"მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში" - კვირის პალიტრა

"მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში"

"მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში," - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "თბილისი პრაიდი" არ იქნება, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის გაკეთებული საჩუქარია.

ამავე დროს, ვასაძე ემიჯნება ყველა ისეთ მხარდაჭერს, ვინც მისი თქმით, "კომბალს სხვენში არ დადებს".

"მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვიდეო-მიმართვაში ვასაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ თემი მაინც შეეცდება პრაიდის ჩატარებას, ის და მისი მხარდამჭერები შიშველი ხელებით შეეცდებიან მათთვის ხელის შეშლას.

"დაკითხვებზე გვითხრეს, რომ არაკანონიერი ფორმირება და რაღაცებს რომ გვაბრალებენ - ეს რომ არ იყოს, თქვენ შეეშვით ათისთავებს, ასისთავებს და თვითორგანიზებასო.

მე არ მესმის, რად გინდათ ეს იმიტომ, რომ რაც უფრო ორგანიზებულები მოვალთ ჩვენ იქ, მით უფრო კარგად დავიცავთ წესრიგს, რათა ეს უბედურები არავინ გახლიჩოს შუაზე და უბრალოდ გავათრიოთ იქიდან. ჩვენ მოძრაობა შევქმენით იმისთვის, რომ დაგხმარებოდით წესრიგის შექმნაში, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩვენს ძმებს ვეუბნები, რომ მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელწმიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ დავშალოთ ნებისმიერი კორდონი და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და მათ ჩაატარებინებთ პრაიდს, მერე თქვენს თავს დააბრალეთ. მერე ვეღარავინ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი კანცელარიას მოადგება ხალხი, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სახლს, მე ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას," - განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენის ინფორმაციით, დღეს საღამოს ის ამერიკულ ტელეარხ CBN-ს ვრცელ ინტერვიუს მისცემს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიმართვას გააჟღერებს.

"დღეს საღამოს ვრცელ ინტერვიუს მივცემთ დიდ ამერიკულ კონსერვატიულ ტელეარხს CBN რომელსაც 200 მილიონი ადამიანი უყურებს ტრამპის ჩათვლით. მათ იციან, რომ თუ ვერ გავედი კავშირზე. ე.ი. დაპატიმრებული ვარ და ჩემი მიმართვა ტრამპის მიმართ მაინც გავა CBN-ზე". - განაცხადა ლევან ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსი"