აფეთქება ქუთაისში - დაშავებულია 7 ადამიანი - კვირის პალიტრა

აფეთქება ქუთაისში - დაშავებულია 7 ადამიანი

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა. ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან რამდენიმეს სხეულის 30-75%-იანი დამწვრობა აღენიშნება, ორი ადამიანი თბილისში გადმოჰყავთ

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო