დანიაში "სამართლიანი თამაშის" თასით დაგვაჯილდოეს
დანიაში "სამართლიანი თამაშის" თასით დაგვაჯილდოეს
ამქვეყნად ცუდი ბევრი ხდება, მაგრამ სიკეთე და სიმამაცე რომ არ არსებობდეს, ჩვენც ვერ ვიარსებებდით. ოღონდ ცუდი ხმაურობს, სიკეთე - არა. ჭაბუკ ფეხბურთელთა მწვრთნელის, ზაზა დიდებაშვილის ამბავიც დანიის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის პირადმა წარმომადგენელმა, მამუკა კვარაცხელიამ გაახმაურა, თორემ ვინ გაიგებდა!

მამუკა კვარაცხელია:

- სულ იმას გავიძახით, უცხოეთში თავი ისე შევირცხვინეთ, სავიზო რეჟიმს გაუქმება ემუქრებაო, არადა, საქმე არც მთლად მასეა - 1000-გუნდიან ტურნირზე ზაზამ ისეთი სასწაული ჩაიდინა, რომ ჟიური ფეხზე ამდგარი გვიკრავდა ტაშს
ქართველებს... ნორვეგიელებს ცხრა კაცი აღმოაჩნდათ გუნდში. ზაზას შეეძლო, მათთან 11 ფეხბურთელით ეთამაშა, მაგრამ - ქართველებს უთანასწორო ბრძოლა არ გვჩვევიაო და ცხრა კაცით ითმაშა, თანაც მოიგო!

ამ თამაშისთვის "სამართლიანი თამაშის" თასით დაგვაჯილდოეს. ზაზა თავის თავზე არ ლაპარაკობს, ამიტომ მე ვიტყვი... კინაღამ მუხლები მომეკვეთა, როდესაც ჟიურიმ დაგვიძახა,
ვიფიქრე, ალბათ, ჩვენმა ბიჭებმა რაღაც დააშავეს-მეთქი, მაგრამ როცა გავიგე, რაც ხდებოდა, დედამიწაზე ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობდაო.

ერთხელ სამი დღე ჩავრჩით დანიაში. დანიელებმა იმ ტერიტორიაზე გვაცხოვრეს, სადაც ტურნირი ტარდებოდა, გვიპატრონეს, ჩვენ კი მადლიერების ნიშნად ამ ტერიტორიის დასუფთავება გადავწყვიტეთ. დანიელებმა პლასტიკატით სავსე ტომრებს ხელი არ ახლეს - ჩააბარეთ და თანხაც აიღეთო. ჩვენდა გასაკვირად, ამ ნაგავში 300 დოლარი გადაგვიხადეს. მეც, გახარებულმა, ზაზას ვუთხარი, ამ ფულით ბიჭებს რაიმე ვუყიდოთ, თითო პატარა სუვენირი კი შინაც წავიღოთ-მეთქი და იცით, რა ქნა? გვერდზე გამიყვანა და მითხრა, თბილისში ორი უფორმო ბავშვთა გუნდი მელოდება, მოდი, ამ ფულით მათ ფორმები ვუყიდოთო! მოკლედ, თბილისში ფორმებით დავბრუნდით!

ზაზა დიდებაშვილი:
- ჭაბუკ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირები ნორვეგიასა და დანიაში ათეული წლებია იმართება და ჩვენც ყოველთვის მიგვყავს გუნდები. წასვლის წინ ყველას ვარიგებთ, რომ უცხოეთში პირველად საკუთარი თავი კი არა, თავიანთი ქვეყანა უნდა ახსოვდეთ. ბევრი მახსოვს ჩვენი ბიჭების ჩაბარებული ნაპოვნი საფულე თუ ტელეფონი. ერთხელაც ჩვენებმა ისეთი ძვირად ღირებული ტელეფონი იპოვეს, ნებისმიერს თვალი ზედ რომ დარჩებოდა. რომც დაეტოვებინათ, მათ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვდა, მაგრამ წაიღეს და ჩააბარეს.

- გული ამიჩუყდა...
- გამოვტყდები და მეც ბევრ რამეზე ამჩუყებია გული. ნორვეგიაში ერთ-ერთი საერთაშორისო ტურნირი ჩვენმა 13-14 წლის ბიჭებმა მოიგეს და მთელი დღე ირბინეს ქუჩებში საქართველოს დროშებით. ვხედავდი, როგორ უკრავდნენ ქუჩაში შემხვედრი ნორვეგიელები ტაშს მათ და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას. ერთ რაღაცასაც გავიხსენებ... ასეთ ტურნირებზე საუკეთესო პირობებია, მაგრამ კონტრაქტით გამომგზავრების წინა საღამოს საკუთარი ხარჯით ვსადილობთ. ერთი უცხოური გუნდის ბიჭები მწვრთნელის დაუდევრობის გამო მშივრები დარჩნენ. ეს ამბავი ჩვენმა ბავშვებმა მომიტანეს და, სიმართლე გითხრათ, შევცბი - ბოლო დღეს უკვე ყველა გროშებს ვითვლით და ამ ბავშვებს რანაირად გავმასპინძლებოდით! მაგრამ ნიკამ მაშინვე "მომახარა" - ნუ ღელავთ, ჩვენს კერძს გავუნაწილებთო. აი, ასე, თავისი წილი საჭმელი გაუნაწილეს.

- ახლა თქვენზეც მითხარით... 9-კაციან გუნდს 11 კაცით არ ეთამაშეთ...
- ნორვეგიელებს ორი ავტობუსიდან ერთი დაუზიანდათ და სტადიონზე მხოლოდ ცხრა კაცი მოვიდა. მსაჯმა - არ დავუცდი, თქვენც უფლება გაქვთ, 11 კაცით ითამაშოთო. ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი და ჩემს ბიჭებსაც დავაკელი ორი მოთამაშე. სულ ეს იყო.

- და მოიგეთ ის თამაში!
- როდესაც გადავწყვიტე, რომ ცხრა კაცით გვეთამაშა, ჩვენს ბიჭებს სახეები შეეცვალათ, მაგრამ Yთუ ამ თამაშს 11 კაცით მოვიგებდით, ამ მოგების ტვირთს ვეღარ მოიშორებდნენ. ჩვენ რომ მოვიგეთ, ისეთი მოგებები ცხოვრების სიმბოლოდ რჩება!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?