"ვინც მარშში აპირებს მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და..." - რას ამბობს "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი? - კვირის პალიტრა

"ვინც მარშში აპირებს მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და..." - რას ამბობს "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი?

ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, - აღნიშნულის შესახებ "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა მონახოს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ფორმები, რაც თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოც იქნება და უსაფრთხოც.

"ჩვენ თვეების განმავლობაში ვგეგმავდით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყონ ამ პროცესში. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი ორგანიზატორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მიმდინარე მომენტში მიდის დაძაბული მუშაობა, ათეულობით ადამიანია ჩართული იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე სამართალდამცველებიც და იმედი მაქვს, ეს მუშაობა იქნება ეფექტური. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის"-განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებდა. ამის მიხედავად, ორგანიზატორებმა 18 ივნისს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ "თბილისი პრაიდი" ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"