"როგორ ხარ საქართველო?" - Black Eyed Peas-ის შთამბეჭდავი შოუ "ბლექ სი არენაზე" და ქართველი ბიჭუნა, რომელმაც მუსიკოსებთან ერთად სცენაზე იცეკვა - კვირის პალიტრა

"როგორ ხარ საქართველო?" - Black Eyed Peas-ის შთამბეჭდავი შოუ "ბლექ სი არენაზე" და ქართველი ბიჭუნა, რომელმაც მუსიკოსებთან ერთად სცენაზე იცეკვა

"გამარჯობა საქართველო, როგორ ხარ" - ასე მიესალმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი Black Eyed Peas 16 ივნისს "ბლექ სი არენაზე" მისულ მსმენელს. ბენდი მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, ახალ სოლისტთან ჯესიკა რეინოსოსთან ერთად წარსდგა და მათმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

კონცერტი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და შესრულდა როგორც ახალი ისე მსმენელისთვის საყვარელი და ჰიტად ქცეული კომპოზიციები, მათ შორის Where is the love?, Boom boom, pump it, don’t stop the party და სხვა.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი კონცერტის განმავლობაში პოპულარული ჯგუფი ჰიტად ქცეულ სიმღერებს ქართველ მსმენელთან ერთად ასრულებდა. კონცერტის დასასრულს ჯგუფის წევრმა will.i.am-მა მსმენელს უთხრა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც მეორედაც ჩამოვა. მანვე კომპლიმენტები მიუძღვნა ქართველ გოგონებს და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან ლამაზები არიან.

იღბლიანი საღამო გამოდგა 13 წლის სანდრო გოგიშვილისთვის, რომლის ცეკვითაც მოხიბლულმა მუსიკოსებმა პატარა ბიჭი სცენაზე აიყვანეს და მასთან ერთად იცეკვეს და იმღერეს კიდეც. როგორც მოგვიანებით სანდრო გოგიშვილმა გვითხრა, ის შეკვეთილში თბილისიდან სპეციალურად კონცერტისთვის ჩავიდა.

"ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი და თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი, მინდოდა მათთან სცენაზე ავსულიყავი, ეს სურვილიც ავიხდინე და ავტოგრაფიც მივიღე ერთ-ერთი წევრისგან. ვუთხარი, რომ ჩემი საყვარელი სიმღერა იყო Be nice, რომელიც ახალი სიმღერაა და პირველად საქართველოში იმღერეს. მითხრეს, რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარო და წარმატებები მისურვეს".

"ბლექ სი არენაზე" სეზონი Black Eyed Peas-მა გახსნა, აგვისტოში კი მსნელების წინაშე მომღერალი ჯესი ჯეი და ჯგუფი 30 Second To Mars წარსდგებიან.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო - Black Eyed Peas-ის წევრებმა ქართველი ბიჭუნა სცენაზე აიყვანეს და მასთან ერთად იცეკვეს