პროფესია: სამსახურის მაძიებელი
01-11-2010
ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო: არა დიდი მეგაპოლისების, არა დიდი შოპინგმოლების, არც პატარა მაღაზიების, არც კაფეების და არც უამრავი ტრანსპორტის ეპოქაში. ეს იყო მაშინ, როცა სამყარო იყო ძალიან უბრალო, ყოველგვარი ზემოხსენებული "სამკაულისა" და "მაკიაჟის" გარეშე, სამყარო იყო შიშველი და იყო ზეზვა და იყო მზია. მათ უნდა მოეპოვებინათ პური არსობისა.

დღეს ამისთვის ჩვენ, პირველ რიგში, სამსახურის შოვნაზე უნდა ვიზრუნოთ, აი, მათ კი არ ჰქონდათ არანაირი პროფესია, არც დიპლომი, ატესტატიც კი არ ჰქონდათ.
ჰოდა, ასეთმა უდიპლომო ზეზვამ და მზიამ გამოსავალი მაინც იპოვეს: ზეზვამ მონადირის "პროფესია" შეითავსა, მზიამ - "შემგროვებლის". ასე მარტივად, ყოველგვარი უცხოური დიპლომის გარეშე იპოვეს სამსახური და გამოიგონეს უძველესი "პროფესიები".

ჩვენ კი ვამთავრებთ სკოლებს, უნივერსიტეტებს, გავდივართ ტრეინინგებს, ვსწავლობთ, ვსწავლობთ, ვსწავლობთ სულ...
და ასეთი ნასწავლები ვეძებთ სამსახურებს. გვგონია,
ჩვენი ნიჭისა და განათლების პატრონებს წინ ვერავინ და ვერაფერი დაგვიდგება, პირველ ცდაზევე გაგვიმართლებს, 1.000-ლარიანი სამსახური გვექნება, ძალიან მალე შეფი დაგვიბარებს და სამსახურებრივ წინსვლასაც მოგვილოცავს, ყოველი მაღალი საფეხური კი, აბა, ვინ არ იცის, რომ მაღალი ხელფასის პროპორციულია... ჩვენი ოცნების კოშკები სანამ ცას მიებჯინება, ჯობია, გამოვფხიზლდეთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ...


სამსახურის შოვნა


ა) ადვილია, თუ გყავს ნაცნობი (მაგალითად, ტელევიზიაში, უამისოდ უბრალო სტაჟიორადაც არავინ მიგიღებს) - ქართული სენი;
ბ) ძნელია, თუ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ. საკუთარი თავის იმედოსნები ზოგჯერ უმუშევრის სტატუსსაც ირგებენ და აქედან იწყება სამსახურის აქტიური ძებნა: აბა, ვის ხიბლავს ეს საშიში სიტყვა, უამრავი ცუდი ამბავი რომ მოჰყვება: ცარიელი საფულე, საყვედურები, ცოტაოდენი დეპრესია (როცა ჯერაც არ ხარ სტაჟიანი უმუშევარი), უამრავი თავისუფალი დრო, - კიდევ ბევრი რამ და ამ ბევრიდან კარგი არაფერი. და კიდევ, ფრაზა, რომელიც სულ მათთანაა: "გამოგზავნეთ ჩV და ერთი ფოტოსურათი".

ეს სამსახურის ელექტრონული ძებნის შედეგად გაზეპირებული სიტყვებია. საიტი კი არცთუ ისე ცოტაა, სადაც ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ: იქ ოფისის მენეჯერი სჭირდებათ, იქ - დამლაგებელი, აქ - იდუმალი მყიდველი...

დიახ, ასეთი პროფესიაც არსებობს. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მერე გავარკვიე, რომ კომპანიები ხშირად ქირაობენ "აგენტებს" საკუთარსავე კომპანიაში მომუშავე ადამიანების დასაზვერ-გასაკონტროლებლად. უმუშევრობა ამ პროფესიაზე, სავარაუდოდ, გათქმევინებს: "- რატომაც არა"...
ვაკანსიების მოძიებას მოჰყვება პირადი მონაცემების ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა, - გგონია, რომ მიზანთან ახლოს ხარ.

"მიზანთან ახლოს ვარ!" - ფიქრობ გასაუბრებამდე ოფისის კართან ატუზული.
"მიზანთან ახლოს ვარ!" - ფიქრობ მომავალ შეფთან დიალოგის პროცესში.
"მიზანთან ახლოს ვარ?" - ცოტა კი გაეჭვებს შეფის (თუ "საშეფოს") ღიმილით და შემპარავად ნათქვამი ერთი წინადადება: "თუ მუშაობის დაწყება გსურთ, გადაიხადეთ 25 ლარი (თანხა იზრდება ან მცირდება "საშეფოს" მადის მიხედვით)".

ძალიან გულუბრყვილო ამ თანხას მაშინვე გადაიხდის, მადლობასაც დაამატებს და უზრუნველი მომავლის წარმტაცი სურათიც გადაეშლება.
მეორე დღეს ჩვენი გულუბრყვილო მეგობარი სოლიდურად ჩაცმული დგას სამსახურის კართან, რომელსაც რატომღაც სულ სხვა წარწერა ამშვენებს: "სალონი" ან "კომპიუტერული კურსები", ან "ყვავილების მაღაზია"... და მომავლის ფერადი ფოტოსურათი წამსვე შავ-თეთრ შეფერილობას იძენს.
უსამსახურობის პერსპექტივა პროცენტულად იზრდება, თუ სამუშაო სტაჟი არა გაქვთ. ასეთ შემთხვევაში:

- აგიყვანენ სტაჟიორად და არც ერთ თეთრს არ გადაგიხდიან;
- აგიყვანენ სტაჟიორად და ფულს აქეთ გადაგახდევინებენ;
- ყურადღების ღირსადაც არ ჩაგთვლიან და არც თქვენ აღშფოთებას ჩააგდებენ რამედ (როგორ მექნება სტაჟი, თუ არ დამასაქმებთ?).
თუმცა, ძალიან იშვიათად, არსებობს ბედნიერი გამონაკლისიც: ხვდებით საჭირო დროს, საჭირო ადგილას, გაქვთ საკმარისი სტაჟიც  და განათლებაც, ამასთან - იღბალიც, იგივე "ზურგის ქარი" (თუნდაც - ნიავი). გილოცავთ, თქვენ ქართველ უმუშევართა რიგებს აღარ ამაგრებთ.

ძიების პროცესში ხშირად ოფისმენეჯერის ვაკანსიასაც გადააწყდებით. რა სჯობია ოფისის მენეჯერობას - ზიხარ თბილ ოფისში რბილ სავარძელში, არც ზამთარი გაშინებს და არც ზაფხულის ცხელი დღეები: კონდიციონერები ჩვენთვის სასურველ ტემპერატურაზე მუდამ ზრუნავენ. თქვენც სასწრაფოდ გზავნით ჩV-ის (მერე რა, რომ ვაკანსიაში კომპანიის დასახელება მითითებული არ არის, იქნებ გამორჩათ) და ფოტოს. რამდენიმე დღეში გირეკავენ და გილოცავენ, რომ სამსახურში უკვე აგიყვანეს, რადგან თურმე სასწაული მონაცემები გქონიათ და სწორედ ამ სამსახურისთვის ხართ შექმნილი. უნდა მიბრძანდეთ გასაუბრებაზე და პირადობის მოწმობაც თან იქონიოთ.

ასე მარტივად იშოვე სამსახური და შენც, რამდენიმედიპლომოსანი, ტრენინგოსანი, სერტიფიკატოსანი, ანუ საკმარისად განათლებული მეორე დღეს მიდიხარ დანიშნულების ადგილას და ხელში ფლაერებს გაჩეჩებენ, - უნდა გაავრცელო და ორმოცდაათ ლარსაც მიიღებ. გარეთ იხედები - წვიმს. თან მხრებზე (თუ თავში) დიპლომები, ტრენინგები და სერტიფიკატები გაწვება, ფლაერებს სახეში არ აყრი (კარგად ხარ აღზრდილი), მაგრამ უკან უბრუნებ და გარეთ ცივად გამოდიხარ.

ჯერ კიდევ ვერ იშოვეთ სამსახური? უკვე ახლოსაა საფრთხე, თქვენი პროფესია "სამსახურის მაძიებლის" ყველაზე მძიმე "პროფესიამ" ჩაანაცვლოს? თქვენკენ არც ზურგის ქარი უბერავს და არც სამუშაო სტაჟი გაგაჩნიათ? საძიებო საიტებზე განთავსებული ვაკანსიები კი დეპრესიაში გაგდებთ? საფულეში სიმბოლური ხუთი თეთრიც ("ბარაქას" რომ უწოდებენ) აღარ გაქვთ?

დროებით დაივიწყეთ დიპლომ-ტრენინგ-სერტიფიკატები, დაარიგეთ ფლაერები და ნუ შეუშინდებით უამინდობას!
იმუშავეთ სრული განაკვეთით და აიღეთ მინიმალური ხელფასი!
თქვენ ხომ ასეთი ჭკვიანები ხართ და გადასარევად იცით, რომ ეს მხოლოდ დროებითია. პარალელურად კი... სხვა სამსახური ეძებეთ, აბა, ვინ დატოვებს თქვენისთანა განათლებულ ადამიანს ფლაერების "მარადმწვანე" გამავრცელებლად?!

სალომე შენგელიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?