"მეუბნებოდნენ, დიდი ხანია, შვილი არ გვყავს, წაჩხური დაგვრჩა იმედად, მისმა ძალამ ძალიან ბევრს მისცა შვილიო" - კვირის პალიტრა

"მეუბნებოდნენ, დიდი ხანია, შვილი არ გვყავს, წაჩხური დაგვრჩა იმედად, მისმა ძალამ ძალიან ბევრს მისცა შვილიო"

წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ ახლა უკვე ბევრმა იცის. ამბობენ, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე ეს ტაძარი უშვილოთა ვედრებას ისმენს და შვილს ჩუქნისო. იმასაც ამბობენ, როცა საქართველოსკენ მომავალმა ანდრია მოციქულმა წაჩხურის აღმართზე აიარა, შეისვენა, ქვის ჯვარი აღმართა და წაჩხურიც ამ ჯვრის ადგილზე ააგესო. დიდ ხუთშაბათს, წაჩხურის აღმართს ასეულობით მლოცველი ფეხშიშველი მიუყვება, თან პაწაწინა აკვნები მიაქვთ იმის ნიშნად, რომ ღვთის ნაჩუქარ შვილს ღვთის სიყვარულით გაზრდიან.

პროფესიით იურისტმა, ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ წაჩხურში მოსულთა იმედიც და სევდაც ფოტოებზე იმგვარად აღბეჭდა, რომ უცხოელებსაც კი, რომლებმაც წაჩხურისა არაფერი იციან, თვალზე ცრემლი ადგებათ.

- წაჩხურის შესახებ, რა თქმა უნდა, მსმენოდა და ფოტოების გადასაღებადაც იმიტომ წავედი, მაგრამ მეგონა, იქ 100 კაცზე მეტი არ დამხვდებოდა, არადა, 3-4 ათასი დამხვდა, უმეტესობა - აკვნებით ხელში. არ ვიცი, ეს როგორ აღვწერო. თან ჩემი გერმანელი მეგობარი, ფოტოგრაფი ინეს მედენვალდი მახლდა. კაცი განსაკუთრებით მაშინ გაოცდა, როცა დალოცვისას ამდენმა ხალხმა აკვანი ერთად ასწია ცისკენ და მოძღვარმა ნაკურთხი წყალი ასხურა. ვერც ის და ვერც მე ცოტა ხანს სიტყვის დაძვრასაც ვერ ვახერხებდით.

იქ მოსულებს ვეკითხებოდი, წაჩხურში რატომ მივიდნენ. მეუბნებოდნენ, დიდი ხანია, შვილი არ გვყავს, წაჩხური დაგვრჩა იმედად, მისმა ძალამ ძალიან ბევრს მისცა შვილიო. ისეთებიც ვნახე, წინა წელს წაჩხურში შვილის სათხოვნელად რომ იყვნენ მოსული, ახლა კი უკვე ჩვილით მოვიდნენ. ჩემს ერთ ფოტოზე ერთ-ერთ ასეთ ქალს ცალ ხელში ბავშვი უჭირავს, მეორეში - მამალი, წაჩხურისთვის მორთმეული ძღვენი, თუმცა მე ძღვენით მოსვლა არ გამკვირვებია. წარმოშობით ქარელიდან ვარ, სადაც სარკის წმინდა გიორგის ტაძარია. ამ ტაძრის აშენება ხარებს უკავშირდება და ამის ნიშნად ზოგი ხარებითაც ადის სალოცავად.

ჩემს ფოტოებს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება. არ მეგონა, მაგრამ ამ ფოტოებს ზუსტად ისეთივე ემოცია მოჰყვა გერმანიაში, როგორიც მე გამიჩნდა წაჩხურობისას. ევროპაში არის ისეთი ხალხიც, შვილის ყოლას საჭიროდ რომ არ თვლის, მაგრამ ამ ფოტოების ნახვისას ცრემლს ვერავინ იკავებდა - სასწაულია ასეთი რწმენაო.

საქართველო ხომ სასწაულების ქვეყანაა! ჩემი ფოტოები ამაში ხშირად მარწმუნებს და დიდ სიხარულს მგვრის.

იხილეთ ასევე: უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ