"ჩემი მშობლები სახლში რომ არ დაბრუნდნენ, მათ მოსაძებნად წავედი... ამ დროს დავინახე ერთ გოგონას თვალში როგორ მოხვდა რეზინის ტყვია" - კვირის პალიტრა

"ჩემი მშობლები სახლში რომ არ დაბრუნდნენ, მათ მოსაძებნად წავედი... ამ დროს დავინახე ერთ გოგონას თვალში როგორ მოხვდა რეზინის ტყვია"

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თვალებჩალურჯებული 18 წლის ახალგაზრდა შევნიშნე. ის საპროტესტო აქციის მონაწილე იყო და იქ ჰქონდა დაზიანება მიღებული. ძალიან ღელავდა, რადგან ძალოვნებს მამამისი ჰყავდათ დაპატიმრებული და მოსამართლეს მისი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების გადაწყვეტილება უნდა მიეღო. სასამართლოს ფოიეში ელოდა მამის პროცესის დაწყებას.

გიორგი შუბითიძე, 18 წლის: - 20 ივნისს ჩემი მშობლები იყვნენ აქციაზე. მე ტელევიზიით ვუყურებდი რაც ხდებოდა. სახლში რომ არ დაბრუნდნენ, მათ მოსაძებნად წავედი, რადგან ტელეფონზე ვერ ვუკავშირდებოდი. ბუნებრივია ვღელავდით მე და ბებია.ასევე განიცდიდა ჩემი 12 წლის ძმა. ბებო ძალიან რომ ანერვიულდა, მას მერე გამოვედი სახლიდან. ყველგან ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. ამ დროს გაზი უკვე გაშვებული იყო. ყველგან საშინელი სუნი იდგა, პირბადე მომცა უცხო ადამიანმა, ისევ გაუშვეს გაზის ბალონი. სუნთქვა მეკვროდა. მაინც ვეძებდი ყველგან ჩემებს, მაგრამ ვერ ვპოულობდი.

თან გამუდმებით ვრეკავდი მათ ტელეფონის ნომერზე. როგორც იქნა, დავურეკე, დედამ მითხრა, რომ პირველი გიმნაზიის კიბესთან ისხდნენ. როგორც კი მათთან მივედი, ისევ გაისროლეს ცრემლსადენი გაზი. მშობლებს ვუთხარი სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით სახლში. ამ დროს დავინახე გოგოს თვალში როგორ მოხვდა რეზინის ტყვია. წამებში დასისხლიანდა გოგო, სასწრაფოდ წაიყვანეს. ყველანი ვხედავდით იქ ყოფნა საშიში რომ იყო.

წავედით ერთი მიმართულებით, მაგრამ გზები ჩახერგილი იყო. პოლიციელებმა გვითხრეს აქედან ვერ გახვალთო, უკან გამოგვაბრუნეს, მერე თავისუფლების მოედნისკენ წავედით, გზადაგზა ვხედავდით ყველგან პოლიციელები იყო. თავიდან ჩვენ არავის მოგვდევდა, უფრო ახალგაზრდების ჯგუფს მისდევდნენ. ზოგი შარდენის გზაზე გარბოდა და მისდევდა კრიმინალური პოლიცია, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მათ ფორმა არ ეცვათ. ზოგი სხვა მიმართულებით გარბოდა. ზოგი სხვაგან. არ ვიცი რა დააშავეს და ასე გამწარებულები რატომ მისდევდნენ. ეს რომ დავინახეთ ვცდილობდით დროზე გავცლოდით იქაურობას, გაგვეჩერებინა ტაქსი, მაგრამ ისეთი ამბავი იყო, ეს ვერ მოვახერხეთ. ამ დროს გამოჩნდა დაბალი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც ჩემსკენ გამოემართა გინებით, ფორმა არ ეცვა... მეცა და შემაჯანჯღარა. მამაჩემმა დაიწყო ყვირილი, რას აკეთებ, ჩემი შვილიაო, ამ დროს მოცვივდნენ სხვები და დამაკავეს.

ამ ჯაჯგურში ძირს დავეცი, წაქცეულს თავი მაღლა ამაწევინეს, ამ დროს ის დაბალი პოლიციელი მოვიდა და სახეში, თვალის არეში, რაღაც ჩამარტყა. არ ვიცი ეს რა იყო, მუშტი არ იყო, არც იდაყვი. ვფიქრობ, რაღაც რკინის მაგვარი ჩამარტყა... დავვარდი, მერე წიხლებით შემდგნენ და ისე დამადეს ხელბორკილები. თან ცდილობდნენ მობილურის წართმევას, ვეხვეწებოდი არ წამართვათ, ბებომ მიყიდა-მეთქი. ამ დროს დავინახე დედაჩემი გულწასული იყო. მას ვინ გამაკარებდა. გადამიყვანეს საპატრულო მანქანაში. პარალელურად მამაჩემიც დააკავეს. პატრულის თანამშრომლებს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. ჩემი აზრით, ყველაზე ადეკვატურად იქცეოდნენ. ძალიან ნორმალურად მექცეოდა პატრული და მამშვიდებდნენ გზაში. გადამიყვანეს ვარკეთილში, დიდ შუშებიან შენობაში. იქ დაწერეს ჩემი დაკავების ოქმი, მაგრამ იმას ხელი არ მოვაწერე.

- რატომ? - იმ ოქმში ეწერა რომ თითქოს მე პოლიციელებს შევაგინე და მათ ხელით შევეხე. ეს არ ყოფილა, პირიქით მე ვიყავი მსხვერპლი და ამიტომ არ მოვაწერე ხელი ოქმს. გადაწყვეტილი იყო საგარეჯოს პოლიციის კაპეზეში წავეყვანეთ, რადგან თბილისში იმდენი ხალხი იყო დაჭერილი, ადგილები არ იყო. იქვე ვნახე რამდენიმე წუთით მამაჩემი, ისიც დაკავებული იყო და მიჰყავდათ მცხეთაში. მამაჩემს პატარა დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი.

- ბევრნი იყავით შენობაში? - ძალიან ბევრნი ვიყავით. ძირითადად დაზიანებები ახალგაზრდებს გვქონდა და უმრავლესობას სახეზე. ხელბორკილებით ვიყავით, საპატრულოს პოლიციელები ცდილობდნენ ყურადღება მოექციათ, ისიც ჩანდა, ბრძანებას ელოდნენ.

- როგორ გაგანთავისუფლეს? - რადგან თვალი დაზიანებული მქონდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ახლაც ხედავთ როგორ მაქვს ჩალურჯებული. ექიმებმა უთხრეს პოლიციელებს, რომ გადასაყვანი ვიყავი გამოკვლევაზე. პოლიციაში ბევრი იყო დაშავებული. მე და კიდევ ერთი ბიჭი, რომელსაც ჩემსავით თვალი ჰქონდა დაზიანებული, საავადმყოფოში გადაგვიყვანეს და მაშინ მომაწერინეს ხელი ხელწერილზე, რომ მომავალ დღეებში, როცა დამიძახებდნენ აუცილებლად გამოვცხადდებოდი სასამართლოში. ასე გადავურჩი პატიმრობას, თორემ ახლა მეც სხვებთან ერთად ვიქნებოდი განსასჯელის სკამზე. ის ბიჭიც არ დაუჭერიათ, ახლა აქ, სასამართლოზე შევხვდი შემთხვევით. მისგან გავიგე რომ ტელევიზიით უნახავთ დასისხლიანებული მის ძმას და ბიძაშვილს და სასწრაფოდ წამოსულან მის საძებნელად. სწორედ ამ დროს ძმა და ბიძაშვილი დააკავეს და ორივეს სასამართლო პროცესი იყო. მის ბიძაშვილს მოსამართლემ 13 -დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, მისი ძმის საქმე სხვა მოსამართლემ განიხილა უკვე საღამო ხანს და 7 - დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მამაჩემის დაჭერის ამბავს ბებოს ვერ ვეუბნებით. სავადმყოფოში ვიყავი დედამ რომ დამირეკა, მამიდასთან ვარო. ის გადაურჩა დაჭერას, ალბათ იმიტომ რომ ცუდად გახდა. მადლობა პატრულს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი აგრესიულ კრიმინალურ პოლიციაზე.

(სპეციალურად საიტისთვის)