"ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს..." - რა ისტორია გაიხსენა გავრილოვის ვიზიტზე, სოციალური ქსელის მომხმარებელმა - კვირის პალიტრა

"ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს..." - რა ისტორია გაიხსენა გავრილოვის ვიზიტზე, სოციალური ქსელის მომხმარებელმა

საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, კონკრეტულად კი რუს დეპუტატის ჩვენი ქვეყნის პარლამენტში ვიზიტს ემოციური პოსტით გამოეუხმარა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი მარიამ სირბილაძე:

"ერთი ქალი ცხოვრობდა სოხუმში. ძალიან კარგი ქალი, რომელიც ყველას უყვარდა . სამი ქალიშვილი ჰყავდა. ერთ-ერთი ჩემი შვილების ბებია . ერთ დღესაც გოგოებმა სამსახურიდან დაბრუნებულს პატარა ბიჭი დაახვედრეს, დედისგან და მამისგან მოტოვებული პატარა ბიჭი და მას მამუკა კეკელია დაარქვეს. ზრდიდნენ როგორც მათ ღვიძლ შვილს, როგორც მათი ოჯახის და გვარის გამგრძელებელს.

სოხუმი რომ დაეცა, ეს ოჯახი ერთ -ერთი ბოლო იყო, რომელმაც ქალაქი დატოვა და უღელტეხილით გადმოვიდა სვანეთში . მამუკა იბრძოდა, მუსრს ავლებდა რუსებს ,ორჯერ ააფეთქეს ტანკში და გადარჩა . ნადირობა გამოცხადდა მამუკაზე და მის მეგობრებზე. ეძებდნენ ყველგან ,ყველასთან და ვერა და ვერ იპოვეს . ის კი განაგრძობდა წართმეული და უკვე დაკარგული მიწისთვის ბრძოლას ,სოხუმისთვის ბრძოლას. გადამწვარი და განადგურებული აფხაზეთისთვის .

მშობლები დარჩნენ, არც სახლი მიატოვეს და არც მებრძოლი შვილი .

მას ჯერ ქმარი მოუკლეს, სიტუაცია ძალიან რომ დაიძაბა, აფხაზმა მეზობლებმა დამალეს სარდაფში . წერილებს წერდა და სიტყვა-სიტყვით აღწერდა იქ დატრიალებულ ჯოჯოხეთს. მაინც გაიგეს მისი ადგილ-სამყოფელი,ვიღაც სომეხმა დააბეზღათ და ერთ დღესაც ამ აფხაზ ოჯახთან მოვიდნენ რუსები. ვიცით მამუკა კეკელიას დედა გყავთ და არ დაგხოცავთ თუ გამოიყვანთო. გაიგონა და თავის ნებით გამოვიდა . ხელში ეჭირა იმ დღეების სოხუმის ყველაზე ბნელი ამბების ისტორია ,მისი ხელით დაწერილი. ოჯახის დიასახლისს მიაწოდა და ეზოში გაჰყვა ჯალათებს .გარეთ გაიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. არ დაიჩოქა ! სვანის ქალი იყო,ა მაყი და უშიშარი.

"ჩემი შვილი და მისი მეგობრები მოგხედავთ ! " ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მერე თავზე, ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დაწვეს ადამიანი. ის წერილებიც წაართვეს იმ აფხაზ ქალს და ცეცხლმოკოდებულ ქალს მიაყარეს. დეტალურად ვერასოდეს გავიგებთ რას წერდა ის ოჯახს . მხოლოდ ისაა მზესავით ნათელი რომ ის იყო გმირი.

ამ ქალს ზინა კოპალიანი ერქვა და ჩემი შვილები მისი შთამომავლები არიან.

მამუკამ კიდევ დიდხანს იბრძოლა ,არ იცოდა დედა ასე რომ უწამეს. ცოცხლად დაუწვეს. არსერთხელ ააფეთქეს და ტყვედაც დიდხანს ყავდათ . დღეს ის გმირია,ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი. თავთან სისხლში დასვრილი,ჯარისკაცის ფორმა უკიდია და ის ზინა კოპალიანის შვილია. საკუთარი ქვეყნისთვის და შვილისთვის დამწვარი გმირი ქალის შვილი.

დღეს მამუკა ტყიბულში ცხოვრობს და მეშახტეა. ნახშირს ეზიდება და იქაც ათასჯერ გადაურჩა სიკვდილს.

დღეს მამუკამ და მისმა ვეტერანმა მეგობრებმა გავრილოვი ნახეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში!

ამაზე დიდი ჯოჯოხეთი არსად არ არის, ის ამ ქვეყანაშია! საქართველო მთლიანად ჯოჯოხეთია და ზინა კოპალიანს და მისნაირ ადამიანებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს დაგვცინიან .

ეს ქვე-ყანა არ არსებობს. ერთ დღესაც გაქრება და საერთოდ არ იარსებებს .

ისტორია ძალიან მოკლედ დავწერე . უფრო მეტი დეტალის ცოდნას იმსახურებთ და ერთხელაც მოგიყვებით მთლიანად, " - წერს მარიამ სირბილაძე.

წყარო