"ესთეტიკური პროცედურები ბევრი ქართველი მამაკაცის ცხოვრების წესად იქცა" - კვირის პალიტრა

"ესთეტიკური პროცედურები ბევრი ქართველი მამაკაცის ცხოვრების წესად იქცა"

ბოლო 3 წლის განმავლობაში მამაკაცებში ლიდერობს ბოტოქსის ინიექციები თვალისა და შუბლის ზონაში. ოდნავ ასაკოვანები თვალის ზონაზე ღარების შევსებას ითხოვენ, თუმცა მიმიკური ნაოჭი არ არის დამოკიდებული წლოვანებაზე, ამიტომ ახალგაზრდებიც იკეთებენ...

XXI საუკუნეში პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკურ პროცედურებს, ქალების გარდა, მამაკაცებიც მიმართავენ. კოსმეტოლოგის რიგში დღეს მამაკაცებსაც ხშირად შენიშნავთ. სახის, თმისა და ფრჩხილების მოვლა, ზედმეტი წონის კორექცია და ნაოჭების გასწორება მათ სასურველ პროცედურებში შედის, თუმცა უფრო დაწვრილებით, რომელი პროცედურებია მამაკაცებში პოპულარული და რატომ, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ესთეტიკური მედიცინის რამდენიმე ცენტრს მივმართე.

გია გვარამია, ესთეტიკური ცენტრის ხელმძღვანელი: - მამაკაცების ახალი თაობა უფრო მეტად აქცევს გარეგნობას ყურადღებას, ცდილობს ივარჯიშოს, არ ჰქონდეს ღიპი და ჭარბი წონა. ყველაზე ხშირი თმის გადანერგვა და ყურის პლასტიკაა. ყურების დაპატარავება 1.200-1.400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ბოდიბილდინგისა და ფიტნესის კულტურის დანერგვასთან ერთად მკერდის დაპატარავების ოპერაციაც აქტუალური გახდა. მკერდი მეტად გამოხატული ხდება მამაკაცებში, როდესაც კუნთოვანი მასა იმატებს და მაისურში ჩანს. ჭარბი ქსოვილის მოცილება, ანუ გინეკომასტიის (ბიჭებსა და კაცებში მკერდის ქსოვილის შესივება, რომელიც გამოწვეულია ესტროგენისა და ტესტოსტერონის ბალანსის დარღვევით) ოპერაციული მკურნალობა ეფექტიანია, რეაბილიტაციაც მარტივია. რეციდივი არ არსებობს. ეს ოპერაცია 6.500 ლარი ღირს.

- რომელი ოპერაციების ეშინიათ მამაკაცებს?

- ლიპოსაქციის და იშვიათადაც კეთდება, რადგან ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება, მამაკაცებს არ მოსწონთ რეჟიმის შეცვლა, დიეტაზე გადასვლა, სასმლისგან თავის შეკავება.

რაც უფრო საქმიანია მამაკაცი, მით მეტად ზრუნავს გარეგნობაზე. XXI საუკუნეში ესთეტიკური პროცედურები ბევრი ქართველი მამაკაცის ცხოვრების წესად იქცა.

ნატო ბაკურაძე, კოსმეტოლოგი:

- ყველაზე ხშირია ნაოჭების გასწორება, ბოტოქსის ინიექციები, ფილერები. ახალგაზრდებიც მოგვმართავენ დაბერების საწინააღმდეგო პროცედურების სურვილით. გასული საუკუნის 90-იანი წლების მამაკაცი რომ შევადაროთ XXI საუკუნისას და განსაკუთრებით ბოლო 5-7 წლის ტენდენციებს, მიხვდებით, რომ მიდგომა შეიცვალა - თუ ადრე წარბების კორექციას არ იკეთებდნენ, დღეს ამაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. გასულ წლებში პაციენტი შიშით მოდიოდა, რომ არავის დაენახა, დღეს ეს აღარ ადარდებს. საზოგადოების დამოკიდებულება ესთეტიკური მედიცინისადმი შეიცვალა.

- წელს რომელი პროცედურებია პოპულარული მამაკაცებში? - გადაჭრით თქმა ძნელია, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ლიდერობს ბოტოქსის ინიექციები თვალისა და შუბლის ზონაში. ოდნავ ასაკოვანი მამაკაცები შუბლისა და თვალის ზონაზე ღარების შევსებას ითხოვენ, თუმცა მიმიკური ნაოჭი არ არის დამოკიდებული წლოვანებაზე, ამიტომ ახალგაზრდებიც იკეთებენ. 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ხშირია პლატიზმა, იოგების დაჭიმვის დროს მაკარონებივით გამოეყოფათ ზოლები და მათ იშორებენ. ეს ხუთწუთიანი პროცედურაა. ძალიან პოპულარულია პლაზმოლიფტინგი, რომელიც აახალგაზრდავებს კანს და კაპილარებს აშორებს. ხშირია თვალის ღარის შევსებაც.

ამ მთავრობის პოლიტიკოსებიდან არავინ მინახავს პროცედურებისთვის მოსული, თუმცა წინა მთავრობიდან დადიოდნენ, უცხოელებიდან უფრო თურქი და ირანელი მამაკაცები აქტიურობენ, ძალიან უვლიან თავს.