიო". აბა, როგორ არ უნდა იყო ოპტიმისტი?

- ამ ჩამონათვალში ყველაზე მეტად რა წიგნები გაკლიათ?

ვაჟა გიგაშვილი: - ძალიან მინდა, "მობი დიკი"  რომ იყოს. სასურველია თანამედროვე უცხოური ლიტერატურაც იყოს, მაგრამ ალბათ მათ ბევრი არ დაასახელებს იმ უბრალო მიზეზით, რომ ბევრი ნათარგმნიც კი არ არის. ალბათ დროა საჭირო, რომ საზოგადოების ლიტერატურულ მეხსიერებაში ჩაჯდეს გარკვეული ნიმუშები.

მაია ალუდაური: - ჩვენდა გასაკვირად, თანამედროვე ბესტსელერების ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი მოხვდა დასახელებულ წიგნებში, ახლა მთარგმნელი და რედაქტორი მუშაობენ, რომ ეს წიგნი გამოსაცემად მოამზადონ.

- მოდი, ასე დავსვათ საკითხი: ჩამოთვლილი ოცი წიგნი უნდა წაიკითხოს თუ არ უნდა წაიკითხოს თანამედროვე ადამიანმა?

თამარ ცაგარეიშვილი: - ორი-სამი წიგნის გარდა, რომელიც მე არ მომწონს, ვფიქრობ, ყველა ეს წიგნი უნდა წაიკითხოს ადამიანმა... არც მეგულება ვინმე, რომ ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს რამე. ჩვენ, ყველას, ხომ წაკითხული გვაქვს ეს წიგნები?!

ნინო ჟვანია: - გეთანხმებით, წაიკითხონ... რასაც წაიკითხავენ, მხოლოდ სასიკეთო იქნება. პუშკინი არის ჩამონათვალში?

მარიკა დარჩია: - სამწუხაროდ, არ არის, მაგრამ გამოკითხვა გრძელდება.

ნინო ჟვანია: - ტოლსტოი?

მაია ალუდაური: - ტოლსტოის მომხრეები ორად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს "ანა კარენინა" უნდოდა, მეორეს - "ომი და მშვიდობა". ბოლოს "ომი და მშვიდობა" დაწინაურდა ხმების რაოდენობით. ახლა იგივე სიტუაცია გვაქვს დოსტოევსკის ნაწარმოებების გამოც: ზოგს "დანაშაული და სასჯელი" მოსწონს, ზოგს - "ძმები კარამაზოვები".

თამარ ცაგარეიშვილი: - "ძმები კარამაზოვები" დავბეჭდოთ, გთხოვთ!

მარიკა დარჩია: - სამწუხაროდ, ამას გამოკითხვა გადაწყვეტს. ამიტომაც მწვავე კამათი მიდის ჩვენს საიტზე. წიგნების ბედი იქ უნდა გადაწყდეს.

- ბატონო ვაჟა, თქვენ როგორც ყველაზე ურჩი ყმაწვილი, რომელსაც სკოლაშიც ვერ გაჩერებდნენ, დაინტერესდებოდით, წაიკითხავდით, ვინმეს რომ ასეთი ჩამონათვალი მოეცა: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"?

- დავინტერესდებოდი... და საერთოდ, დაინტერესებული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სკოლაშიც ვერ მაჩერებდნენ, მაშინ წიგნის კითხვა ისე იყო, როგორც ლოთისათვის დალევა. წიგნზე დამოკიდებული ვიყავით. კითხვა ისეთ სიამოვნებას გვაძლევდა, უამისოდ სიცოცხლე ვერ წარმოგვედგინა.

- ყველაზე მეტად რომელი წიგნი გიყვარდათ?

- სტენდალმა მოახდინა საოცარი გავლენა, პირველი გარღვევა ჩემს ფსიქიკაში ეგ იყო... უკვე წაკითხული მქონდა ტოლსტოის "ჰაჯი მურატი". ესეც ძალიან მიყვარდა. 17 წლისამ წავიკითხე ჰემინგუეის პირველი გამოცემა რუსულად. ისეთი განცდა მქონდა, რომ იმ წიგნში  ვიცხოვრე. წავიკითხე და გურამ რჩეულიშვილს წავუღე წასაკითხად... ბევრი წიგნის დასახელება შეიძლება...

თამარ ცაგარეიშვილი: - ძალიან მინდა ვიქტორ ჰიუგო იყოს ამ ჩამონათვალში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სხვა რამ მაწუხებს: ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა რომ არ არის სიაში. ეს სერიოზული პრობლემაა. "კაცია ადამიანი?!" არ წავიკითხოთ? "ჩემი თავგადასავალი"? ათი წლის მერე ნახავენ ამ სერიის 50 წიგნს  და იტყვიან, რომ XXI საუკუნის პირველი ათეული წლის წინ ქართველები ისე ვაზროვნებდით, რომ ილია, ვაჟა-ფშაველა არ დავასახელეთ.

KvirisPalitra.Geვაჟა გიგაშვილი: - დავით კლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი რომ არ არის, ესეც ძალიან ცუდია! შეიძლება მომავალში შეიცვალოს რამე...

მარიკა დარჩია: - ყველაფერი შეიძლება, გამოკითხვა ხომ მიმდინარეობს. მაგრამ ინგლისში ასეთი გამოკითხვა რამდენჯერმე ჩატარდა და ცვლილება ძალიან მცირედი იყო.

ვაჟა გიგაშვილი: - ამ სიაშიც არის წიგნები, რომლებიც, ალბათ, არც შეიცვლება.

თამარ ცაგარეიშვილი: - ინგლისში ცვლილებები ცოტა იქნებოდა, იმიტომ, რომ ისინი სულ სხვა სივრცეში ცხოვრობენ, მაგრამ აქ, სადაც ცოტა ხნის წინ რკინის ფარდით გყოფდნენ მსოფლიოსაგან, ცვლილება მეტი უნდა იყოს.

ნინო ჟვანია: - მე ვფიქრობ, რომ რაღაც შეიცვლება...  მთავარია, რომ გვაინტერესებს, ვფიქრობთ და ვმსჯელობთ წიგნებზე. ისე, არ გაინტერესებთ, ჩაატაროთ გამოკითხვა - რა წიგნს იყიდდით?

მარიკა დარჩია: - გეთანხმებით, ძალიან საინტერესოა. არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ მომავალში. ჯერ კი ვიფიქროთ პროექტზე - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ", ხმის მიცემა ხომ გრძელდება...

www.kvirispalitra.ge

შეიხედეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე და გახსენით ფანჯარა - "კარცერი ლუქსი". შეავსეთ კითხვარი და დაგვისახელეთ წიგნი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული კითხვარი.