"სხდომას უძღვება ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი და ეს ხდება საქართველოს ხელისუფლების ხელდასმით... ეს არის ამ ხელისუფლების უსუსურობაც და უზნეობაც" - კვირის პალიტრა

"სხდომას უძღვება ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი და ეს ხდება საქართველოს ხელისუფლების ხელდასმით... ეს არის ამ ხელისუფლების უსუსურობაც და უზნეობაც"

უკვე მეორე დღეა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ვითარება დღეს, მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში "კომუნისტური პარტიის" წევრმა სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა და პარლამენტის თავმდჯოამრის ადგილი დაკავა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოეტ დავით მაღრაძეს:

"იმ ქვეყანის  დეპუტატი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწა-წყალი, ჩამოდის ოკუპირებულ ქვეყანაში, მას პარლამენტი უთმობს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს და ის ატარებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას, ერთი სიტყვით, სხდომას უძღვება ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი და ეს ხდება საქართველოს ხელისუფლების ხელდასმით, მხარდაჭერით და მოწვევა-მოპატიჟებით. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ერთდროულად უსუსურობაც და უზნეობაც. ზოგადად მე, რუსეთთან ლაპარაკის მტერი არ ვარ, ვფიქრობ, რომ ოკუპანტთანაც შეიძლება სერიოზული საუბარი, მაგრამ არა ასეთი ზნედაცემული, როდესაც ასე უღირსებოდ და საცოდავად გამოიყურება შენი ქვეყანა, თუმცა ეს მოახერხა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ.

თან რა საოცარია, რომ ბატონი გავრილოვის მეტი ვერავინ იპოვეს მართლმადიდებლობის ასამბლეის ჩამტარებლად, კაცი, რომელიც, როგორც ირკვევა, ერთდროულად არის კომუნისტ-ათეისტიც და მართლმადიდებელიც.

შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას აჩვენებს, რომ მას რუსეთთანაც შეუძლია ურთიერთობა, ამით ეუბნება, რომ ჩვენ თუ არ გინდივართ, შეგვიძლია ასეთი ნაბიჯები გადავდგათო, ანუ არ გამოვრიცხავ, ერთგვარ შანტაჟთანაც გვაქვს საქმე. თუ ბოლო დღეების აქციებს გადავავლებთ თვალს, აშკარაა, რომ რაღაც კავშირი შეიძლება დავინახოთ, ე.წ. კონტრაქციისას კარგად გამოჩნდა, რომ განწყობა იყო ანტიდასავლური, შესაძლოა ხელისუფლება ამითაც ეუბნებოდეს დასავლეთს, ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, თქვენს მიმართ ჩვენზე უფრო ნეგატიურად განწყობილი ხალხი მოვაო.."