"პუტინი გაავებულია და მოქმედებაშია!" - როგორ ეხმაურებიან პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში - კვირის პალიტრა

"პუტინი გაავებულია და მოქმედებაშია!" - როგორ ეხმაურებიან პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების პირობები დაასახელა. რუსული მედიის ცნობით, ამის საფუძველი იქნება, თუ რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ იარსებებს.

"საქართველოში სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს და გაქრეს საფრთხეები ჩვენი მოქალაქეებისთის", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, გთავაზობთ სოციალური ქსელის პოსტებს:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "ერთ-ერთი რითაც ეს ხელისუფლება ამაყობდა, ეს იყო, რუსეთთან ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. ახლა ესეც თავზე ჩამოექცა თავისი გაუაზრებლოიბით.

ამიტომ არ უნდა მიება ეკონომიკურად ოკუპანტსს!"

მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი: "თორემ რუსი ტურისტებით რომ იყო სავსე საქართველო, იმიტომ ყვავოდა ჩვენი ეკონომიკა და ლარის კურსი ყოველდღე მყარდებოდა! აამუშავეს თავიანთი სიცრუის მანქანა! წარმოდგენაც არ მინდა, რომ არა ეს პროტესტი, ვინ ვიქნებოდით სხვა ქვეყნების თვალში! ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას!"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "რუსული მონაცემებით, საქართველოში დღეს 10000-ზე ნაკლები ტურისტია. მთელი სეზონის განმავლობაში ეს რიცხვი შეიძლება ერთი რიგით გაზრდილიყო. ეს, რა თქმა უნდა დანაკლისია, მაგრამ ჩემის აზრით, არა ისეთი დრამატული, როგორც ამას ხატავენ. იგივე ზღვის კურორტები მათ გარეშეც კარგად იყო ყოველთვის ათვისებული სომხური და აზერბაიჯანული მიმართულებებიდან. ახლაც ასე იქნება. კონკრეტული ბიზნესები, რომელთა ძირითადი მიმართულება რუსეთი იყო, დაზარალდებიან. თუმცა, ეს არ არის სისტემური დარტყმა. ასე, რომ წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ. მითუმეტეს, რომ ტურიზმი არ შეიძლება იყოს არც ერთი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტი, ზუსტად სხვადასხვაგვარი, მათ შორის პოლიტიკური რისკების გამო.

რუსული "დანაკლისი" ტურიზმში შესაძლებელია სრულად გადაიფაროს კამპანიით - "დაისვენე საქართველოში". ამ ფონზე, ასეთი კამპანია პატრიოტული მოტივებით სრულიად შესაძლებელია და საკმაოდ ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს. ირიბი პოზიტიური ეფექტი - ვალუტის გადინება არ მოხდება"

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "პუტინი გაავებულია და მოქმედებაშია!

ყველა ბერკეტის ამოქმედება დაიწყო! თბილისიდან სწრაფი, იმედიანი, პროაქტიული პასუხი ჭირდება და არა დუმილი!

პასუხი პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების დასაიმედებლად, ოპტიმიზმისთვის, და ასევე ოკუპანტისთვის!

პასუხი აბსოლუტურად სასწრაფო და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაგვაიმედოს, რომ:

პუტინის შანტაჟის არ ეშინია;

საქართველო მყარად დგას და სილას იქით გაულაწუნებს;

7, 10, 14 ან 41 პუნქტიანი გეგმა აქვს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების გასანეტრალებლად 1, 6, 12, 18-თვიან პერსპექტივაში;

სადღაც, რომელმე უბანზე გვაჩვენონ რომ უფიქრიათ, სატრატეგია შეუქმნიათ, მზად ყოფილან;

დღეს არ გაიგეს რომ თურმე რუსეთი ეკონომიკას პოლიტიკისთვის იყენებს; რუსული ბაზარი მხოლოდ პოლიტიკის ინსტრუმენტია და გეგმა დიდი ხანია მზად აქვთ;

ეს სწორედ ის მომენტია როდესაც ხელისუფლებამ ანტი-კრიზისული გეგმა უნდა დადოს, სტრატეგია დაგვანახოს! საერთოდ რომ არსებობს შეიმჩნიოს.

საკუთარ მოქალაქეებთან კრიზისის დროს ურთიერთობის სიბეცეს ორი დღეა გვაჩვენებენ;

ალბათ ეკონომიკაშიც იგივე გეგმა ექნებათ: აი ხომ ხედავთ გახვედით ქუჩაში და ლარი თავზე ჩამოგექცათო გვეტყვიან;

‼️გაგვაოცეთ აბა თქვენ იცით!!!"

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი:

"მაგარი ის კი არ იქნება აქ რუსმა ტურისტებმა რომ აღარ იარონ.

მაგარი იქნება პუტინის ბრძანების მიუხედავად მაინც რომ იარონ აქ. ეგ იქნება ჩვენი რბილი ძალის გამარჯვება.

ყველა ტურისტი გვინდა, რაც მეტი უკეთესი, ოღონდ დროა მომსახურების დონემ ისე აიწიოს რომ დასავლეთიდან უფრო მეტი ჩამოდიოდეს"

გიორგი მშვენიერაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა": "რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, არასდროს ყოფილა ეკონომიკური, რუსეთთან კულტურული ურთიერთობები, არასოდეს ყოფილა კულტურული, რუსეთთან სარწმუნოებრივი ურთიერთობები, არასოდეს ყოფილა სარწმუნოებრივი და ა.შ.

ნებისმიერი სახის ურთიერთობა რუსეთთან, მისი მხრიდან ყოველთვის გამოყენებული იყო, როგორც ჩვენი ერის რუსიფიკაციის იარაღი და თავისუფლების შესაზღუდი ინსტრუმენტი.

ამიტომ, ნაკლები ურთიერთობა მტერთან!"

იხილეთ ასევე: "პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია"