"ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო... " - რას ჰყვება თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას სასწაულებრივად გადარჩენილი მძღოლი (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო... " - რას ჰყვება თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას სასწაულებრივად გადარჩენილი მძღოლი (ექსკლუზივი)

14 ივნისს თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის - 34 წლის კონსტანტინე ღუზარაულის სიცოცხლე შეეწირა, 40 წლის მძღოლი ალექსანდრე ბიძინაშვილი კი მძიმედ დაშავდა. ის მკურნალობის კურსს თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში გადის. შემთხვევა თუშეთის ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე - ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 25-ე კილომეტრზე მოხდა - გზის სავალი ნაწილიდან მოცურებული "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ღუზარაული ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. გამოძიება მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.

მომხდარის შემდეგ გავრცელდა ვერსია, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა. ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთს არა ერთი ტრაგიკული შემთხვევა ახსოვს, გზა ხშირად იმეწყრება, არ იწმინდება და კატასტროფის მიზეზიც ეს ხდება.

ავტომობილი, რითაც თელავის მკვიდრი ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, რუსთავში არსებული ტურისტული კომპანიის საკუთრება იყო. kvirispalitra.ge შეეცადა ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო. მიუხედავად მძიმე ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისა, ალექსანდრე ბიძინაშვილი ინტერვიუზე დაგვთანხმდა. როგორც შევიტყვეთ, ის ავტომოტოსპორტის ვეტერანი და ფედერაციის წევრია, ასევე კარტინგსა და მოტოკროსში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია.

- რა სახის დაზიანებები გაქვთ და თავს როგორ გრძნობთ?

- ტვინის შერყევის დიაგნოზი დამისვეს, ასევე ნეკნები დამტვრეული, ხელ-ფეხი კი დასერილი მაქვს. ალბათ ოთხშაბათამდე მომიწევს საავადმყოფოში დარჩენა.

- გვიამბეთ, რა და როგორ მოხდა, რამ გამოიწვია თქვენი ხევში გადაჩეხა?

- ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობ და სამსახურის მანქანით თუშეთში ვიყავი საქმეზე წასული. ომალოდან რომ მოვდიოდი, გზად კოტე დამემგზავრა და მთხოვა, თელავამდე გამოგყვებიო. მას თუშეთში საქონელი ჰყოლია აყვანილი და უკან ბრუნდებოდა. ეს ადამიანი, წლების წინ გავიცანი თუშეთში... იმ დღეს დიდი წვიმა იყო, მივდიოდით და იმ საბედისწერო მონაკვეთზე უცებ ქვა-ღორღი ჩამოიყარა. მეწყერი ზედ რომ არ ჩამოგვწოლოდა, ვფრთხილობდი, ნაშალს მომენტალურად მანქანა ავარიდე თუ არა, ახლა გზის ნაპირთან ჩაიშალა მიწა და გადავეშვით, სადღაც 50-60 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავცვივდით.. მანამდე მაგ გზაზე სამჯერ მანქანით და ერთხელ მოტოციკლითაც ვარ ნამყოფი.

- ზოგიერთების თქმით, თითქოს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდა და ეს გახდა ავტომანქანის დაცურების მიზეზი...

- ეს გზა სავსეა წვეტიანი ქვებით, იქ ისეთი მონაკვეთია, მთლად სულელი და არაადეკვატური უნდა იყო, მაღალი სიჩქარით იარო. მაქსიმალურად ვცდილობდი, ფრთხილად გამევლო, მაგრამ ახლაც ვერ ვაანალიზებ რა მოხდა..

- ამობრუნებული მანქანიდან და წყლიდან როგორ გამოაღწიეთ?

-   მანქანა სახურავით დაეცა, სალონში წყალი შემოვარდა, თანდათან ივსებოდა ,იქ საკმაოდ სწრაფი დინებაა და ყინულივით ცივია წყალი. მარცხენა ფეხი ცუდად გამეჭედა სალონში, ვერაფრით ვითავისუფლებდი... უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ დავიხრჩობოდი, სიკვდილს ჩავხედე თვალებში და რაღაც მომენტში, მოვეშვი კიდეც... არ ვიცი, როგორღაც, წყლის ძალამ თუ რამ გამითავისუფლა ფეხი და როგორღაც გამოვაღწიე.

როცა სამშვიდობოს გამოვედი, ეგრევე ჩემს მგზავრს მივვარდი. სულ დასისხლიანებული ვიყავი, მაგრამ მაინც ვცდილობდი მის გადარჩენას. მერე მეცხვარეები ჩამოვიდნენ და მათაც რაღაც დრო დასჭირდათ, თოკები რომ ჩამოეშვათ... მანქანა ოდნავ გვერდზე გადავაბრუნეთ, გარდაცვლილი გამოვიყვანეთ, თოკები მოვაბით და ისე ამოვიყვანეთ. მწყემსებმა მეც თოკებით ამომიყვანეს...

- მძიმედ დაშავებული და ნეკნებდამტვრეული როგორ ახერხებდით ამას?

- მაგაზე სად ვფიქრობდი, ყველა მხრიდან სისხლი მომდიოდა, მაგრამ არც მიმიქცევია ყურადღება, ადამიანი კვდებოდა და სად მეცალა ამისთვის. იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი მისი გადარჩენა იყო. თავიდან გაყინულ წყალში მარტო ვცდილობდი მანქანის გადმობრუნებას, ბევრი ვეწვალე, დავიღალე, თან ძალა აღარ მქონდა და გონებას ვკარგავდი. კოტე არ უნდა მომკვდარიყო, უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანი იყო, ძალიან განვიცდი, ძალიან...