"ხელი რომ მოვაწერეთ, მე 33 წლის ვიყავი, ლევანი - 55-ის... რომ გავთხოვდი, კარგა ხანს თქვენობით ველაპარაკებოდი..."
19-06-2019
"ხელი რომ მოვაწერეთ, მე 33 წლის ვიყავი, ლევანი - 55-ის... რომ გავთხოვდი, კარგა ხანს თქვენობით ველაპარაკებოდი..."
"ლევანი 1955 წელს ჩამოვიდა გადასახლებიდან, ჩემზე 22 წლით უფროსი იყო. ხელი რომ მოვაწერეთ, მე 33 წლის ვიყავი, ლევანი - 55 წლის", - მიამბობს მწერლის, მთამსვლელისა და საზოგადო მოღვაწის - ლევან გოთუას მეუღლე, ქალბატონი ციცო ალხაზიშვილი და ლეგენდად ქცეულ, სამშობლოს უზომო სიყვარულისთვის დასჯილ კაცთან თანაცხოვრების პერიოდს სიამაყით იხსენებს.

ციცო ალხაზიშვილი:
- 1950-იანი წლების ბოლო იყო. იმხანად ვმუშაობდი მწერალთა პოლიკლინიკაში, რომელიც მწერალთა კავშირის შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. მწერლებს სალონივით ჰქონდათ ჩვენი პოლიკლინიკა -
ხშირად ჩამოდიოდნენ, საუბრობდნენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ. ყველაზე მეტად გიორგი ლეონიძესთან ვახლობლობდი, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და განსაკუთრებულად მიყვარდა. ბატონი კონსტანტინე გამსახურდიაც გულგრილად არასდროს გაუვლიდა ხოლმე ჩვენს ფანჯრებს - აუცილებლად გამოგველაპარაკებოდა. გერონტი ქიქოძის გაცნობამ კი უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ლევანიც ხშირად გვსტუმრობდა პოლიკნინიკის ექიმებს.

აღფრთოვანებული ვიყავი
მისი ნაწარმოებებით. ფაქტობრივად, სწორედ მწერლებმა გადაწყვიტეს ჩვენი ამბავი - ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემდამი და იმაზეც ზრუნავდნენ, "მათი ექიმი ციცო" ვის გაჰყოლოდა ცოლად. ერთხელ მწერალი დემნა შენგელაია მოვიდა ჩემთან და ლევანზე დამიწყო ლაპარაკი. - კი მაგრამ, მე არაფერს მეკითხებით-მეთქი? - ვკითხე. - ქალებს ვინ ეკითხებაო?! - გადაჭრით მიპასუხა. მწერლების ძალისხმევით ჩვენი ურთიერთობაც გაიბა და შეუღლებაც მალევე გადაწყდა. რომ გავთხოვდი, მახსოვს, ლევანს კარგა ხანს თქვენობით ველაპარაკებოდი... ერთხელ სახუმარო ლექსი დამიწერა: "ვიყავ ქალწული, ფრთოსანი,/ გადამეკიდა მგოსანი,/ ვიცინი, აღარ ვტირივარ,/ მძინარე მანდილოსანი.../ მიშველეთ, დამაკეცინეთ "მგზავრული კრიალოსანი" - ლევანის "მგზავრულ კრიალოსანს" ვკითხულობდი ხოლმე და რამდენჯერმე ჩამძინებია კითხვისას.
ციცო ალხაზიშვილი
- არ შეგაშინათ ბატონი ლევანის წარსულმა? - საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანი იყო, კატორღა მოვლილი...
- არავითარი შიში არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად მაინც შეზღუდული იყო ლევანი. მაგალითად, დიდი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი სადმე, წვეულებაზე თუ შემხვდებოდა, აუცილებლად მეტყოდა, ხომ გენიალურია ლევანიო! მაგრამ მწერალთა კავშირის სხდომაზე რომ გამოვიდოდა, ლევანს არასდროს ახსენებდა. მწერალთა ჩამონათვალშიც კი არავინ ახსენებდა ლევანს.

- რა ცხოვრებას დაგპირდათ ლევან გოთუა 22 წლით უმცროს მეუღლეს?
- საინტერესოს, რადგან თვითონ ლევანი იყო ძალიან საინტერესო. სადაც გავივლიდით, მის ირგვლივ იმწამს შეიკრიბებოდნენ ადამიანები. განსაკუთრებით, გლეხებთან უყვარდა ურთიერთობა. თბილისიდან მცხეთისკენ რომ მივდიოდით, გზად აუცილებლად გააჩერებდა ხოლმე მანქანას და ხალხს გამოელაპარაკებოდა, მათ ნათქვამს იწერდა, თუნდაც ცალკეულ სიტყვებს. ძალიან უყვარდა წყაროს წყალი და ყველა წყაროსთან გვაჩერებდა. აღფრთოვანებული იყო თავისი სამშობლოთი და უზომოდ შეყვარებული.

- ბატონ ლევანს ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ექსპედიციებშიც ხშირად დადიოდა. თქვენ რით იყავით მისი ცხოვრების თანამონაწილე?
- თანამონაწილე? ჩვენი შეუღლების შემდეგ ლევანი ექსპედიციებში აღარ დადიოდა. მხოლოდ სამოგზაუროდ თუ წავიდოდით. ისე კი, რა წიგნზეც მუშაობდა ხოლმე, იმ წიგნთან დაკავშირებულ ლიტერატურას მეც ყოველთვის ვკითხულობდი, საქმის კურსში რომ ვყოფილიყავი. სხვათა შორის, ყოველთვის სურდა, წერის პროცესში კაბინეტში, მის გვერდით ვმჯდარიყავი. ხანდახან მის ნაწერებსაც ვამრავლებდი ხოლმე - რამდენიმე ეგზემპლარად ვუბეჭდავდი. ესეც მხოლოდ სიმბოლური დახმარება იყო - მინდოდა, მისი შემოქმედების, შრომის თანაზიარი ვყოფილიყავი. მეცინებოდა, წერის მომენტში რომ დამეკითხებოდა, ეს სიტყვა ასეა თუ ისეო? სწორად რომ ვუპასუხებდი, გაოცებული შემაქებდა, - ენას კარგად შეიგრძნობო... მუდამ მხნედ იყო, თუმცა განსაკუთრებულად არ ვარჯიშობდა. არმაზში ჩვენი სახლიდან მტკვრის პირას იყო ჩასასვლელი და ლევანი ყოველთვის ჩადიოდა იქ, ბანაობდა კიდეც მტკვარში. ხშირად გვსტუმრობდა გურამ თიკანაძე. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ძალიან მეგობრობდნენ. გურამი თითქოს საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებდა - ისიც ხომ მთამსვლელი იყო! მტკვრის მეორე ნაპირას გადავიდოდნენ ხოლმე, განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ. ძალიან განვიცადეთ გურამის ტრაგიკული დაღუპვა - ხომ იცით, სვანეთში, შხარადან დაშვებისას დაიღუპა!.. ჩვენი სახლის პირდაპირ, მტკვრის მეორე ნაპირზე მთა იყო. სახლის აივნიდან იმ მთამდე ლევანი დაკიდული ხიდის გაკეთებას აპირებდა. უნდოდა, მთის გამოქვაბულში წიგნთსაცავი მოეწყო, მაგრამ არ დასცალდა...
ლევან გოთუა ექსპედიციაში, მარცხნიდან მესამე
- ბატონი ლევანის თვისებებიდან რას გამოარჩევთ, როგორი იყო?
- კაცთმოყვარეობით გამოირჩეოდა... მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურება გამოიარა. მაინც სჯეროდა ადამიანების და ძალიან უყვარდა. არც მახსოვს, ვინმე გაეკიცხა. ერთადერთხელ გამოვიდა წყობიდან, გამწარდა, მის გამსამართლებელ ერთ-ერთ ჯალათს შემთხვევით რომ გადაეყარა ქუჩაში. გაჰკიდებია, - მინდოდა, დამეხრჩოო, - მაგრამ მალევე მოუთოკავს თავი.

- თქვენთან უხსენებია იმ ადამიანების გვარები, ვინც სამშობლოს ღალატი დასწამა და გაასამართლა?
- რუხაძე, რაფავა... მიამბო, დაკითხვისას როგორ ურტყამდნენ, სცემდნენ, კიბეებიდან აგდებდნენ და საკუთარი სისხლით აწერინებდნენ ფურცელზე რაღაცებს. ნეკნიც კი ჩაუმტვრიეს... მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა სამშობლო.

- წარსულზე, გადასახლებაში გატარებულ წლებზე გიამბობდათ?
- იმ წლებზე ლაპარაკი არ უყვარდა. ხანდახან თუ მიამბობდა ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრების აჯანყებაზე, რა დიდ პატივს სცემდნენ პატიმრები, ბრძენკაცად რომ მიაჩნდათ და საგაფიცვო ტექსტების, მოწოდებების დაწერაში დახმარებას ყოველთვის მას თხოვდნენ. არც "გმირთა ვარამის" შესახებ ჰყვებოდა. გადასახლებაში მხოლოდ პირველი და მეორე ნაწილი დაწერა, მაგრამ მესამე და მეოთხე ნაწილი ჩვენი თანაცხოვრების წლებში შეიქმნა, ჩემს თვალწინ - არმაზის სახლი დასრულებული არ გვქონდა, ერთ ოთახში ვცხოვრობდით და სწორედ იქ წერდა. ერთხელ, წერის დროს, შევნიშნე, ცრემლები ჩამოსდიოდა. - რა მოგივიდა, ლევან-მეთქი? - ვკითხე. - ზაზა (ნაწარმოების პერსონაჟი - ი.ხ.) ჩამივარდა ორმოში და არ ვიცი, როგორ ამოვიყვანოო, - სევდიანად მიპასუხა (იღიმის)... მერე ლელა გაჩნდა და ორივეს ყურადღება მისკენ გადავიდა. ლევანს თევზაობა უყვარდა და ჭიაყელებს ლელა უგროვებდა ხოლმე...
ლევან გოთუა ცოლთან და ქალიშვილთან ერთად
საოცარია: ლევანის სიკვდილის შემდეგ მუდამ არსებობს ჩვენ შორის უხილავი კავშირი. მაშინაც, ტომეულების გამოსაცემად ტექნიკურ მხარეს რომ ვაგვარებდი, მერეც, სხვადასხვა გამოცემებში გაბნეულ მის პუბლიცისტურ ნაწერებს თავი რომ მოვუყარე და გამოვეცი, მერეც, ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი საკითხავი - "მგზავრული კრიალოსანი" და პუბლიცისტიკა რომ გავაერთიანე და გამომცემლობას ჩავაბარე დასაბეჭდად. სულიერად არასდროს მივუტოვებივარ. სამწუხაროდ, 1980-იანი წლების ბოლოს ისე აირია ქვეყანა, იმ წიგნის გამოსაცემად აღარავის ცხელოდა. იმ წიგნის კი არა და, აღარც არაფერს გამოსცემდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან გახარებული ვარ, თქვენი მედიასახლი რომ გამოსცემს ხოლმე ლევანის შემოქმედებას.

- ბატონი ლევანის არმაზში, სახლის ეზოში დაკრძალვა მისი სურვილი იყო?
- არა, ლევანთან სიკვდილზე არასდროს მისაუბრია. არმაზში დასაფლავება მისმა ნათესავებმა გადაწყვიტეს. ჯერ მთაწმინდის პანთეონი უნდოდათ, მაგრამ იმჟამინდელმა მთავრობამ დიდუბის პანთეონი შემოგვთავაზა, ამიტომ ნათესავებმა არმაზი ამჯობინეს. შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვითა და ლოცვა-კურთხევით გადმოვასვენეთ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში. ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოს.


(სპეციალურად საიტისთვის)

ზაზა
24 აგვისტო 2019 09:45
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენი მამა პაპების თაობას ბევრად მეტად უყვარდათ და ტკიოდათ სამშობლო ვიდრე დღევანდელ ახალგაზრდობას
ნოდარი
20 აგვისტო 2019 16:13
"კაცი რომ ბრმავდება,თვალი მერე ეხილება"! გმირთა ვარამი.
ჰოპლა
19 აგვისტო 2019 19:37
დიდებული მამულიშვილი და ადამიანი.ყველაფერში სამაგალითო პიროვნება.ღმერთმა ამრავლოს საქართველოში ასეთი ადამიანები.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?