"კაცი, რომელიც მთებს ძრავს" - საბჭოთა პრესა საუკეთესო პროპაგანდისტული იარაღი იყო - კვირის პალიტრა

"კაცი, რომელიც მთებს ძრავს" - საბჭოთა პრესა საუკეთესო პროპაგანდისტული იარაღი იყო

"იმდროინდელ პრესაში ისეთ სახელ-გვარებსა და ბიოგრაფიებს ნახავთ, რომლებიც არაფერს გვეუბნება, მაგრამ იმ დროისთვის მოტივაცია იყო მოქალაქეებისთვის. აბა, რა იყო საბჭოთა სოციალისტური შრომის გმირობა, მკერდზე მიმაგრებული ვარსკვლავები, მედლები და ა.შ., რაც სტიმულს მატებდა ადამიანებს, ისე ეშრომათ, რომ მათზეც დაეწერათ"

"ბარაქალა მის ქალობას","ცეცხლთან და ლითონთან შეჭიდებული გმირი", "მარჯვე ხელები", "კაცი წავიდა, სახელი დარჩა", "მადლი შენ, ქვეყნის დედაბოძს" - რას ემსახურებოდა ამგვარი სათაურები და რა დატვირთვა ჰქონდა საბჭოთა პრესას, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის უმცროსი მკვლევარი, ისტორიკოსი ქეთევან სიხარულიძე მოგვითხრობს:

- ტოტალიტარულ რეჟიმში პროპაგანდას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, სწორედ პროპაგანდაზე დგას წყობის სიცოცხლისუნარიანობა. 1921 წლიდან პრესა წყობისთვის ყველაზე ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა, მისი მეშვეობით პოლიტიკური ელიტა კონკრეტულ მესიჯებს აწვდიდა საზოგადოების ფართო მასებს.

გასაბჭოების პირველ ეტაპზე საქართველოში არსებობდა ოპოზიციური პერიოდული გამოცემებიც, მაგალითად, "ტრიბუნა", მაგრამ ამგვარი გამოცემები მალევე დაიხურა და დარჩა მხოლოდ საბჭოთა ოფიციალური პრესა, რომელიც პოლიტიკურ და ყოფით მოვლენებს აშუქებდა. არსებობდა ასევე ლიტერატურული და სატირული პრესაც, მაგრამ ისიც ცენტრალურ კომიტეტს ექვემდებარებოდა.

თუ თვალს გადავავლებთ 1937 წლის "ლიტერატურულ საქართველოს", სტატიებს შორის ჭარბობს პარტიული ლიდერების წერილები, შუქდება მთავრობის საქმიანობა, პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები და გაცილებით მცირე ადგილი ეთმობა მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც, იმავდროულად, პროპაგანდისტული იყო და სახელმწიფოს პარტიულ ხაზს მიჰყვებოდა. საბჭოთა რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობდა, რაც შეიძლება ძლიერი გავლენა ჰქონოდა პრესაზე, მკაცრად გაეკონტროლებინა, რა დაიბეჭდებოდა.

- საბჭოთა პრესა გაჯერებული იყო აღმატებით ხარისხში აყვანილი მწველავებისა თუ მეჩაიეების მიღწევებით. - ამ სტატიებში ლაპარაკი იყო უბრალო ადამიანებზე. საქართველოს ისტორია მეფეების, მნიშვნელოვანი ფიგურების ისტორიაა, რომელშიც ასახული არ იყო რიგითი ადამიანების ამბები. ამის დანაკლისი ქართველი ხალხის კოლექტიურ ცნობიერებაში ნამდვილად არსებობდა და საბჭოთა წყობა ცდილობდა ეს სიცარიელე თავის სასარგებლოდ შეევსო. იმდროინდელ პრესაში ისეთ სახელ-გვარებსა და ბიოგრაფიებს ნახავთ, რომლებიც არაფერს გვეუბნება, მაგრამ იმ დროისთვის მოტივაცია იყო მოქალაქეებისთვის. აბა, რა იყო საბჭოთა სოციალისტური შრომის გმირობა, მკერდზე მიმაგრებული ვარსკვლავები, მედლები და ა.შ., რაც სტიმულს მატებდა ადამიანებს, ისე ეშრომათ, რომ მათზეც დაეწერათ.

პროპაგანდა მითურ გმირობებსაც ავრცელებდა ხალხში, რასაც შემდგომში გამოუჩნდნენ მიმბაძველები. გავიხსენოთ დონბასელი სტახანოვის მაგალითი. 1935 წლის 31 აგვისტოს დაფიქსირდა სტახანოვის რეკორდი - მან ცვლაში (5 საათი და 45 წუთი) 102 ტონა ქვანახშირი მოიპოვა, რითაც ნორმას 14-ჯერ გადააჭარბა. საბჭოთა პროპაგანდამ მოპოვებული ქვანახშირი მთლიანად სტახანოვს მიაწერა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად კიდევ ორი მაღაროელი მუშაობდა. იგივე შეიძლება ვთქვათ მეორე მსოფლიო ომის გმირ მატროსოვზეც, ის ზედ გადაეფარა ტყვიამფრქვევს. ესეც მითური ამბავია, მაგრამ ხალხში გავრცელების შემდეგ რამდენიმე საბჭოთა ჯარისკაცისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა.

გაზეთ "კომუნისტში" სოციალისტური შრომის გმირებს ცალკე რუბრიკა ეთმობოდა, სადაც ნაამბობი იყო მათი ისტორიები და ახლდა ფოტოებიც, იბეჭდებოდა სოციალისტური შრომის გმირთა ნეკროლოგებიც. სათაურები სასაცილოა: "ცეცხლთან და ლითონთან შეჭიდებული გმირი", "კაცი, რომელიც მთებს ძრავს", "ხალხის რჩეული - აი, როგორი უნდა იყოს იგი"...

საბჭოთა პროპაგანდა, ერთი მხრივ, ქმნიდა გმირების ისტორიას სოციალისტური შრომის გმირების სახით, მეორე მხრივ კი, გამუდმებით ებრძოდა ანტიპოდებს. მაგალითად, 20-იან წლებში სამიზნე სპეკულანტები იყვნენ, ანტირელიგიური კამპანიის დროს - სასულიერო პირები, 60-70-იან წლებში კომბინატორები და ე.წ. ცეხავიკები... კარიკატურებში სასულიერო პირებს, კომბინატორებს თუ დასავლელ კაპიტალისტებს ყოველთვის ჩასუქებულებს ხატავდნენ, სიმსუქნე მინიშნება იყო მათ მომხვეჭელობაზე, გაუმაძღრობასა და სიხარბეზე.

ცხადია, საბჭოთა კავშირშიც არსებობდა ანეკდოტები. იოსებ მჭედლიშვილის მოგონებებში გვხვდება 20-იანი წლების უცენზურო ანტისაბჭოთა ანეკდოტები. მაგალითად, ერთი სომეხი სულ საჯდომზე ხელებშემოლაგებული დადიოდა. რომ ჰკითხეს, რატომ დადიხარ ასეო, უთქვამს, სადაც ადგილი ნახეს, ყველგან ლენინის ძეგლი დადგეს და მეშინია, აქაც არ იპოვონ სიცარიელეო.