"ზოგს ძიძა მოდის გამო აჰყავს, უნდა ხელში ყავის ჭიქა ეჭიროს, პირში სიგარეტი ჰქონდეს გაჩრილი და ბავშვს სხვა უზრდიდეს" - კვირის პალიტრა

"ზოგს ძიძა მოდის გამო აჰყავს, უნდა ხელში ყავის ჭიქა ეჭიროს, პირში სიგარეტი ჰქონდეს გაჩრილი და ბავშვს სხვა უზრდიდეს"

"შვილი დედამ თუ არ გაზარდა, მარტო ძიძა საქმეს ვერ უშველის, მაგრამ მასზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული"

სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ძიძებზე, რომლებიც აღსაზრდელებს ყურადღებას არ აქცევენ, უხეშად ექცევიან და კიდეც სცემენ... ეს სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი მშობლისთვის, რომლის შვილსაც ძიძა ზრდის. ალბათ ამის გამო, პარლამენტში ძიძების საკითხი საგანგებოდ განიხილეს. საკანონმდებლო ორგანოში "ბავშვის უფლებათა კოდექსის" პროექტი შევიდა, სადაც ძიძების სერტიფიცირების საკითხს გამორჩეული ადგილი უკავია. საჭიროა თუ არა ძიძების სერტიფიცირება? - ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოში სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა.

პარლამენტართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძიძას სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს: "ამ სიახლის სავალდებულო მექანიზმად შემოტანა ცოტა რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია, ნებაყოფლობითი იყოს, მომავალში კი შეიძლება უფრო ქმედით მოდელზეც ვიფიქროთ. ამიტომ, ჯერ რაღაც შუალედური მექანიზმი დაინერგება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ძიძების პროფესიონალიზმი გადავამოწმოთ. შემოვა კვალიფიკაციის დადასტურების მექანიზმი და ეს ცუდი არ უნდა იყოს", - განაცხადა ქართულ მედიასთან პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ.

სჭირდება თუ არა ძიძას სერტიფიკატი? - ამ შეკითხვით პოპულარულ ადამიანებს მივმართეთ:

"პირველ რიგში ძიძა ფსიქიკურად ჯანმრთელი უნდა იყოს"

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი, ტელეწამყვანი:

- თუ ძიძას ოფიციალური სერტიფიკატიც ექნება და შესაბამისი განათლებაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა მე მყავდა ძიძა, რომელსაც სერტიფიკატი არ ჰქონდა, მაგრამ მისით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. დღეს ძიძა აღარ გვყავს, მაგრამ ჩემს მოსაზრებას მაინც გაგიზიარებთ. მე ძიძის არჩევისას საკუთარი კრიტერიუმები მაქვს: პირველ რიგში, ბავშვთან მოქცევა უნდა იცოდეს, გაართოს, წაუკითხოს და თბილად მოექცეს, ამასთან, საიმედო და წესიერი პიროვნება უნდა იყოს. რასაკვირველია, ძიძა ფსიქიკურად ჯანმრთელიც უნდა იყოს, ასევე - გამოცდილი და რამდენიმე ოჯახში ნამუშევარი, რომ მის შესახებ ინფორმაცია გქონდეს. ძიძას ხომ ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს ანდობ, ამიტომ სასურველია, ნაცნობების დახმარებით შეარჩიო, მით უმეტეს, რომ თბილისი პატარა ქალაქია და აქ უფრო იოლად შეიძლება კარგი აღმზრდელის პოვნა. მიკვირს, როცა სოციალური ქსელით ვრცელდება ვიდეოები, სადაც ძიძები ბავშვებს ცუდად ექცევიან. ჩემი აზრით, ეს საშინელებაა, უფრო მეტიც, ეს - კრიმინალია. ყველა დასასჯელია, ვინც ბავშვს ხელით შეეხება და ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს. მით უმეტეს, როცა სხვის შვილს უვლი, მის მიმართ ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

"ჯობია, შვილის აღმზრდელი ნაცნობობით იპოვო"

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

- მგონი, სამედიცინო განათლება ყველა ძიძას უნდა ჰქონდეს: ბავშვმა ხელი რომ გაიჭრას ან წაიქცეს და რაღაც იტკინოს, დახმარება ხომ უნდა მოახერხოს? ძიძა ყველანაირად შესწავლილი უნდა იყოს, თორემ ვინ იცის, რას არ აკეთებენ. ჩემმა ახლობელმა აიყვანა ძიძა და შენიშნა, რომ შინ დაბრუნებისას ბავშვი ყოველთვის ატირებული ხვდებოდა. ვიდეოთვალი დააყენეს და ნახეს, ის ქალბატონი ბავშვს რა დღეშიც აგდებდა - სანახევროდ მიგდებული ჰყავდა და ზედაც არ უყურებდა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ძიძა ძალიან კარგი ადამიანია და აღსაზრდელებსაც უყვართ. სხვათა შორის, ჩემს ქალიშვილს არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავდა, რომელიც ჩემს შვილიშვილებს ძალიან უყვარდათ. ზოგიერთი ოჯახი ძიძის არჩევისას სააგენტოებს მიმართავს, მაგრამ ამ სააგენტოების ნდობა მე არა მაქვს. ჯობია, შვილის აღმზრდელი ნაცნობობით იპოვო.

სჭირდება თუ არა ძიძას სერტიფიკატი? - რა თქმა უნდა, სჭირდება. სპეციალური საბუთი უნდა ჰქონდეს, რომ ფსიქიკურად ნორმალურია, არაფერი სჭირს და გაწონასწორებულია. ძიძამ არ უნდა მოიპაროს, პატიოსანი უნდა იყოს და ამავე დროს, კარგი პედაგოგიც, რომ ბავშვებთან საერთო ენა გამოძებნოს. რა თქმა უნდა, შვილი დედამ თუ არ გაზარდა, მარტო ძიძა საქმეს ვერ უშველის, მაგრამ მასზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

"ჩემი შვილების აღსაზრდელად პუშკინის ძიძა თუ მომაკითხავს, უარს არ ვიტყვი"

ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი, იუმორისტი:

- ჩვენს ოჯახში ძიძა არასოდეს ყოფილა, ორივე შვილი მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ ხან სკაიპით, სან - ესემესით და ხან - პირადი ურთიერთობით. ჩემი აზრით, ბავშვს დედა-მამაზე უკეთ ვერავინ აღზრდის. ჩემი შვილების აღმზრდელი პუშკინის ძიძა თუ იქნება, კი ბატონო, უარს არ ვიტყვი, მაგრამ ბავშვს ოჯახის წევრებივით ვერავინ მიხედავს. შეიძლება მშობელმა შვილთან ურთიერთობაში უამრავი შეცდომა დაუშვას, მაგრამ თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ შეცდომებზე. რაც შეეხება სერტიფიკატს, ვფიქრობ, ძიძას მარტო სპეციალური საბუთი კი არა, ჯანმრთელობის ცნობაც უნდა ჰქონდეს და ეს - აუცილებელია. ბავშვებთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და ვიცი, როგორი ცელქი, ნიჭიერი და საინტერესო თაობა მოდის. 21-ე საუკუნის ბავშვებთან ურთიერთობას პროფესიონალიზმი, დიდი სიყვარული და მოთმინება გვჭირდება და ეს თვისებები ძიძას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

"ზოგიერთს სურს პირში სიგარეტი ჰქონდეს გაჩრილი და ბავშვს სხვა ზრდიდეს"

გია მაჭარაშვილი, მუსიკოსი:

- ძიძა არც მე მყოლია და არც ჩემს შვილს - მას ჩემი მეუღლე ზრდიდა. ჩემი "ძიძები" კი, ბებია-ბაბუები იყვნენ. მშობლები ექიმები გახლდნენ და დილიდან საღამომდე სამსახურში უწევდათ ყოფნა, ამიტომ ყურადღებას ბებია მაქცევდა. ძირითადად, მის ხელში ვარ გაზრდილი და დარწმუნებული ვარ, რომ ბებიაზე უკეთესი ძიძა ამქვეყნად არ არსებობს. თუკი ბებიას შეუძლია, შვილიშვილები აღზარდოს, ამაზე კარგ მომვლელს ვერ იპოვით. თუმცა, ჩემს ნაცნობებს და ახლობლებს საკმაოდ კარგი ძიძები ჰყავთ და ძალიან კმაყოფილები არიან. მაგალითად: ჩემს მეზობელს ორი პატარა ბიჭი ჰყავს, ძალიან ცელქი, მოძრავი და სხარტი ბავშვები არიან, მათი აღმზრდელი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ორივეს გადასარევად უვლის. ამიტომ, ერთი ცუდის გამო ყველაზე ცუდს ვერ ვიტყვი. თუმცა, ვიდრე ადამიანს ოჯახში შემოუშვებ, ახლობლების წრეში კარგად უნდა გაიკითხო და არ არსებობს ვინმე არ გირჩიონ, ვისაც კარგი ავტორიტეტი აქვს. აქვე უნდა ვთქვა, რომ ზოგს ძიძა მოდის გამო აჰყავს, უნდა ხელში ყავის ჭიქა ეჭიროს, პირში სიგარეტი ჰქონდეს გაჩრილი და ბავშვს სხვა უზრდიდეს, მაგრამ ასე ბავშვი არ იზრდება. რაც შეეხება ტრენინგებს და სერტიფიცირებას, ჩემი აზრით, ეს საჭირო კი არა, აუცილებელია.

"ჩემს ძიძებს არც ერთ სერტიფიცირებულ ძიძაზე არ გავცვლიდი"

თეა გვასალია, ჟურნალისტი:

- მე ისეთი ძიძები მყავდა, რომლებსაც სერტიფიკატი არ ჰქონიათ, მაგრამ არც ერთ სერტიფიცირებულ ძიძაზე არ გავცვლიდი. ამ საკითხში ძალიან გამიმართლა: უბრალოდ, ნაცნობებში გავიკითხე, მირჩიეს კარგი ძიძა და ასე შევარჩიე. ძიძებზე კარგი ამბებიც გამიგია, ცუდიც, მაგრამ ჩემები მართლა კარგები იყვნენ. რასაკვირველია, კარგია, თუ ძიძა ფსიქოლოგიურ ტრენინგებს გაივლის და სამედიცინო განათლებაც ექნება - ეს ექსტრემალურ სიტუაციებში აუცილებელია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სერტიფიკატის გარეშე ძიძას სახლში არ შემოვუშვებ-მეთქი. რაც უნდა კარგი ძიძა გყავდეს, დედის როლი მაინც გადამწყვეტია, მაგრამ ცუდი რით არის, თუ ვინმე შენს საქმეს გაინაწილებს და ოჯახის ტვირთს შეგიმსუბუქებს? მით უმეტეს, თუ დედა მუშაობს და მთელი დღე სამსახურშია, ამ დროს სახლში საიმედო ადამიანი უნდა ეგულებოდეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შვილები უყურადღებოდ მიყარო - ჭკვიანი ქალი სამსახურს და ოჯახს ძალიან კარგად შეუთავსებს ერთმანეთს.

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"