"რას ფიქრობთ, ვინმე კომბლებით ივლის? ქამრებით შებოჭავენ ლგბტ წარმომადგენლებს?" - კვირის პალიტრა

"რას ფიქრობთ, ვინმე კომბლებით ივლის? ქამრებით შებოჭავენ ლგბტ წარმომადგენლებს?"

საბერძნეთში, იტალიაში და საფრანგეთში რა ხდება ნახეთ, ჩვეულებრივ ომს უმართავენ დემონსტრანტები პოლიციას. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ არაფრის უფლება არ გვაქვს, გვაქვს! - ამის შესახებ დეკანოზმა დავით ნოზაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც სასულიერო პირი ლევან ვასაძის მიერ " სახალხო ლეგიონის" ჩამოყალიბებასა და "კომბლების რევოლუციის" თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქალაქში კომბლებით სიარულს არავინ აპირებს და სავარაუდოდ, აღნიშნული არც თავად ვასაძეს უგულისხმია.

"ლევან ვასაძემ უნდა თქვას რას გულისხმობდა. მე არ ვარ წინასწარმეტყველი, რა ვიცი რა იგულისხმა. ჯერ ეს კომბალი კარგი ზღაპარია. ნახეთ იქ როგორ არის, უბრალო კაცმა დაამარცხა ცუდი თავადი. კომბლებით სიარულს რომ არავინ დაიწყებს ქალაქში თქვენ კარგად იცით. გუშინ, მაგალითად, შსს-ში დაკითხვაზე ერთს ეუბნებიან- ჩემ მეგობარს, რომ იარაღი სად გაქვთო. ამან უთხრა რა იარაღიო?-კომბლებიო. ამან უთხრა, რომ "კომბლე თლის და ჭერში აწყობსო". პოლიციელმა - ეს როგორ ჩავწერო ოქმშიო. თქვენ რას ფიქრობთ, ვინმე კომბლებით ივლის? ქამრებით შებოჭავენ ლგბტ წარმომადგენლებს?

ჩენი აზრით, მოწოდება რეალურია იმ მხრივ, რომ შევიკრიბოთ და არ დავუშვათ ასეთი ამბავი, მაგრამ ვიღაცამ რომ კომენტარები გაუკეთა, რომ პოლიციას კომბლებით შევუტევთ, ეს არც იმ კაცს (ლევან ვასაძეს) უფიქრია. ან სად არის მაგდენი კომბალი. მაგ კაცს (ლევან ვასაძეს) არ იცნობთ კარგად, არც გურამს ( ფალავადიშვილს) არ იცნობთ, ასეთი წყნარი კაცი შეიძლება საახლობლოშიც ვერ მოიძიოთ. თვინიერი, წესიერი კაცი არის, ხმის ამომღები არ არის, ოღონდ ვინმემ ზნეობის წინააღმდეგ რამე არ გააკეთოს. პრაიდის წარმომადგენელი რომ ამბობდა უნდა ვილაპარაკოთო მოწყალების გაღებაზე, გაჭირვებულების დახმარებაზეო - ეს არის ტყუილი. აი, გურამი რასაც აკეთებს, ეგენი სულ ყველა ერთად რომ შეკრიბო არ აკეთებენ, თუნდაც გაჭირვებულების დასახმარებლად. კაცი, რომელიც წარმოაჩინეს, რომ თითქოს არის აგრესიული ადამიანი. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ არ შეიძლება რამე გამოხატო აგრესიით. ერის ხალხს ვგულისხმობ, მღვდლები არც აკეთებენ ასეთ რამეს არასდროს. საბერძნეთში, იტალიაში და საფრანგეთში რა ხდება ნახეთ. ჩვეულებრივ ომს უმართავენ დემონსტრანტები პოლიციას. ეს არ მინდა ვინმემ მოწოდებად გაიგოს, აბა მღვდელმა თქვაო - შევიარაღდეთო და დაკითხვაზე მატარონ. ის დემოკრატიის აკვანი არ არის? იქ ნახეთ როგორ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ არაფრის უფლება არ გვაქვს - გვაქვს! სწორად გამიგეთ, არ ვგულისხმობ ხვალ გამოვვარდეთ და ბენზინის რაღაცები ვესროლოთ პოლიციის მანქანებს", - განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

"ინტერპრესნიუსი"